ქართლის მეფე ბაქარი, ვახტანგ VI-ის ძე. დაიბადა 1700 წლის 7 აპრილს, გარდაიცვალა 1750 წლის 1 თებერვალს, მოსკოვში. გრუზინსკების გვარის ფუძემდებელი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეინტენანტი, ქართლის მეფე (შაჰნავაზ III-ის სახელით) 1716-1719 წლებში. მონაწილეობდა მოსკოვის ქართული სტამბის აღდგენაში. 1743 წელს, მისი თაოსნობით დაიბეჭდა ბიბლია, რომელიც ცნობილია „ბაქარის ბიბლიის“ სახელით.
„ბაქარის თოფი“ მუზეუმში ნიკო ბაგრატიონის (ნიკო ბურის) მეშვეობით, 1925 წელსაა შემოსული. მთლიანი სიგრძე - 178 სმ, ლულის სიგრძე - 141 სმ, ლულის შიდა დიამეტრი - 18 მმ. თოფის ლულა გარედან რვაწახნაგიანია, შიგნიდან გლუვი. ლულა ჩახმახთან და ტუჩზე მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული გეომეტრიული ორნამენტებით და სამეფო გვირგვინით. შუა წახნაგზე მოცემულია ხელოსნის ხუთკუთხიანი დამღა, რომელიც ოქროთია დაფერილი, დამღაზე იკითხება არაბული წარწერა „სალიჰ ალი“, ორმწკრივად. დამღის გვერდითა წახნაგებზე ქართული წარწერებია: „თოფო ყირიმო მეფისა ბაქარისავო“ და „თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად“. ლულის კუდზე, ასევე, ოქროზარნიშით ყვავილოვან ორნამენტში შესრულებულია წარწერა: „ჩყნა წელსა დღეიდამ თა ნიკოლოზ ბაგრატიონ მუხრანსკისა ვარ“. ლულა ჩასმულია კონდახის ღარში და ჩამაგრებულია ვერცხლის ოთხი სალტით. სალტეებზე მოცემულია დამღები: მართკუთხედში - „Е.Б.“ და თარიღი 1851 (ე. ბლუმბერგი - თბილისის საოლქო სასინჯი პალატის კონტროლიორი 1843-1885 წლებში), შემდეგ ისევ მართკუთხედში - „84“ (ვერცხლის სინჯის დამღა) და ასევე მართკუთხედში - წმინდა გიორგის გამოსახულება ჩარჩოში, ქვემოთ თარიღით „1851“ (ბლუმბერგის მოღვაწეობის პერიოდში - 1843-1867 წლებში, წმინდა გიორგი ჩარჩოში გამოისახებოდა, ხოლო 1867-1885 წლებში - ჩარჩოს გარეშე).
კაჟიანი ჩახმახის მთლიანი ზედაპირი და სასხლეტი ბურთულა ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებითაა მორთული.
კონდახი და ღარი დამზადებულია კაკლის ხისგან, არ არის მთლიანი ხის მასა, შეინიშნება გადაბმის ადგილები. ღარი ბოლოვდება ვერცხლის ფირფიტით, ხოლო კონდახი სპილოს ძვლის დუგლუგით, რომელზეც გადაჭიმულია ვერცხლის ფიგურული სალტე დამღებით.
თოფის წარმომავლობის საკითხის გასარკვევად მნიშვნელოვანია პირველი წარწერის პირველი ნაწილი - „თოფო ყირიმო“, რომელიც თითქოს თოფის ყირიმულ წარმოშობაზე მიუთითებს, მაგრამ, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, ყირიმიდან საქართველოში ლულები შემოდიოდა, დანარჩენი დეტალები კი ადგილობრივად მზადდებოდა და იწყობოდა. ყირიმულ ლულებზე აწყობილი ქართული თოფები საქართველოში „ხირიმის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ამავე წარწერის შემდეგი ორი სიტყვით - „მეფისა ბაქარისავო“, თოფის მესაკუთრის ვინაობას ვგებულობთ. უდაოა, რომ ეს არის ვახტანგ VI-ის ვაჟი, ქართლის მეფე ბაქარი, ვინაიდან სხვა ბაქარ მეფე საქართველოს არ ჰყოლია. როგორც აღვნიშნეთ, ბაქარი 1716-1719 წლებში მეფობდა და ეს წარწერაც ამავე პერიოდში უნდა იყოს შესრულებული.
