საქართველოს სამხედრო ისტორია
ერეკლე II-ის თოფი #2

მუზეუმის ძვირფასი ლითონების ფონდში დაცულია კიდევ ერთი საინტერესო, ქართულწარწერიანი თოფი. მთლიანი სიგრძე - 135 სმ, ლულის სიგრძე - 103 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 16 მმ. თავდაპირველად თოფი ძალიან იყო დაზიანებული, ამჟამად რესტავრირებულია.

 

 

ლულა შიდა სივრცით 7 წახნაგიანია, გარედან ნახევარი დაწახნაგებულია, ნახევარი - გლუვი. საფალიესთან, შუაწელზე და ლულის ტუჩთან მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. შუა წახნაგზე ხუთკუთხიანი დამღაა, სადაც არაბულად იკითხება: „ყამალა ჰაჯი მუსტაფა“. დამღის მარჯვენა და მარცხენა წახნაგებზე ქართული წარწერებია: „მტერ გძლევ აჯი მუსტაფით“; „მეფე ირაკლი ჭეშმარიტ შემწეობით“. ლულის კუდზე ორმწკრივად, ოქროზარნიშით შესრულებულია ქართული წარწერა: „მუხრან ბატონის ნიკოლოოზის ძეობით, ასალად მე...ყმხვდა ირაკლის აწე ღთისა მწეობით“. ლულა კონდახის ღარში ჩამაგრებულია ვერცხლის ოთხი სალტით. სამ მათგანზე დამღებია: მართკუთხედში რუსული ინიციალები „Е.Б.“ (ე. ბლუმბერგი - თბილისის საოლქო სასინჯი პალატის კონტროლიორი, 1843-1885 წწ.) და თარიღი - 1854, შემდეგ ვერცხლის სინჯის დამღა „84“ და ასევე მართკუთხედში წმინდა გიორგის გამოსახულება ჩარჩოში, ქვეშ თარიღით - „1854“ (ბლუმბერგის მოღვაწეობის პერიოდში, 1843-1867 წლებში, წმინდა გიორგი ჩარჩოში გამოისახებოდა, ხოლო 1867-1885 წლებში - ჩარჩოს გარეშე). დაზიანებული კონდახი (აკლდა ხის მოზრდილი ფრაგმენტი) აღდგენილია. ძვლის ინკრუსტაციას ვხვდებით ლულის კუდის გარშემო, სასხლეტ რკალსა და თასმის გასაყრელ ხვრელებთან. კონდახის ღარი ბოლოვდება რქის ფირფიტით, რომელსაც ზუმბოს ჩასადები ხვრელი აქვს. კონდახი ძვლის დუგლუგით ბოლოვდება, შეერთების ადგილზე მოცემულია ძვლითა და თითბრით ინკრუსტირებული სალტე. ჩახმახი სადაა და არ არის მორთული.

განვიხილოთ წარწერები: „მტერ გძლევ აჯი მუსტაფით“. აჯი მუსტაფა არის ჩრდილოკავკასიელი, უფრო ზუსტად, იარაღის დაღესტნელი (ხარბუკელი) ოსტატი. ეს სახელი ცნობილია XVIII საუკუნიდან და იგი XIX საუკუნის ეთნოგრაფიული მონაცემებითაც დასტურდება. აჯი მუსტაფას მიერ გაკეთებული ლულები იმდენად პოპულარული იყო, რომ ამ სახელით თავად თოფსაც მოიხსენიებდნენ ხოლმე. როგორც თოფის ლულაზე არსებული დამღა გვიდასტურებს, ის ნამდვილად აჯი მუსტაფას ეკუთვნის. მაშასადამე, გაირკვა წარწერის პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი ამბობს: „მეფე ირაკლი ჭეშმარიტ შემწეობით“, ე.ი. მტერო გძლევ აჯი მუსტაფის თოფით, მე, ანუ „მეფე ირაკლი“ ჭეშმარიტ შემწეობით, ანუ ღვთის შემწეობითო. წარწერა ნათლად გვეუბნება, რომ თოფი „მუსტაფა“ ერეკლე მეფის საკუთრება ყოფილა.

მეორე წარწერა შესრულებულია ლულის კუდზე: „მუხრან ბატონის ნიკოლოოზის ძეობით, ასალად მე...ყმხვდა ირაკლის აწე ღთისა მწეობით“. წარწერა, ჩვენი აზრით, გაცილებით გვიან უნდა იყოს შესრულებული. ამის ვარაუდის საშუალებას იძლევა ჩვენ მიერ განხილული ბაქარის თოფის მაგალითი, სადაც მთავარი წარწერები შესრულებულია ლულის ზედაპირზე, საფალიესთან ახლოს, ხოლო შემდგომდროინდელი წარწერები - ლულის კუდზე. საინტერესოა ისიც, რომ ბაქარის თოფზეც და ერეკლეს მოცემულ თოფზეც ნიკოლოზ მუხრანბატონია მოხსენიებული. ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკი (ბაქარის თოფზე) და ნიკოლოზ მუხრანბატონი ერთი და იგივე ბაგრატიონთა მუხრანული შტოს წარმომადგენელია.

თავად წარწერა გვეუბნება: „მუხრან ბატონის ნიკოლოზის ძეობით“, რაც უნდა ნიშნავდეს ნიკოლოოზ მუხრანბატონის ძეობას, ანუ დაბადებას. წარწერის მეორე ნაწილი კი ამბობს: „ასალად მე...ყმხვდა ირაკლის აწე ღვთისა მწეობით“, ე.ი. ნიკოლოზის დაბადებასთან დაკავშირებით ასლად (წილად) მე მხვდა ირაკლის (თოფი) ღვთის მწეობითო. შესაძლოა, თავად ერეკლემაც აჩუქა ეს თოფი რომელიმე მუხრანბატონს, რომლის ოჯახშიც ნიკოლოზი დაიბადა. ერეკლეს მეფობის პერიოდში კი მხოლოდ ერთი ნიკოლოზია დაბადებული, 1767 წელს, იოანე მუხრანბატონის ოჯახში. ეს ნიკოლოზი გახლავთ იმ ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ბაბუა, რომელმაც ბაქარის თოფი შეავერცხლინა და საკუთარი სახელიც დააწერინა. მიუხედავად იმისა, სწორია თუ არა გამოთქმული ვარაუდი, ერთი რამ მაინც უდაოა, ერეკლეს ეს თოფი, მოგვიანებით, ნამდვილად მუხრანბატონების ოჯახში მოხვდა, სადაც ლულის კუდზე ზემოთ აღნიშნული წარწერა დაემატა და რესტავრაცია ჩაუტარდა. რესტავრაციის კვალს ადასტურებს ვერცხლის ფირფიტებზე დასმული დამღები, რომლებიც 1854 წლით თარიღდება. თუ გამოთქმული ვარაუდი სწორია და როგორც ბაქარის თოფი, ასევე ერეკლეს თოფიც ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკის ოჯახში მოხვედრილა, მაშინ გამოდის, რომ ნიკოლოზს შესავერცხლად და სარესტავრაციოდ სამი წლის სხვაობით მიუტანია ოსტატთან, ჯერ „ბაქარის თოფი“, 1851 წელს და შემდეგ - „ერეკლეს თოფი“, 1854 წელს.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები