საქართველოს სამხედრო ისტორია
სოლომონ II-ის თოფი

სოლომონ II, გამეფებამდე დავით არჩილის ძე, სოლომონ I-ის ძმისშვილი. დედა, ელენე - ერეკლე II-ის და დარეჯანის ასული. დაიბადა 1772 წელს, გარდაიცვალა 1815 წლის 7 თებერვალს, ტრაპიზონში. იმერეთის მეფე 1789-1810 წლებში. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. ხსენების დღე: ძველი სტილით 7 თებერვალი, ახალი სტილით - 20 თებერვალი.

 

 

თოფის მთლიანი სიგრძეა 147 სმ, ლულის სიგრძე - 114 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 16 მმ. დამასკური ფოლადის ლულა გარედან რვაწახნაგიანია, შიდა სივრცით - 7 ღარიანი. საფალიესთან და ლულის ტუჩზე ოქროზარნიშით შესრულებულია გეომეტრიული ორნამენტები, რომელიც ძალზე დამახასიათებელია ყირიმული ლულებისთვის. ლულის ზედა წახნაგზე ოსტატის ხუთკუთხიანი დამღაა, სადაც იკითხება არაბული წარწერა სამ მწკრივად: „ყამალა ჰაჯი მუჰამადი“, რაც ნიშნავს: „გააკეთა (იმუშავა) ჰაჯი მუჰამადმა“. აღნიშნული ოსტატი, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, ყირიმული წარმომავლობის უნდა იყოს. ლულა კონდახის ღარში ვერცხლის ოთხი სალტითაა ჩამაგრებული, ორ სალტეზე უცნობი ქართველი ოსტატის დამღებია. წრეში ქართული ასოები - „დათი“ იკითხება. ჩახმახის მთლიანი ზედაპირი ოქროზარნიშით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტებითაა მორთული. კონდახი და ღარი დამზადებულია კაკლის ხისაგან, სამ ადგილას შეინიშნება ღარის გადაბმის ადგილები, ღარის ბოლო დახეთქილია. კონდახი ბოლოვდება ძვლის დუგლუგით, ძვლისა და ხის შეერთების ადგილზე გადაკრულია ვერცხლის მოსევადებული ყვავილოვან ორნამენტიანი ფირფიტა. კონდახი შეჭედილია მოსევადებული ვერცხლის ოთხი ფირფიტით. ზედა ფირფიტაზე, რელიეფურად, გამოსახულია სევადით მორთული ქართული წარწერა - „ს.დ. (სრულიად მ.ქ.) იმერთა. მეფე. სოლომონის. ვარ“. 

თოფი ქართული „ხირიმია“, ლულა ყირიმულია და აწყობილია საქართველოში. ლულის წარმომავლობა ორნამენტიკით, დამზადების ტექნიკით და ლულაზე შესრულებული დამღით ზუსტდება.

დასაზუსტებელია, ვინ იყო ამ იარაღის პირვანდელი პატრონი, სოლომონ I თუ სოლომონ II. თოფის წარწერაში ნახსენებია „სდ იმერთა მეფე სოლომონი“. თოფი თავდაპირველადვე სოლომონ II-ის რომ ყოფილიყო, წარწერაში მას აუცილებლად მიუთითებდნენ. ამიტომ, აღნიშნული თოფის მფლობელი, შესაძლოა, სოლომონ I ყოფილიყო და არა სოლომონ II, როგორც ეს ათეული წლის განმავლობაში იყო მიჩნეული და სამუზეუმო ექსპოზიციაშია მითითებული. დასაშვებია, რომ იმერეთის სამეფო გვირგვინთან ერთად, სოლომონ II-მ ეს თოფიც მემკვიდრეობით მიიღო. ამ ლოგიკით, გასაგებია აღნიშნული იარაღის „სოლომონ II-ის თოფად“ მოხსენიება, თუმცა მისი პირვანდელი პატრონის მივიწყებაც დაუშვებელია. იარაღების ისტორიაში, თითქმის ყოველთვის, მემორიალური იარაღი პირვანდელი პატრონის სახელით მოიხსენიება. ამის ნათელი მაგალითია „ბაქარის თოფი“, რომელმაც, 200 წლის მანძილზე ხუთზე მეტი მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ მაინც „ბაქარის თოფის“ სახელითაა ცნობილი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები