საქართველოს სამხედრო ისტორია
შალვა ერისთავი

შალვა ერისთავი 1897 წელს დაიბადა. 1919 წელს სწავლა თბილისის სამხედრო სკოლაში დაიწყო, რომლის ორწლიანი კურსის დასრულების შემდეგ, ლეიტენანტის წოდება უნდა მიეღო. 1920 წლის ზაფხულში მონაწილეობდა ლაგოდეხში განლაგებული მეექვსე ქვეითი ათასეულის გაბოლშევიკებული ასეულის განიარაღებაში.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 18-24 თებერვალს, შალვა ერისთავი, სამხედრო სკოლის კურსანტებთან ერთად, თბილისის დაცვისთვის იბრძოდა. იუნკრებმა, 17 თებერვალს, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორის ტაბახმელას მონაკვეთი დაიკავეს. მოწინააღმდეგემ ამ მონაკვეთში შეტევა 19 თებერვალს დაიწყო, თუმცა 19-23 თებერვლის ბრძოლებში ქართული არმიის, გვარდიისა და სამხედრო სკოლის მებრძოლებმა მისი შეჩერება მოახერხეს.

გადამწყვეტი ბრძოლები თბილისის თავდაცვის ყველა სექტორში, მათ შორის ტაბახმელას მონაკვეთზე, 24 თებერვალს გაიმართა. თბილისის თავდაცვის ამ მონაკვეთზე, განსაკუთრებულ სტრატეგიულ წერტილს სიმაღლე 1046, იგივე სანგარი N4 წარმოადგენდა. დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ N4 სანგარზე რამდენიმე იერიში მიიტანა და ნაშუადღევს, ამ მონაკვეთზე, არმიის პირველი ათასეულის ასეულის თავდაცვითი ხაზი გაარღვია. მოწინააღმდეგემ სანგრის სამივე ზოლი დაიკავა და სანგრის უკან განლაგებულ ლეიტენანტ მესხიშვილის საარტილერიო ბატარეასთან გავიდა. არტილერისტები ხელჩართულ ბრძოლაში ჩაებნენ. ამ დროს, სანგრიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, იუნკერთა სამი ოცეული ისვენებდა. პოლკოვნიკმა ალექსანდრე ჩხეიძემ იუნკერთა სამი ოცეული, ოფიცრების - შავდიას, ხოშტარიას და ჩაჩუას მეთაურობით არტილერისტების დასახმარებლად და მე-4 სანგრის დასაბრუნებლად დაძრა. იუნკრებმა მოწინააღმდეგეს უკან დაახევინეს, თუმცა სანგრის დაბრუნება გართულდა, რადგან მოწინააღმდეგე სიმაღლეზე „მაქსიმის“ ტყვიამფრქვევით გამაგრდა და მოშიშვლებულ ველზე, იუნკრებს კონტრშეტევის საშუალებას არ აძლევდა.

შალვა ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ. კონტრშეტევას მის გარდა ორი იუნკერი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი.

როდესაც სიკვდილის პირას მყოფ ერისთავს სანიტრები მიუახლოვდნენ, იუნკერმა მათ უკანასკნელი სიტყვები შესძახა: ,,დადექ ვინა ხარ?“ და სული განუტევა.   პოლკოვნიკ ალექსანდრე  ჩხეიძის მოგონებით: ,,ამ ბრძოლაში იუნკრების რაინდობისა და მისი დიადი სილამაზის სამარადისო სიმბოლურ სურათად დარჩება, ტყვიამფრქვევეზე მწოლიარე, განგმირული შალვა ერისთავი“.  შალვა ერისთავი ვერის ძველ სასაფლაოზე, დღევანდელ ვერის ბაღში დაკრძალეს.

 

პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის მიერ დახაზული N4 სანგრის ბრძოლის სქემა.

 

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები