საქართველოს სამხედრო ისტორია
მამია ალასანია

მამია ალასანია 1943 წლის 6 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში დაიბადა. ზუგდიდის პირველი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე გააგრძელა. 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა. მუშაობდა საქართველოს სსრ უშიშროების ორგანოებში მაღალ თანამდებობებზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალასანიამ, საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1992-93 წლებში იგი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით სამეგრელოში გაიგზავნა. უშიშროების პოლკოვნიკი ალასანია 1993 წელს 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სეპარატისტებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ტყვედ აიყვანეს და დახვრიტეს.

2017 წლის ოქტომბერში ნეშტის იდენტიფიცირებისა და თბილისში გადმოსვენების შემდეგ, მამია ალასანია თბილისში, ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

„ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ იმ გმირებს, ვინც თავისი სიცოცხლით მოგვცა შესაძლებლობა ვიცხოვროთ თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, ვაშენოთ ქვეყანა, რომელიც თავისი გმირების საქმეებსა და წარსულზე აფუძნებს თავის მომავალს, ვზარდოთ ახალი თაობა, რომლესაც ნათლად შეგვიძლია მივუთითოთ, რომ მათი წინაპრები ურთულეს პირობებშიც კი, არ კარგავდნენ სიმამაცეს, არ კარგავდნენ სამშობლოს სიყვარულს და არ ტყდებოდნენ ვერაგი მტრის წინაშე. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმში დაეცა არაერთი დიდი მამულიშვილი, რომელმაც მაშინდელი ომის წაგების მიუხედავად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს სიძლიერეს და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. მათი ნეშტები წლების განმავლობაში რჩებოდა მშობლიური აფხაზეთის მიწაში, თუმცა მოხერხდა ამ ადამიანების იდენტიფიცირება, გადმოსვენება და ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, მივაგოთ კიდევ ერთხელ პატივი მათ გმირობას“. - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2018 წლის 5 თებერვალს გამართულ ღონისძიებაზე, სადაც მამია ალასანიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები