საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი XII-ის თოფი

მეფე გიორგი XII, ერეკლე II-ის ძე. დაიბადა 1746 წლის 10 ოქტომბერს, გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (1798-1800 წწ.). გიორგი XII-ის გარდაცვალების შემდეგ, ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიამ 1801 წელს გააუქმა.

 

 

„გიორგი XII-ის თოფის“ სიგრძე - 148 სმ-ია, ლულის სიგრძე - 115 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 16 მმ. ლულა შიგნიდან რვაღარიანია, გარედან ნახევარზე - დაწახნაგებული, ნახევარზე - გლუვი, საფალიესთან, შუაწელზე და ლულის ტუჩთან, ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებითაა მორთული. საფალიესა და ლულის ტუჩთან სპარსული წარწერებია: საფალიესთან - „ყარიმ გირეი ხან“, ხოლო ლულის ტუჩთან ეს წარწერა გრძელდება - „იბნ დოვლათ გირეი ხარნ“. წარწერა ქართულად ასე ითარგმნება - „ყარიმ გირეი ხანი ძე (შვილი) დოვლათ გირეი ხანისა“. ლულა კონდახის ღარშია ჩამაგრებული, ორნამენტირებული ვერცხლის ოთხი სალტით. კონდახი და ღარი არ არის ერთი მთლიანი ხის მასა, ორგან გადაბმის ადგილები შეინიშნება, დაზიანებულია, ღარი ბოლოვდება ვერცხლის ფირფიტით. თოფს აქვს ხის ზუმბა (ლულის საწმენდი მილი), რომელიც თავსა და ბოლოში რკინითაა გაწყობილი, ჩახმახი სადაა და არ არის მორთული, კონდახი მთლიან სიგრძეზე მოსევადებული ვერცხლის ოთხი ფირფიტითაა შეჭედილი, შევერცხლილია ასევე ლულის კუდი, სასხლეტი რკალი და თასმის გასაყრელი ხვრელები. კონდახი ძვლის დუგლუგით ბოლოვდება, რომელიც დაზიანებულია.

მეფე გიორგი XII-ის თოფს ლულის კუდზე ამშვენებს ოქროზარნიშით შესრულებული ქართული წარწერა - „ქ. მეფის ძეს გიორგისა ვარ“. როგორც წარწერიდან ირკვევა, იგი გიორგის XII-ის გამეფებამდე, ანუ 1798 წლამდე უნდა იყოს შესრულებული. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ერეკლე II-ის ძე გიორგი, მეფედ კურთხევამდე, ყოველთვის მოიხსენიება, როგორც „მეფის ძე გიორგი“, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ თოფი გიორგი XII-ის კუთვნილებად მივიჩნიოთ. გარდა ამისა, ამ მოსაზრებას ამყარებს თოფზე არსებულ სპარსულ წარწერაში მოხსენიებული ყა(ი)რიმ გირეი ხანის მოღვაწეობის პერიოდიც, რომელიც ყირიმის სახანოს განაგებდა 1756-1764 და 1768-1769 წლებში და ეს სპარსული წარწერაც ამავე პერიოდში უნდა იყოს შესრულებული. როგორ მოხვდა ყირიმ გირეი ხანის თოფის ლულა საქართველოში და შემდეგ მეფის ძის ხელში, ძნელი სათქმელია. ერთი კი ფაქტია, ყირიმული ლულა ნამდვილად XVIII საუკუნის II ნახევარით თარიღდება და, სავარაუდოდ, 1770 წლიდან 1798 წლამდე უკვე საქართველოშია, სადაც მისი მფლობელი, წარწერის მიხედვით, მეფის ძე გიორგი ხდება. ამ პერიოდში კი საქართველოში მხოლოდ ერთი მეფის ძე გიორგია - ერეკლე II-ის შვილი გიორგი XII. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღწერილი თოფი ნამდვილად გიორგი XII-ის კუთვნილებაა. თოფის ლულა ყირიმულია, ხოლო დანარჩენი დეტალები საქართველოშია დამზადებული. იარაღი XVIII საუკუნის ქართული თოფის ტიპური ნიმუშია.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები