საქართველოს სამხედრო ისტორია
განათლება

საქართველოს პირველ რესპუბლიკაში სამხედრო განათლებას საკმაოდ დიდი ყურადღება ექცეოდა. თბილისის სამხედრო სასწავლებელი 1919 წლის სექტემბერში დაარსდა, რომლის მიზანს ქართული შეიარაღებული ძალებისთვის უმცროსი ოფიცრებისა და ნაცვლების (სერჟანტების) მომზადება წარმოადგენდა. სკოლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორისა და პირველი ხელმძღვანელის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ჩანაფიქრის მიხედვით, ოფიცრების მომავალი თაობა ახალი ქართული არმიის ძირითადი ბირთვი უნდა გამხდარიყო, ამიტომ, სამხედრო საქმის სწავლებასთან ერთად, სკოლაში სამხედრო-პატრიოტულ აღზრდას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა.

იუნკერთათვის სწავლის ხანგრძლივობა 2 წლით განისაზღვრებოდა. პირველ წელს, კურსანტები საერთო თეორიულ სამხედრო კურსს გაივლიდნენ, ხოლო მეორე წელს,  სპეციალობების შესაბამისად დაიყოფოდნენ. შტატების მიხედვით, სკოლას  180 იუნკერი უნდა მიეღო (90-90 ორი წლის განმავლობაში): 120 ქვეითი ჯარისთვის, 30 არტილერიისთვის, 10 კავალერიისთვის, ხოლო - 20 საინჟინრო ნაწილების ოფიცერთა მოსამზადებლად. ნაცვალთათვის სწავლის ხანგრძლიობა 10 თვით განისაზღვრებოდა.

სამხედრო სასწავლებელს, სხვადასხვა პერიოდში, ხელმძღვანელობდნენ გენერალი გიორგი კვინიტაძე, გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და პოლკოვნიკი (შემდეგში პოლონეთის არმიის ბრიგადი გენერალი) ალექსანდრე ჩხეიძე.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დროს, სამხედრო სასწავლებელში, სიის მიხედვით, 183 იუნკერი ირიცხებოდა, რომელთა უდიდესმა  ნაწილმა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო. რუსეთთან ომის დროს იუნკრები, სხვა შენაერთებთან ერთად, თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორს იცავდნენ. მათგან ბრძოლაში დაიღუპნენ ალექსანდრე ახვლედიანი, პლატონ დოლიძე, შალვა ერისთავი, პავლე იაკობაშვილი, ლევან კანდელაკი, ოთარ ლორთქიფანიძე, მიხეილ ლოლუა, ილია და იოსებ ჯანდიერები. მტერთან  ბრძოლაში 43 იუნკერი დაიჭრა.

სამხედრო სკოლის გარდა, შეიარაღებულ ძალებში საავიაციო სკოლა ფუნქციონირებდა, რომელიც მფრინავებს და მფრინავ-მეთვალყურეებს ამზადებდა. არსებობდა, ასევე, მეტყვიამფრქვევეთა და საინჟინრო-სატექნიკო ძალების მებრძოლთა გადამზადების კურსები.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები