საქართველოს სამხედრო ისტორია
არტილერია

XVIII საუკუნეში, არტილერიის განვითარების მხრივ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის, მკვეთრი სხვაობა იგრძნობა. დასავლეთ საქართველოში საარტილერიო საქმეში პროგრესი არ შეინიშნება და ამ მხრივ, ის საგრძნობლად ჩამორჩება ქართლ-კახეთის სამეფოს. 1769 წელს, რუსეთის მთავრობისთვის შედგენილ მოხსენებით ბარათში ქუთაისის მიტროპოლიტი მაქსიმე აბაშიძე იმერთა ბრძოლის წესს აღწერს: „იმერლები ხმარობენ ომში თოფსა, ხმალსა და შუბსა; იმ რიგათ, როგორც ოსმალონი შეიბმიან და ქვეითიცა და უფრო ცხენოსანიცა“. ამავე ბარათიდან ნათელი ხდება, რომ სოლომონ I-ის (1752-84) სიმაგრეებში მხოლოდ თხუთმეტიოდე ზარბაზანია. ამ საარტილერიო პარკის უმეტესი ნაწილი ოსმალური წარმომავლობისაა და მათ შორის არის საველე ზარბაზნებიც: „უფროსი ერთი, ოსმალონი ახლა რომ იმერეთში მოვიდნენ, იმადგან დაინარჩუმეს, და ზოგიერთი ასეთია, რომ მინდორში დააქვთ და მტერზედ ხმარობენ“. მართალია, მიტროპოლიტი მაქსიმე სოლომონის ხელთ არსებულ რამდენიმე საველე ზარბაზანს ასახელებს, მაგრამ, როგორც ჩანს, მათ საველე ბრძოლებში, პრაქტიკულად, არც იყენებდნენ. 1770 წელს, რუსი კაპიტანი იაზიკოვი აღნიშნავს, რომ იმერეთის მეფე სოლომონს არ ჰქონდა საველე არტილერია. 1780 წელს რუხის ბრძოლაში მოპოვებულ ორ ზარბაზანსაც სოლომონ I ციხის არტილერიაში ამწესებს და მათ მოდინახეს ციხეში აგზავნის.

აღმოსავლეთ საქართველოში, არტილერიის გამოყენების საქმეში, ახალი ეპოქა თეიმურაზ II-სა და ერეკლე II-ის მმართველობის დროს იწყება. ქართლ-კახეთის სამეფომ, ამ მხრივ, საგრძნობ წარმატებას მიაღწია და ტოლი არ ჰყავდა რეგიონში. ბუნებრივია, თავიდან, მეფეები სპარსული წარმოშობის ზარბაზნებს იყენებდნენ. მათი საშუალებით ახორციელებენ ისინი სურამის ციხის გარემოცვას, 1745 წელს, რა დროსაც საარტილერიო დუელი გაიმართა. პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანის“ მიხედვით: „იყო დღედაღამ სროლა ზარბაზანთა და ყუმბარათა, რომე კომლისაგან ციხე აღარ ჩნდის. აგრევ ესროდენ ციხიდამ ზარბაზანთა... ბარათაშვილმა საამ უზბაშმა გამოირჩინა სროლა ზარბაზნისა და ყუნბარისა. ასე ესროდის, რომ ხელმწიფის მოყუნბარე-მოზარბაზნენი დანასნა“. სპარსული ზარბაზნის გამოყენებით ერეკლემ, 1747 წელს, თბილისშიც იმარჯვა: „გორიდამაცა შთამოატანინა ზარბაზანი იგი დიდი, ბოჭორმისად წოდებული“ და აიღო მეტეხი, თაბორის ციხე და ნარიყალა.

ამასთანავე, მეფე ყოველგვარი ღონით ცდილობს საარტილერიო წარმოების შექმნას და სამეფოში სამთამადნო და ლითონსადნობი საქმის აღორძინებას. ერეკლე II-მ, 1760-იანი წლების დასაწყისში, ალავერდსა და ახტალაში, სამთამადნო წარმოება და ლითონსადნობი ქარხნები მოაწყო, საიდანაც საკმაო ოდენობით სპილენძს და ტყვიას, აგრეთვე, ოქრო-ვერცხლს იღებდა. ნედლეულის ასეთმა წყარომ მეფეს შესაძლებლობა მისცა თბილისში ლითონის ჩამომსხმელი ქარხანა აეშენებინა. პროდუქციის ნაწილი სამხედრო მრეწველობას ხმარდებოდა და ამიტომ, ლითონჩამომსხმელი ქარხნის ბაზაზე, ზარბაზნების და მორტირების ჩამომსხმელი ქარხანა შეიქმნა. როგორც გენერალ-მაიორი და ისტორიკოსი ალექსანდრე კოჭლავაშვილი გვამცნობს, „1766 წელს დარეჯან დედოფლის მიერ გაგზავნილი კერძო წერილიდან ირკვევა, რომ ამ დროისთვის ქარხანა უკვე ამზადებდა ზარბაზნებს და ერეკლეს დაუწყია ბატარეათა ახალი ბურჯების მშენებლობა“. ზარბაზნების ჩამოსასხმელი ქარხანა ალავერდის ქარხნიდან სპილენძით, ახტალიდან ტყვიით, რუსეთიდან კი რკინა-ფოლადით მარაგდებოდა.

 

თეიმურაზ II-ის ზარბაზანი

 

საკუთარი არტილერიის შექმნის პროცესში ერეკლე II წინამორბედთა შრომასაც ითვალისწინებდა. არტილერიის გამოყენებით და მისი შემდგომი გაუმჯობესებით ქართლის მეფე ვახტანგ VI დიდად იყო დაინტერესებული. მისი ბრძანებით, 1725 წელს, მიხაილ ელიევიჩმა რუსულიდან ქართულად საარტილერიო საქმის სახელმძღვანელო თარგმნა. წიგნში მოცემულია ცნობები როგორც საარტილერიო ჭურვებისა და ხელყუმბარების, ისე დენთის დამზადების შესახებ. გათვალისწინებულია დამზადების პროცესში უსაფრთხოების ზომების დაცვა, წამლებისა და მინარევების რაოდენობრივი მაჩვენებლები, რომელთაგან ჭურვები და ხელყუმბარები მზადდებოდა. ნაშრომში განხილულია სხვადასხვა ტიპის ზარბაზნები, მათი დანიშნულება, გამოყენების პრინციპები და სროლისთვის საჭირო ცხრილები. სწორედ ამ სახელმძღვანელოთი ისარგებლა ერეკლე II-ის თოფჩიბაშმა გიორგი თარხანმა და მის მიხედვით შექმნა საარტილერიო ნიმუშები, რის შესახებაც „საარტილერიო წიგნის“ მინაწერიდან ვიგებთ: „ღვთისაგან ამაღლებულმან მეფეთ-მეფემან და თვით ხელმწიფემან მპყრობელმან ქართლისა, კახეთისა, შამშადინისა, ყაზახისა და ბორჩალოს მეორემან პატრონმა ირაკლიმ მიბრძანა რუსულს დასტურზე არტილერიის გაკეთება საქართველოს კაცს, გიორგი თარხანს. სახელითა მღთისათა, შეწევნითა პატრონისა ჩემისათა, გავაკეთე, გავაწყე ზარბაზნები, რომ რუსთაც დიდად მოსწონსთ, ქართველთა და კახთაც დიდად იმედათ უჩანსთ“.

საარტილერიო წარმოება თვისობრივად ახალ ეტაპზე, 1769 წელს, საქართველოში რუსეთის საექსპედიციო კორპუსის გამოჩენის შემდეგ გადადის. ევროპულად გაწყობილი არტილერიის ხილვის შემდეგ, ერეკლე II საკუთარი თოფხანის გარდაქმნაზე იწყებს ზრუნვას. მეფემ ეს ამოცანა  პაატა ანდრონიკაშვილს დააკისრა, რომელსაც საარტილერიო განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული. 1780 წელს ერეკლე II-მ ანდრონიკაშვილს თოფჩიბაშობა უბოძა და არტილერიის საქმე ჩააბარა. როგორც ერეკლე მეფის კარგის ისტორიკოსი, ომან ხერხეულიძე მოგვითხრობს: „ამას შინა იწყოცა მეფემან არტილერიისა, ესე იგი თოფხანისა, ევროპიულსა გვარსა ზედა გაწყობა და დია ჩინებული არტილერია გამართა. აღეზარდა მეფესა ირაკლის წარსაგებელითა თვისითა თავადთა ძენი როსიასა შინა არტილერიისა სწავლითა და მათ შორის გამოვიდა პირველი ხელოვანი თავადი ანდრონიკაშვილი პაატა და უხუცესი განმგეობა არტილერიისა, ანუ ფელციხმეისტრობა, რომელსა თოფჩიბაშად უხმობდნენ, მისცა მას და განუწყო ყოველივე მოხელენი და მსახურნი ცეცხლსასროლეთანი ევროპიულად“.

პაატა ანდრონიკაშვილმა თბილისში საამქრო მოაწყო, სადაც ძველი ზარბაზნები გადაადნო და ისინი ევროპული კალიბრების მიხედვით ჩამოასხა. იმ დროს თოფხანაში მუშაობდნენ სხვადასხვა სახის ოსტატები, მათ შორის დურგლები, ხუროები, ზარბაზნის მბურღავები და მქლიბავები. 1784 წლიდან, მეფე ერეკლეს ზარბაზნების შექმნაში ეხმარება დავით ბატონიშვილის აღმზრდელი ავსტრიელი იოსიფ გეტინგი, რომელიც კრწანისის ბრძოლაში აღა-მაჰმად-ხანს  ტყვედ ჩაუვარდა.

ქართული არტილერიის პროგრესზე ზარბაზნების რაოდენობის ზრდაც მეტყველებს. 1770-95 წლებში ერეკლეს ხელთ არსებული საველე ზარბაზნების რაოდენობა განუხრელად იზრდება. 1770 წლისთვის მას 3 თუ 4 საველე ზარბაზანი ჰქონდა. 1770 წელს კაპიტანი იაზიკოვი წერს, რომ ერეკლეს ჯარი 4 ზარბაზანს ატარებს. საქართველოში რუსეთის წარმომადგენლის, მოურავოვის 1770 წლის 5 აპრილის ანგარიშიდან ჩანს, რომ ახალციხის კამპანიაში მეფეს 3 ზარბაზანი ჰქონდა. ზარბაზნების რიცხვში სხვაობას იმ ხანებში „გამსკდარი“ ზარბაზანი უნდა იძლეოდეს. ამის შესახებ ერეკლეს II-ის 1770 წლის წერილიდან ვიგებთ: „რამდენიმე საფანტის ზარბაზანი გვქონდა, იმათგან ამას წინათ ერთი სროლაში გაგვისქდა...“

რუსი მკვლევარი ბუტკოვის ცნობით, პაატა ანდრონიკაშვილის მიერ განხორციელებულ გარდაქმნებამდე, ქართული არტილერია 10 საველე ქვემეხსა და სამოციოდე მეზარბაზნეს ითვლიდა. ანდრონიკაშვილის თოფჩიბაშობის დროს ზარბაზნების რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა. 1786 წელს მეფეს თბილისში ჩამოსხმული 12 ქვემეხი ჰქონდა, შემდეგ ანდრონიკაშვილმა ზარბაზნების რიცხვი 15-მდე გაზარდა. მათ დაემატა ეკატერინე II-ის მიერ ნაჩუქარი ქვემეხები. გეორგიევსკის ტრაქტატის დადების შემდეგ, 1784 წელს, ეკატერინე II-მ ერეკლე II-ისათვის გადასაცემად, საგანგებოდ ჩამოასხმევინა ქართული გერბით შემკობილი ქვემეხები და მორტირები. თუმცა, 24 ქვემეხიდან მხოლოდ 12-მა ჩამოაღწია საქართველოში.

ნაჩუქარმა რუსულმა ქვემეხებმა კიდევ უფრო გააძლიერა ქართული არტილერია. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის ცნობით, ერეკლეს არტილერია 24 საველე ზარბაზანს მოითვლიდა: „ჰქონდა ოცდაოთხი გაწყობილი ზარბაზნები თავის ჩამოსასხმელის სახლითა, რომელსაცა საითკენაც უნდოდა, იქით წაიღებდა იმ ზარბაზნებს“. ამ არტილერიის დაახლოებით ნახევარი რუსული იყო, მეორე ნახევარს კი საქართველოში ჩამოსხმული ქვემეხები შეადგენდნენ. სომეხი მწერალი სერობ გრიჩი კრწანისის ბრძოლისას ქართველთა საველე არტილერიაში 11 ევროპულ ზარბაზანს ასახელებს, რომლებიც რუსული ქვემეხები უნდა იყოს. საქართველოში იყო ჩამოსხმული კრწანისის ბრძოლაში მონაწილე თბილისის ციხის არტილერიაც. რუსი გენერალი გუდოვიჩის ცნობით, 1795 წელს თბილისს 35 ქვემეხი იცავდა. ამ რიცხვში, საველეს გარდა, ციხის არტილერიაც შედიოდა. 

ისტორიკოსი აპოლონ თაბუაშვილი აღნიშნავს, რომ ერეკლე II გამუდმებით ცდილობდა მეზარბაზნეთა რაოდენობის გაზრდას და შესაბამის ღონისძიებებსაც ატარებდა. მართლაც, თუკი ბუტკოვი ქართულ ჯარში თავიდან 60 მეზარბაზნეს ასახელებს, შემდგომ წლებში მათი რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. გენერალ ციციანოვისადმი მიწერილ წერილში თავადი ორბელიანი იტყობინება, რომ ერეკლე II-ს სამეფოში 400 მეზარბაზნე (თოფჩი) ჰყავდა და ისინი გათავისუფლებული იყვნენ რიგი სამეფო ვალდებულებებისგან.

 

ეკერლე II-ის ზარბაზანი

 

ერეკლე II-ის მიერ გატარებული ღონისძიებების შემდეგ, მართებული იქნება თუ შევაფასებთ ქართული არტილერიის ეფექტურობას ბრძოლის ველზე და მის გავლენას საომარი მოქმედებების მსვლელობაზე. ამ შეფასებებში ერთსულოვანია როგორც ქართული და სომხური წყაროები, ისე რუსი დამკვირვებლებიც. ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი აღნიშნავს, რომ არტილერიის შემწეობით ერეკლე ყველას ამარცხებდა: მეფე „მტერს სდევდა ხან სომხითში, ხან ქართლში და ხან კახეთში, მაშინ როდესაც რომ სადაც კი ზარბაზნებსა წაიღებდა ხოლმე, მტერსა რეგუდა“.

XIX საუკუნის ისტორიკოსი მირზა იუსუფ ყარაბაღელი კრწანისის ბრძოლის აღწერისას ქართველ მეზარბაზნეთა ოსტატობას და მათ მიერ სპარსელებისთვის მიყენებულ ზარალს საგანგებოდ აღნიშნავს. კრწანისის ბრძოლაში ქართველ არტილერისტთა ოსტატობასა და თავდადებაზე თეიმურაზ ბაგრატიონიც მოგვითხრობს: „ესენი იყვნეს ბრძოლასა შინა ფრიად გამოცდილნი და ამათ ძლიერად და ფიცხლად ამოქმედნეს არტილერია მეფისა და შეაძრწუნვესცა სპარსნი და მრავალნი სპარსნი მოსწყვიტნეს ზარბაზანთა მიერ და ფრიადისა ღვაწლითა ვიდრეღა ძალ ედვათ მათ, ბრძოდეს“.

1786 წელს, რუსი იარაღის მკვლევარი ბურნაშევი აღნიშნავს, რომ ქართულ არტილერიას ხარებით ატარებენ და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ხერხი არ იყო მართებული, ქართველები მაინც შიშის ზარს სცემდნენ მეზობელ მტრებს, რომელთაც საველე არტილერია არ ჰქონდათ. როგორც ვხედავთ, იმდროინდელი საქართველოს ყველაზე კრიტიკული შემფასებლები – რუსები, რომლებიც ევროპული გადასახედიდან აფასებდნენ სამეფოში არსებულ მდგომარეობას, აღიარებდნენ, რომ ქართული არტილერია რეგიონში ყველასათვის საშიშ ძალას წარმოადგენდა.

ამასთანავე, რუსები ქართული არტილერიის ნაკლსაც აღნიშნავდნენ. ბურნაშევის მსგავსად, ბუტკოვიც შენიშნავს ზარბაზნების ხარებით ტარებას. ზარბაზანს ევროპული ლაფეტი და შესაბამისად, ცხენებით სწრაფი გადაადგილების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ბრძოლის ველზე მანევრული არ იყო და სალაშქრო მდგომარეობიდან საბრძოლო მდგომარეობაში სწრაფად გადასვლა არ შეეძლო. ევროპული ტიპის ლაფეტი საველე არტილერიას დიდ უპირატესობას ანიჭებდა: ლაფეტის წინარზე მოთავსებული ყუთის საშუალებით ქვემეხს მისი ჭურვები და მუხტები თან დაყვებოდა; თვლებზე შედგმული ლაფეტი უკუგორებისას ქვემეხის უკუცემის ძალას ეფექტურად აქრობდა; ლაფეტის საშუალებით დამიზნება სწრაფად ხდებოდა; ქვემეხის ლულა ლაფეტის ღერძზე იყო დამაგრებული, რომლის მოტრიალება იოლი იყო, ვერტიკალურ სიბრტყეში დამიზნებისთვის კი ასაწევ ხრახნს იყენებდნენ. ყველა ამ უპირატესობას, რომლითაც გამოირჩეოდა ევროპული არტილერია, ქართული მოკლებული იყო. 1770-იან წლებში ქართული არტილერია ლაფეტზე არ იდგა და ეს ტენდენცია შემდგომში, ანდრონიკაშვილის მიერ „ევროპულად“ ჩამოსხმულ ზარბაზნებზეც ვრცელდება, ვინაიდან, 1786 წელსაც, არტილერიას ისევ ხარებით ატარებდნენ.

 

ქვევრში აღმოჩენილი ზარბაზანი

 

1795 წელს, კრწანისის ბრძოლის წაგების შემდეგ, უკანდახევისას, დავით ბატონიშვილის ქცევაში ჩანს, რომ მის ხელთ არსებულ ქვემეხთა გათვლებს თვლიანი ლაფეტები და ცხენიანი შებმები არ ჰქონდათ. თაბორის მთასთან მდგომ დავით ბატონიშვილს, თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით: „აქვნდა თვის თანა ნაწილიცა არტილერიისა ექვსი საშვალი და წვრილნი ცეცხლსასროლნი (ე.ი. ზარბაზანნი)... ხოლო იხილა რა, რომელ აღივსო ტფილისი მხედრობითა სპარსთათა და მეფეცა განვიდა ტფილისით, მაშინ იძულებულ იქმნა იგიცა მიქცევად მთაბორისა კერძ მთათა მათ და კლდიერთა და იწროთა განსავალთა გორათა. შეუძლებელ იყო განვლად ურემთა გზათა მათგან და არცა შესაძლებელ იყო განსვლა მუნით მინდვრისა კერძოთა გზათა ზედა დიდთა, რამეთუ გზანი და მინდორნი მოცულ იყვნეს სპარსთა მხედრობისაგან ვითარვე დევის ნამუხლადმდე და ესრეთ განარინნა ზარბაზანნი იგი, რათა არა მისცნა იგინი ხეელთა შინა მტერთასა“. დავით ბატონიშვილს იმიტომ მოუხდა ზარბაზნების გადაყრა, რომ ურმებით დროზე ვერ შეძლებდა სპარსული მხედრობისაგან თავის გამორიდებას. სულ სხვა შედეგი შეიძლება დამდგარიყო, მას რომ ცხენშებმული ქვემეხები ჰქონოდა.

საარტილერიო საქმის განვითარებისთვის ფეთქებადი მასალების დამზადებაც იყო საჭირო. თოფისწამალს, XVIII საუკუნის II ნახევარში, ადგილობრივი ხელოსნები ამზადებდნენ და ვაჭრობდნენ, თოფისწამალი საქართველოს მთაშიც ადგილობრივად მზადდებოდა. მეფე ერეკლემ თოფისწამლის და გვარჯილის დამზადება და ინდივიდუალური პირების მიერ მათი დამოუკიდებლად გაყიდვა აკრძალა. წარმოების უფლება მან მხოლოდ ერთ პირს - თაყუაშვილს უბოძა, რომელმაც მეფის ნებართვით, 1770 წელს, თოფისწამლის ქარხანა ააშენა. მეფემ თოფისწამლის დამზადება და გაყიდვა მხოლოდ ამ პიროვნებას მიანდო. ამრიგად, გვარჯილისა და თოფისწამლის დამზადება-ვაჭრობას ერეკლე II აკონტროლებდა, რაც შემდგომში, ფეთქებადი მასალების სახელმწიფო დანიშნულებისთვის გამოყენებას მაქსიმალურად შეუწყობდა ხელს. სახელმწიფოს მოთხოვნა თოფისწამალსა და გვარჯილაზე იმდენად ყოფილა დაკმაყოფილებული, რომ მეფეს, მოგვიანებით, ნება დაურთავს თაყუაშვილებისთვის, მათ მიერ დამზადებული თოფისწამალი ინდივიდუალურადაც გაეყიდათ. საარტილერიო საჭურვლისა და სხვა საბრძოლო მასალის საწყობი ნარიყალას ციხეში იყო განთავსებული. ეს ადგილი შედარებით უკეთ უზრუნველყოფდა სამხედრო პროდუქციის ობიექტების მოვლას და დაცვას.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ქართული იარაღ-საჭურვლის გამოფენაზე ექსპონირებულია მეფე თეიმურაზ II-ს და ერეკლე II-ს ზარბაზნები. გარდა ამისა, 2014 წელს, თბილისში, მეიდანზე მდებარე ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოების დროს, ქვევრში აღმოჩენილი ზარბაზანი, რომელიც, სავარაუდოდ, კრწანისის ბრძოლას უკავშირდება.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები