საქართველოს სამხედრო ისტორია
ზოგადი მიმოხილვა

ქართულ ენაში საბრძოლო იარაღის ზოგადი სახელი, თავდაპირველად, „ჭურჭელი“ და „ჭური“ იყო, რომელიც „საჭურველმა“ ჩაანაცვლა. XII საუკუნის მეორე ნახევარში, „საჭურველი“ „აბჯარმა“ შეცვალა, ხოლო XIII-XIV საუკუნეებში, შემოდის ტერმინი „იარაღი“, თავისი ფართო მნიშვნელობით.

შეიარაღება, ზოგადად, ორ დიდ ჯგუფად იყოფა – შემტევ და თავდაცვით იარაღებად, რომლებიც ისტორიის მსვლელობისას ყოველთვის ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს: ახალი ტიპის იარაღი თავდაცვითი აღჭურვილობის ახალ ტიპს წარმოშობდა და პირიქით.

იარაღის ინდუსტრია წარმოების ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მოწინავე დარგია სახელმწიფოში. მასში თანადროული ეპოქის ტექნოლოგიური და მატერიალური განვითარების დონე აისახება. უახლეს ტექნიკურ მიღწევებს, პირველ რიგში, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის დამზადების დროს იყენებდნენ. იარაღისა და აბჯრის ტიპს დიდად განაპირობებს წარმოების განვითარების დონე, მეურნეობის ტიპი და სხვა ფაქტორები. კარგი შეიარაღება, მაღალი ხარისხის თავდაცვითი აღჭურვილობა და ლითონის აბჯრის დიდი წილი, მებრძოლების იარაღით უზრუნველყოფაში ფეოდალური საქართველოს საკმარის შესაძლებლობაზე მიუთითებდა.

მაღალი ხარისხის თავდაცვით აღჭურვილობას არაერთგზის უხსნია პატრონი სიკვდილისგან: „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, 1578 წელს, ლალა ფაშას შემოსევისას არჩილ მუხრანბატონის ძის, ერეკლესათვის „ცხენი ქუეშ გამოეკლათ მისთჳს, თექუსმეტი მუზარადს ჰქონდა ნაკრავი ისარი, ორმოცამდი აგრევე ჯაჭუს. და ვერც ჯაჭჳდა ვერც მუზარადი ვერ გაეკუეთა, ერთი ჴრმალი ხანჯარს სცემოდა, ხაჯრის ტარი ზედ დაეჭირა“.

ქართული თავდაცვითი საჭურველის სიკეთე კარგად ჩანს 1478 წლით დათარიღებული წყაროდან, სადაც ავთანდილ ზედგინიძე ბრძოლაში მეფე გიორგი VIII-ის გადარჩენის ამბავს მოგვითხრობს: „ოცდაოთხი [შუბი] და ისარი და ხრრმალი მესო, ისეთმან წამოვიყვანე“ გიორგი მეფე ომიდანო. ზედმეტია იმ აბჯრის ხარისხზე ვილაპარაკოთ, რომელმაც 24 დარტყმას გაუძლო.

საჭურვლის დამზადება, საჭირო ნედლეულის გარდა, შესაბამის ტექნოლოგიურ ცოდნას და მეიარაღის ოსტატობას მოითხოვდა. ხარისხიანი იარაღი, ყოველთვის, ყველა ეპოქაში, ძვირი ღირდა.

იარაღი ერის კულტურის ნაწილია. შეიარაღების და სამხედრო საქმის შესწავლა საშუალებას გვაძლევს ერის მატერიალურ ყოფაზე, სამჭედლო და საიუველირო ხელობის შესაძლებლობებზე, ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარების დონეზე ვიმსჯელოთ. შეიარაღების კომპლექსის შესწავლა ინფორმაციას გვაწვდის სამხედრო საქმისა და სამხედრო ხელოვნების განვითარების დონის შესახებ, რომელიც, თავის მხრივ, საზოგადოების ეკონომიკური პოტენციალით არის განპირობებული და დიდწილად განსაზღვრავს მისი სოციალური და პოლიტიკური ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

 

 

უკლებლივ ყველა წერილობითი წყარო, ადგილობრივიც და უცხოურიც, რომელიც ქართველი მებრძოლების შეიარაღებას აღწერს, ადასტურებს, რომ ისინი კარგად იყვნენ აღჭურვილი. ქართული წყაროებისთვის ჩვეული იყო სრულად შეჭურვილი მეომრის მოხსენიება, მაგალითად ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის „ომაინიანის“ მიხედვით: „ესრე შეჭედილი არის, რომე არცა თუნდა ფრჩხილი უჩანს“; „კაცი და ცხენი შავი რკინითა ესე შეჭედილი იყვნეს, რომ ბეწვი კაცს არ უჩნდა“. უცხოელი ავტორები - მიხეილ ატალიატე, არისტაკეს ლასტივერტეცი, კრისტოფორო კასტელი, არქანჯელო ლამბერტი, ჟან შარდენი, ჟან ბატისტ ტავერნიე, ჰასან რუმლუ, ევლია ჩელები და სხვები, ქართველ მეომართა კარგ აბჯარასხმულობას და იარაღის ფლობის ოსტატობას ყოველთვის აღნიშნავდნენ.

თავდაცვითი საჭურველი მებრძოლის პანოპლიის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და მისი განვითარების დონით და ფორმით შესაძლებელია საზოგადოების სამხედრო, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების მრავალ ასპექტზე მსჯელობა.

ქართული თავდაცვითი აღჭურვილობა:

  • მუზარადი - სეგმენტური, კონუსური და სფეროკონუსური ზუჩი, ჩაბალახი, ჩაჩქანი, რკინის ქუდი;
  • სხეულის აბჯარი - ქერცლოვანი, ლამელარული, ლამინარული აბჯარი, ჯაჭვის პერანგი, პოლოტიკი, ბეგთარი, ჩარ-აინა, ქსოვილის აბჯარი);
  • კიდურების დაცვითი საშუალებები: ქვედა კიდურების - კრემასმატა, საბარკული, სამუხლე, საწვივე, მოგვი;
  • ზედა კიდურების - ქაფი, სამკლავე, ხელთათმანი;
  • ფარი.

შეტევითი იარაღი გამიზნულია მოწინააღმდეგის დასაზიანებლად შორ და ახლო მანძილზე და ხელჩართულ ბრძოლაში. იგი აერთიანებს:

  • პოლიფუნქციურ იარაღს, მკვეთავ (მჩეხავი, მჭრელი და მჩეხავ-მჭრელი) და მჩხვლეტავ, დაზიანებით იარაღს (მახვილი, პალაში, მოხრილი ხმალი);
  • მონოფუნქციურ იარაღს, მჩეხავ (ცული), მჩხვლეტავ (შუბი) და დარტყმით (ლახტი, საბრძოლო ჩაქუჩი) დაზიანებით და დისტანციურ (სასროლ და სატყორცნ) იარაღს;
  • ხელჩართული ბრძოლის საშუალებებს: საძგერებელი იარაღი (ჰოროლი, შუბი, გმური, გეონი, ხიშტი, კინენი), სატყორცნ-საძგერებელი (სათხედი, ზუფანი);
  • მკვეთელ იარაღს: ხმალი (მახვილი, პალაში, მოხრილი ხმალი), მოკლეპირიანი იარაღი (სატევარი, დანა, დაშნა), ცული;
  • დასარტყმელ (საცემ) იარაღს: ლახტი, გურზი;
  • დისტანციური ბრძოლის იარაღს: მშვილდ-ისარი, შურდული.

კავკასიაში არსებული ბუნებრივი რესურსები იარაღის ინდუსტრიისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ჩვენი რეგიონი ოდითგანვე იყო მეტალურგიის უმნიშვნელოვანესი კერა. ადგილობრივი მეტალურგიული ბაზა ქართველ მჭედლებს მაღალი ხარისხის ლითონს აწვდიდა და დიდწილად განაპირობებდა მათ მიღწევებს იარაღის დამზადების და ფოლადის წრთობის საქმეში. აღმოსავლურ და მათ შორის, ქართულ მეტალურგიას თვალსაჩინო მიღწევები ჰქონდა მაღალხარისხოვანი ფოლადის მიღებასა და დამუშავებაში.

საქართველოში ფოლადის წრთობის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენებოდა. მათგან ორს ვახტანგ VI 1712-36 წლებში შედგენილ ნაშრომში აღწერს. ერთი მეთოდის მიხედვით, ლითონს ორგანულ ნივთიერებებთან (ტყავის ნაცართან და რქის ნაფხეკთან) ერთად დახურულ კონტეინერში, მაღალ ტემპერატურაზე ადნობენ. ორგანული ნივთიერება ლითონში ნახშირბადის მაღალ შემცველობას განაპირობებდა, პატარა კონტეინერში დნობა კი – ჰომოგენური ლითონის მიღებას. ეს მეთოდი ჰგავს ტიგელში ფოლადის გამოდნობის ინდურ მეთოდს, მხოლოდ თიხის ჭურჭელის ნაცვლად, ლითონს თიხითმოლესილ რკინის კოლოფში ადნობენ.

მეორე მეთოდის დროს ლითონის ზედაპირის გაფოლადება ორგანულ არეში წრთობით ხდებოდა, (ე.წ. ზედაპირული ცემენტაცია), რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ლითონის დანახშირბადებას. ამ დროს, გახურებისას, რკინის ზედაპირის ნახშირბადით გამდიდრება და გაფოლადება ხდებოდა. მეთოდის გამოყენებით შესაძლებელი იყო რკინის იარაღისთვის ფოლადის მჭრელი ფხის გაკეთება და მისი ზედმეტი სიმყიფის თავიდან აცილება.

კავკასიური იარაღის რუსი მკვლევარები რივკინი და პინჩო ქართველი მჭედლების მიერ ტალღოვანი ფოლადის იარაღის დამზადების უნარს მაღალ შეფასებას აძლევენ. ავტორები თვლიან, რომ სხვა კავკასიური იარაღისგან განსხვავებით, მხოლოდ ქართულ იარაღში გვხვდება უნიკალური სახის ჯავარის ნაყში, რაც ნამდვილი „ბულატის“ ადგილობრივ გამოდნობაზე მოწმობს. უმაღლეს ოსტატობად ითვლებოდა ჯავარის დამზადება მაღალკონტრასტული, შავ-თეთრი გამოსახულებით, რომელიც არაპარალელური, წვრილი, მაგრამ კარგად გასარჩევი ხაზებისგან შედგებოდა, რაც უფრო რთულ სურათს ქმნიდა. კავკასიაში ასეთ ხელოვნებას მხოლოდ საქართველოში ფლობდნენ.

ტალღოვანი ფოლადის მისაღებად საქართველოში უფრო ხშირად სხვა, ასევე საკმაოდ რთულ, მეთოდს მიმართავდნენ, რომელიც „შედუღებული დამასკოს“ სახელითაა ცნობილი. ამ დროს, სხვადასხვა ქიმიური შემადგენლობის მქონე ფოლადის რამდენიმე ნაჭერს ერთად შეადუღებდნენ, გადაგრეხდნენ და გამოჭედავდნენ, რის შედეგადაც, იარაღის ზედაპირზე, რელიეფური გამოსახულება მიიღებოდა. ამ გზით, საქართველოში, ძალიან მაღალი ხარისხის ე.წ. დამასკურ ფოლადს იღებდნენ.

 

 

საქართველოში არსებული მრავალფეროვანი ლითონის მადანი, ხე-ტყისა და წყლის რესურსები ქმნიდა შესაბამის მატერიალურ ბაზას მძიმე შეიარაღებისთვის. ქართული მეტალურგია და ქართველი მჭედელი საუკუნეების განმავლობაში ამარაგებდა ქართველ მებრძოლს პირველხარისხოვანი იარაღითა და აბჯრით და ყოველთვის განაპირობებდა ქართული ლაშქრის მაღალ დონეზე აღჭურვას, შეტევითი და, რაც მთავარია, თავდაცვითი იარაღით, რომელიც ყველაზე მეტი ოდენობის ნედლეულს მოითხოვდა.

ქართულ შეიარაღებაზე და ზოგადად, ქართული იარაღის განჯგუფების წესზე საუბრისას, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების და მეცნიერების სულხან-საბას ორბელიანის, ვახუშტის ბატონიშვილის და ივანე ჯავახიშვილის დამსახურება. მათ ქართული იარაღების ჩამონათვალი (ტერმინები) შემოგვინახეს, შეძლებისგვარი განმარტებებით, იარაღები გარკვეულ სისტემაში მოაქციეს და წერილობითი წყაროების მითითებით, მათი ქართულ რეალობაში არსებობა და ზოგიერთი მათგანის ქართული ფესვები დაასაბუთეს. შემდეგი პერიოდის მეცნიერებმა (გიორგი ჩიტაია, ვასილ ელაშვილი, სერგი მაკალათია, თედო სახოკია, კონსტანტინე ჩოლოყაშვილი და სხვ.), ქართული ეთნოგრაფიული მასალის შესწავლის საფუძველზე, გაამყარეს და დაადასტურეს მათი წარმომავლობა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები