ქართველი სოციალ-დემოკრატი, ეროვნული საბჭოს, დამფუძნებელი კრებისა და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. დაიბადა 1883 წელს. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ჩაბმული იყო რევოლუციურ საქმიანობაში. ამავდროულად, იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისისა და ბორჯომის გამყოფილების წევრი. პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, ალქესანდრე დგებუაძეს, ვალიკო ჯუღელთან და ალექსანდრე მაისურაძის მხარდამხარ, დიდი წვლილი მიუძღვის სახალხო გვარდიის ჩამოყალიბებაში.
ალექსანდრე დგებუაძე ბრძოლის ველზე დიდი თავდადებით გამოირჩეოდა. იგი მონაწილეობას იღებდა, პირველი რესპუბლიკის მიერ წარმოებულ ყველა ომში და პირადი სიმამაცით, თანამებრძოლ გვარდიელებსც მაგალითს აძლევდა. 1919 წლიდან იყო სამხედრო საბჭოს წევრი, გვარდიის კვოტით.
საბჭოთა რუსეთთან 1921 წლის ომის დროს, მის შესახებ გენერალი კვინიტაძე წერდა - „ამ ომში იგი ორჯერ დაიჭრა, მაგრამ მწყობრიდან არ გამოსულა. დგებუაძე უბრალო მუშა იყო, მაგრამ საუკეთესო თვისებებით, მოვალეობის დიდი გრძნობით გამოირჩეოდა“.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ალექსანდრე დგებუაძე საქართველოში დარჩა. თავიდან დააპატიმრეს, მაგრამ ციხიდან მალევე გამოუშვეს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი დისკუსია, 1921 წლის ივლისში, საქართველოში ჩამოსულ იოსებ სტალინთან, რომელიც ნაძალადევის მუშათა სახლში მოხსენებით გამოვიდა. ქართველმა მუშებმა იოსებ ჯუღაშვილს ობსტრუქცია მოუწყვეს და არაერთხელ წყვეტინებდნენ სიტყვა. სტალინმა საკუთარი მოხსნება დიდი წვალებით ჩაამთავრა რა დროსაც, სიტყვა ალექსანდრე დგებუაძემ ითხოვა. მან განაცხადა, რომ სულ ახალი გამოსული იყო ციხიდან და ამ ისტყვის შემდეგ ისევ „ჩეკაში“ მოხვდებოდა, მაგრამ სათქმელი მაინც უნდა ეთქვა. დგებუაძემ საკუთარი გამოსვლა სტალინისადმი მიმართვით დაასრულა - „თუ კაცი ხარ კობა, ის რაც აქ ხდება და ნახე გადაეცი ყველაფერი ლენინს“. ამის პასუხად სტალინმა თქვა - „ამხანაგებო ჩვენ არ ვფიცავთ, რომ რუსეთის წითელი არმია მოვიყვანეთ საქართველოში“. დგებუაძემ უპასუხა - „თქვენ ამას არ ფიცავთ აქ ჩვენთან, ასეთ უტიფრობას ვერ გამოიჩენთ, რადგან ეს ხალხი თვითონ გებრძოლათ თქვენ და აბა როგორ შეგიძლიათ ამის დამალვა, მაგრამ თქვენ ამას უმალავთ რუსეთის და ევროპის მუშებს“. ალექსანდრე დგებუაძის პასუხზე ხალხმა ერთხმად დაიძახა: „ვებრძოდით, ვებრძვით და ვებრძოლებითო“.
ამ გამოსვლის შემდეგ, ალექსანდრე დგებუაძე მრავალჯერ დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1937 წლის 12 იანვარს, საბჭოთა ხელისუფლებამ მას სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯა და მალევე დახვრიტა.