საინტერესოა თოფის მეორე წარწერა - „თოფო იხილე მირთმეუა მეფის კონსტანტინესად“. კონსტანტინე ჩოლოყაშვილის დაკვირვებით, რადგან ბაქარ მეფის პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში 1716 წელს დაიწყო და 1724, წელს ვახტანგ VI-თან ერთად რუსეთში წასვლით დასრულდა, ბაქარ მეფის კონსტანტინე მეფესთან ურთიერთობაც 1716-1724 წლებში უნდა ვეძებოთ. ეჭვგარეშეა, რომ თოფის მეორე პატრონი კახთა მეფე კონსტანტინეა, რადგან სხვა მეფე კონსტანტინე ამ წლების საქართველოში ცნობილი არ არის.
წარწერაში აღნიშნულია: „...იხილე მირთმეუა...“, რაც ძღვნად მირთმევას, ჩუქებას ნიშნავს. შეიძლება ითქვას, რომ ქართლის მეფე ბაქარმა თოფი კახთა მეფე კონსტანტინეს აჩუქა. კონსტანტინე კახეთის მეფედ 1723-1724 წლებში იწოდებოდა, შესაბამისად, აღნიშნული ფაქტიც ამ წლებში უნდა განხორციელებულიყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, ცნობილია, რომ სწორედ 1723 წელს, ქართლისა და კახეთის მეფეთა შორის უმძაფრესი მტრობა და შუღლი მძვინვარებდა.
ქართლსა და კახეთს შორის შეტაკებები, რომლებიც ჯერ ორივე მხარისთვის ცვალებადი წარმატებებით მიმდინარეობდა, ქართლში ლეკების ლაშქრის შემოსვლის შემდეგ, კახთა მეფე კონსტანტინე მაჰმად-ყული-ხანის მიერ თბილისის დაკავებით დამთავრდა. ძმათა შორის უგუნურ ბრძოლას ოსმალთა შემოსევა და ირანის შაჰის ერთგული კონსტანტინე მეფის დაპატიმრება მოჰყვა. მძიმე მდგომარეობამ უწინდელი მტრები შეარიგა. ოსმალთა მიერ თბილისში დატყვევებული კახთა მეფე კონსტანტინე მეფე ბაქარმა ციხიდან გააპარა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „პატიმარყოფილი მაჰმად-ყული-ხან ევედრა ბაქარს, რათა განუტევოს და აღუთქვა ფიცით, ვითარცა მონა იყოს მისდა“. კონსტანტინეს გაპარება 1723 წელს მოხდა, ხოლო 1724 წლის იანვარში, კონსტანტინე მეფემ ბაქარს მოციქულად თავისი უმცროსი ძმა - თეიმურაზი მიუგზავნა, რომელსაც ბაქარის და ჰყავდა ცოლად და შეხვედრის დანიშვნა სთხოვა. მათი შეხვედრა მცხეთაში მოხდა: „სადაც ჰყვეს პირი ერთობა-სიყვარულისა“. ბაქარის მიერ თოფის „მირთმეუა მეფის კონსტანტინესად“ სწორედ ამ შეხვედრას უნდა კავშირდებოდეს.
მესამე წარწერა მეორე წარწერის ისტორიული თარიღიდან 127 წლით გვიან არის გაკეთებული. ვის ხელში გაიარა თოფმა ამ ხნის განმავლობაში, ძნელი სათქმელია. ნიკო ბურის ცნობით, კონსტანტინე მეფის შემდეგ ეს თოფი ედიშერ ბაგრატიონს, ნიკო ბურის პაპის მამას, ეკუთვნოდა. 1851 წლიდან კი თოფი ნიკო ბურის პაპის, ნიკოლოზის კუთვნილება ყოფილა, რასაც მოწმობს კიდეც მესამე წარწერა ლულის კუდზე - „ჩყნა (1851 წ. მ.ქ.) წელსა დღეიდამ თა ნიკოლოზ ბაგრატიონ მუხრანსკისა ვარ“.
ნიშანდობლივია, რომ როდესაც თოფი ნიკოლოზ ბაგრატიონ-მუხრანსკის საკუთრება გამხდარა, ოქროზარნიშიან წარწერასთან ერთად მან თოფისთვის რესტავრაცია გააკეთებინა, რასაც ვერცხლის ფირფიტებზე არსებული დამღების თარიღი, 1851 წელი, ადასტურებს.
თოფი, როგორც რელიქვია, ნიკო ბურის სახლში 1925 წლამდე ინახებოდა, შემდეგ კი იგი მუზეუმს გადაეცა.