საქართველოს სამხედრო ისტორია
მეფე არჩილის თოფი

არჩილ ბაგრატიონი (1647-1713 წწ). მეფე-პოეტი. ვახტანგ V შაჰნავაზის და ყაფლან ბარათაშვილის ასულის, როდამის უფროსი ძე. არჩილი მეფობდა იმერეთში - 1661-1663 წლებში, კახეთში (შაჰ-ნაზარ-ხანი) - 1664-1675 წლებში, ისევ იმერეთში - 1678-1679, 1690-1691, 1695-1696 და 1697-1698 წლებში.

 

 

თოფის მთლიანი სიგრძე  - 146 სმ, ლულის სიგრძე - 114 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 15 მმ. თოფი შედგება ლულის, ჩახმახისა და კონდახისაგან. ლულა შიდა სივრცით გლუვია, გლუვლულიანი. ზედაპირზე კი გამოყოფილია ოთხი ორნამენტირებული მონაკვეთი, რომლებიც სხვადასხვანაირი მორთულობით ხასიათდება. პირველის სიგრძე, საფალიესთან, 10 სმ-ია, გლუვზედაპირიანი, მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. მეორის სიგრძე 28 სმ-ია, დაწახნაგებული (10 წახნაგი), ზედა წახნაგზე შეიმჩნევა, ასევე, ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტები. მესამის სიგრძე 57 სმ-ია, ასევე ათწახნაგაა, მეორე და მესამე მონაკვეთების წობოები ერთმანეთს არ ემთხვევა. მეოთხის სიგრძე - 19 სმ-ია და შეისრული, რელიეფური ორნამენტებითაა მორთული, ლულა გველის თავით ბოლოვდება. გამოკვეთილია გველის ზედა და ქვედა ყბა, აქცენტირებულია ასევე თვალები, შუბლზე სამიზნეა (კორა) განთავსებული. გველის თავი ოქროზარნიშით შესრულებული ქერცლისებური ორნამენტებითაა მორთული, რაც ხაზგასმით მიუთითებს, რომ ცხოველის თავი ნამდვილად გველია (ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, დამოწმებულია თოფი „გველისტუჩა“). საფალიესთან, ლულას აქვს შეისრული ფორმის მეორე სამიზნე, ერთი ნახვრეტით. ლულის მარჯვენა მხარეს მოცემულია საფალიე დაფა (დენთისთვის) და საფალიე ნახვრეტი. ლულა ზის კონდახის ხის ღარში, რომელიც ძალიან დაზიანებულია, გახეთქილია სიგრძეზე და ერთი ნაწილი დაკარგული აქვს. კონდახის ღარზე რომბის ფიგურებია ამოკაწრული. კონდახი და ღარი ერთი მთლიანი ხისგანაა დამზადებული. კონდახს აქვს ბრტყელი და ოთხწახნაგა ფორმა. თოფს აქვს ჩახმახი, რომელიც ბერკეტის სახითაა წარმოდგენილი და ასო „შ“-ს ფორმისაა. დამზადებულია თითბრისაგან. სასხლეტი ბოლოვდება დაფანჯრული მართკუთხა ფორმით, ხოლო საფალიე (საფითილე) ნაწილი ცხოველის თავის ფიგურით. ცხოველის თავი გველს მოგვაგონებს, მაგრამ დრაკონსაც წააგავს. ლულა გველის თავით ბოლოვდება, ამიტომ ჩახმახის ცხოველიც უფრო გველი უნდა იყოს, ვიდრე დრაკონი. თოფის მარცხენა მხარეს მოცემულია თასმის გასაყრელი რგოლები, რომლებიც ლითონის სამსჭვალებზეა დამაგრებული, აღნიშნული სამსჭვალებით ლულა ჩამაგრებულია კონდახის ღარში.

არჩილის თოფი საქართველოში ცნობილი თოფი „გველისტუჩაა“, რომელიც დასტურდება როგორც წერილობითი წყაროებით, ასევე ეთნოგრაფიული მასალით. მაგალითად, თოფი გველისტუჩა ნახსენებია ისტორიკოს პლატონ იოსელიანის მიერ: როდესაც გიორგი XII-ის ძე „მემკვიდრე დავით და ბიძა მისი ვახტანგ წარვიდნენ რუსეთად 18 თებერვალსა 1803 წელსა. მისრულთა მცხეთას მოეგებნენ შიომღვიმისა ბერნი და მათ უბოძა თოფი თვისი „გველტუჩა“, რათა დასდვან უდაბნოსა და გაემგზავრა“.

როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, მსგავსი თოფები ოსმალური წარმომავლობისაა და XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ასეთი თოფები ნამდვილად სამეფო იარაღია, რასაც იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის ელჩების მიერ, 1658 წელს, რუსეთის მეფის ალექსი მიხეილის ძისადმი მიძღვნილი თოფი „გველისტუჩა“ ადასტურებს.  

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები