საქართველოს სამხედრო ისტორია
დამბაჩა

საქართველოში დამბაჩების დამკვიდრება XVII საუკუნის დასასრულისთვის და უფრო მეტად, XVIII საუკუნეში არის ნავარაუდევი. ამავე საუკუნის მეორე ნახევარში, დამბაჩა უკვე ქართველი მეფეების იარაღადაა ქცეული, რომელსაც ისინი სარტყელში გაყრილს ატარებდნენ. კავკასიაში დამბაჩას წყვილადაც ატარებდნენ. 1798 წელს გიორგი XII-მ დაქირავებული ლეკთა ჯარის ბელადს - მურადს, თოფი, წყვილი დამბაჩა და ხმალი უბოძა.

გრძელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსად, დამბაჩის პირველი ნიმუშებიც უცხოეთიდან შემოდიოდა. ოსმალურთან ერთად შემოდიოდა ევროპული დამბაჩებიც: არაგვის მოურავი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი, 1770 წელს, მეფე ერეკლესთან ჩივის და წართმეული საქონლის ნუსხაში, შვიდი თოფის გარდა, ფრანგულ დამბაჩასაც ასახელებს: „ერთი დაბანჩა ფრანგული კარგათ გაწყობილი“. კაჟიანი დამბაჩები, შემდგომში, საქართველოშიც დიდი ოდენობით მზადდებოდა, მითუმეტეს რომ ეს პროცესი არავითარ ტექნოლოგიურ სიახლეს არ მოიცავდა. „მაჭახელა“ დამბაჩასაც ერქვა. პოპულარობით სარგებლობდა თბილისური და ახალციხური დამბაჩები.

 

 

 

მუშკეტონი (ტრომბლონი)

ამიერკავკასიასა და საქართველოში, XVIII საუკუნის ბოლოსთვის, ჩვენამდე მოღწეული ნიმუშების მიხედვით, გამოიყენებოდა იარაღი, რომელსაც თოფსა და დამბაჩას შორის შუალედური ადგილი ეკავა. ეს გახლავთ „მუშკეტონი“ („ტრომბლონი“), რომელიც ზომით დამბაჩაზე დიდი იყო, მაგრამ საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა თოფს. „მუშკეტონისთვის“ დამახასიათებელია ბოლოში გაფართოებული ლულა, რომელიც მსხვილი საფანტით სროლის საშუალებას იძლეოდა. დამბაჩისგან განსხვავებით, მას თოფის კონდახი ჰქონდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები