საქართველოს სამხედრო ისტორია
ერეკლეს II-ის თოფი

ერეკლე II  თელავში, 1720 წლის 7 ნოემბერს დაიბადა. გარდაიცვალა 1798 წლის 11 იანვარს, იმავე ოთახში, სადაც დაიბადა. დაკრძალულია სვეტიცხოველში. ერეკლე II ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა ორ შტოს აკავშირებდა. დედა, თამარი, ვახტანგ VI-ის ასული იყო, ხოლო მამა, თეიმურაზ II, ქართლის მეფე ერეკლე I-ის ძე. 1744 წელს თეიმურაზ II ქართლში გამეფდა, ერეკლე II - კახეთში. თეიმურაზ II-ის გარდაცვალების შემდეგ, 1762 წელს, ერეკლე II ქართლ-კახეთის მეფე გახდა.

 

 

„ერეკლე II-ის თოფის“ ლულა ევროპულია, დანარჩენი დეტალები - ქართული. აწყობილია საქართველოში. მთლიანი სიგრძე - 134 სმ, ლულის სიგრძე - 101 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 16 მმ. ლულა ზის კონდახის ღარში და ჩამაგრებულია ვეცხლის სამი სალტით, აქვს დამღები - სამეფო გვირგვინიან მართკუთხედში „I.S“, შემდეგ წრეში „C.P“ გვირგვინით და ისევ წრეში ცხოველის თავი პროფილში. დამღები ლულის ხარისხის მაჩვენებელია. ლულა გლუვზედაპირიანია და შიდა სივრცეც გლუვია. საფალიესთან აქვს მხოლოდ ერთი წახნაგი, რომელზეც განთავსებულია ლათინური, სპარსული და ქართული წარწერები. ლათინურად აწერია „SEGLAS LONDON“, რაც მიუთითებს ლულის დამზადების ადგილს. სპარსულ წარწერაში მოხსენიებულია „გივიხან“, ხოლო ქართული წარწერა გვეუბნება: „ქ. ირაკლის სიქადულო საძლეველო მტერთა ჯვარო ქრისტესო“. ამ წარწერის მიხედვით დგინდება, რომ თოფი საქართველოს მეფე ერეკლე II-ს ეკუთვნოდა. კონდახი და ღარი დამზადებულია ნეკერჩხლის ხისაგან, არ არის მთლიანი ხის მასა, შეინიშნება გადაბმის ადგილები, ღარი ბოლოვდება ვერცხლის ფირფიტით.

ლულის ვერცხლის სალტეთაგან დამღები მხოლოდ ერთზეა მოცემული - მართკუთხედში „Е.Б“, ქვემოთ თარიღით, რომელიც არ იკითხება, მაგრამ ვიცით ე. ბლუმბერგის, თბილისის საოლქო სასინჯი პალატის კონტროლიორის მოღვაწეობის პერიოდი - 1843-1885 წწ. მართკუთხედში წმინდა გიორგის მოჩარჩოებული გამოსახულებაა - დამღა გამოიყენებოდა 1843-1867 წლებში და ასევე, მართკუთხედში - „84“, ვერცხლის სინჯი. ამავე ფირფიტაზე არის კიდევ ერთი დამღა, სავარაუდოდ, უცნობი ქართველი ოსტატის, სადაც თითქოს მოჩანს ქართული ასოები „ღ ქ“, მაგრამ მისი მთლიანად წაკითხვა შეუძლებელია. ამ დამღების მხოლოდ ერთ ფირფიტაზე არსებობა იმის დასტურია, რომ თოფს, 1843-67 წლებში, მხოლოდ ერთი ვერცხლის ფირფიტა შეუცვალეს. სხვა შემთხვევაში, ჩვეულებისამებრ, ყველა ვერცხლის ფირფიტაზე უნდა ყოფილიყო თბილისის საოლქო სასინჯი პალატის დამღები.

თოფის ტარს ვერცხლის სირმისებური მავთული აქვს შემოვლებული. კონდახი ძვლის დუგლუგით ბოლოვდება, ძვლისა და ხის შეერთების ადგილას გადაკრულია ვერცხლის ფიგურული სალტე. ხის მასაზე - ლულის კუდის გარშემო, სასხლეტ რკალსა და თასმის გასაყრელ ხვრელებთან, ვხვდებით ძვლის ინკრუსტაციას. ჩახმახი სადაა და ტიპური ქართული ვარიანტია, ჩახმახის სასხლეტი ბურთულის სახით არის წარმოდგენილი. 

მეფე ერეკლე II-ის თოფზე არსებული ქართული წარწერა - „ქ. ირაკლის სიქადულო, საძლეველო მტერთა ჯვარო ქრისტესო“ მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც 1752 წლის ივლისში მოხდა.

ერეკლე მეფის კარის ისტორიკოსის, ომან ხერხეულიძის გადმოცემით, 1752 წლის ივნისის თვეში აზატ-ხანი დიდძალი ჯარით ერევანს შემოესია და დაუწყო „რბევა და ოხრება“. ერევნელებმა მეფე ერეკლეს შველა თხოვეს: „ვინადგან მიიღებთ ხარკსა და ვართ მორჩილებასა ქვეშე თქვენსა, გაქვს ვალი და თანამდებობა, რათა განგვათავისუფლო ესევითარისა მძლავრისა ხელისაგან“. ერეკლე II ერევნისკენ დაიძრა. საპასუხოდ, აზატ-ხანმა ჯარები შემოიკრიბა „ვიდრე ორმოცი ათასამდე“ (12 000 - შუბოსანი, დანარჩენი - თოფოსანი, 12 - ზარბაზანი, ორასი ზამბულაკი) და „გარნაჩაიზედ“ დაბანაკდა.

მეფემ აღრიცხა თავისი მხედრობა, რომლის რიცხვი 3000 აღწევდა, თუმცა, საბოლოოდ, ბრძოლის ველზე წასვლა მას 2000 მებრძოლით მოუდა: „ხოლო ესე ავადმყოფნი და ბარგის კაცნი დაშთნენ სანგალთა შინა და წარვიდა ორის ათასის კაცითა აზატ-ხანის შესაბმელად“.

ბრძოლის წინ ერეკლე „დაემხო მიწასა და ღმერთსა ევედრა“, შემდეგ ჯარს მიმართა მგზნებარე სიტყვით და ბრძანებაც გასცა: „ვირემ მე ცხენზე არ შევჯდე, თქვენც ნურავინ შესხდებით და ვირე ჩემი თოფი არ გავარდეს, თქვენ თოფს ნურვინ ესვრითო“. სწორედ ამ დროს, 500 კაციანი თათრის მხედრობა გაშორდა ქართველთა ჯარს, „განსდგნენ ცალკერძ და გაკეთდენ ერთ დასტად“. მათთან ერთად იყო ერთი ერევნელი, აირუმლის სულთანი, სახელად ალავერდი.  „მხილველმან მეფემან თვისისა ჯარისა სიმცროსამან ფრიად მხურვალედ თაყვანი სცა ჯვარსა ქრისტესსა ცრემლით და ყოველნი სპანი ათაყვანა ჯვარსა“. ამ დროს მეფესთან აირუმლის სულთანი მივიდა: „და ჰრქვა ჯვარსა ქრისტესსა...…უკეთუ შეძლება რამ არს შენ შორის, დღეს გამოჩნდებაო. და დაადგრა მეფის ირაკლის თანა“.

ერეკლე II დარჩენილ ათას ხუთას მებრძოლს წინ გაუძღვა და „სადაცა უფრო უდიდესი დასტა იყო აზატ-ხანისა, მუნ მიჰმართა“. ქართველები ალყაში მოაქციეს. ერთ-ერთმა მხედარმთავარმა აზატ-ხანისაგან ერეკლეს ცოცხლად აყვანის ნება ითხოვა. შუბით შეიარაღებული, ბრძოლის ველზე შეიჭრა და დაყვირა: „ჰამამან ჰანიერ ირაკლი-ხან (რომელ არს ქართულად - სად არის ირაკლი მეფე)“... მაშინ „გაუხდა მეფე ირაკლი მკვირცხლ და შესძახა: მე ვარ ირაკლი მეფე და ხმა ყოფასა თანა მისცა თოფსა ცეცხლი, გავარდა თოფი მეფისა და მოხვდა მას ხანსა გულსა“. ამის მომსწრე ქართველთა ჯარი გამხნევდა და ერთობით „მისცა ცეცხლი თოფთა თვისთა და რაცა მახლობლად მისრულნი ყიზილბაშნი და ავღანნი იყვნენ, ერთობით ჩამოყარნეს და დაეცნენ მიწათა ზედა“. ქართველები კიდევ უფრო გამხნევდნენ და „იკრეს ხრმალთა ხელი და ერთობით შეუტივეს და მყის თანად მისვლასავე აოტნეს ყიზილბაშ-ავღანნი“. მათ გაიმარჯვეს და „გამარჯვებას ამას შინა დარჩა მეფესა ირაკლის 24 ზარბაზანი, 200 ზამბულაკი თავისის ასის აქლემით და დროშა მრავალი და ორათასხუთასი კარავი და ტყვისა და საქონლის რიცხვი არ შეიძლება“.

ბრძოლის დამთავრების შემდეგ ალავერდი სულთანი „დიდად განკვირვებული იტყოდა წინაშე ჯვარისა: ესე საქმე კაცობრივის ძალისაგან შეუძლებელი იყო, მაგრამ ამ ჯვარის ძალამ ჰყო“.

საგულისხმოა, რომ მეფე ერეკლემ თავისი მცირერიცხოვანი მხედრობა (ომან ხერხეულიძის მიხედვით, მტერზე თითქმის 27-ჯერ ნაკლები; პაპუნა ორბელიანის მიხედვით, 5-6-ჯერ ნაკლები. მტერი - 18000, ქართველები - დაახლოებით 3000-3500) „ჯვარსა ქრისტესსა“ შეავედრა და გაიმარჯვა. საყურადღებოა ისიც, რომ მეფე ერეკლე თავის სპას მიმართავს: „ვიდრე ჩემი თოფი არ გავარდეს, თქვენ თოფს ნურვინ ესვრითო“. მაშასადამე, „ქრისტეს ჯვარზე“ შევედრებული მხედრობა, ბრძოლას იწყებს ერეკლეს თოფის გასროლით და ამ „კაცობრივის ძალისაგან შეუძლებელ“ ომში იმარჯვებს.

საფიქრებელია, რომ ერეკლეს თოფის წარწერა - „ქ. ირაკლის სიქადულო საძლეველო მტერთა ჯვარო ქრისტესო“ სწორედ ამ გამარჯვებას უკავშირდება.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები