საქართველოს სამხედრო ისტორია
ზოგადი მიმოხილვა

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებას XVI საუკუნიდან შეგვიძლია ვადევნოთ თვალი. ქართველების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება XVI საუკუნის მეორე ნახევარშია დადასტურებული. ცეცხლსასროლი იარაღი, საქართველოში, XVI საუკუნის დასაწყისში და შუა ხანებშიც, უცხოეთიდან შემოდის. სამხრეთ და დასავლეთ საქართველოსთვის ასეთი იარაღის წყარო ოსმალეთის იმპერიაა, აღმოსავლეთ საქართველოსთვის კი სპარსეთი.

XVII საუკუნეში ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ ცნობები მრავლდება. ამ საუკუნის მანძილზე ის საკმაოდ ფართოდ ვრცელდება საქართველოში. ცეცხლსასროლი იარაღი აღწევს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებშიც. იტალიელი მისიონერის, არქანჯელო ლამბერტის დახასიათებით, სვანები „ომში მამაცნი არიან და შესანიშნავი მსროლელნი, თოფს და თოფის წამალს თვითონ აკეთებენ“. ამ უაღრესად საყურადღებო ცნობით ირკვევა, რომ სვანეთში თოფს უკვე ადგილობრივები ამზადებდნენ. ლამბერტის ინფორმაციას ადასტურებს მისი თანამემამულე მისიონერის, კრისტოფორო კასტელის ალბომიც, სადაც ორ სურათზე თოფით შეიარაღებული სვანები არიან გამოსახული: ერთგან სვანი ქალი ფითილიანი თოფით, მეორეგან კი სვანი მამაკაცი და ქალი თოფებით. კასტელი აღნიშნავს, რომ სვანი ქალები თოფიდან კარგად ისვრიან.

XVII საუკუნის დასასრულისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელების მიუხედავად, მისი ხვედრითი წილი საქართველოს მოსახლეობაში 1/3-ის ფარგლებში იყო და 40%-ს არ აღემატებოდა, XVIII საუკუნის დამდეგიდან კი ცეცხლსასროლი იარაღი ქვეყანაში საყოველთაოდ ვრცელდება.

XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ცეცხლსასროლი იარაღით ქართველთა საყოველთაო აღჭურვას რუსები აღნიშნავენ. 1786 წელს შედგენილ საქართველოს აღწერილობაში, რუსი იარაღის მკვლევარი ბურნაშევი, ქართველთა შეიარაღებაში, ხმალ-ხანჯლის გარდა, თოფებს და სარტყელში გაყრილ დამბაჩებს ასახელებს. უფრო ადრე, 1770 წელს, რუსი კაპიტანი იაზიკოვი, საქართველოს შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში წერს: „ერეკლე მეორეს შეუძლია 15 ათასზე მეტი ქვეითისა და ცხენოსნის გამოყვანა ბრძოლის ველზე... აქ, სროლა ყველამ იცის და ყველას თოფი აქვს, და ყველა მზადაა ომისთვის. მეფე ყველგან ატარებს დამბაჩას, რომელიც სარტყელში აქვს გაყრილი და ბრძოლაში თოფიც აქვს მხარზე გადაკიდებული... თითქმის ყველა მოსახლეს თოფი აქვს, სროლა და ცხენის ჭენება კარგად იციან, იბრძვიან ირეგულარულად... ქართველებისგან კარგი ქვეითები და ეგერები დადგება, რადგანაც ოსტატურად ისვრიან...“

მეფისა და ხალხის ასეთივე აღჭურვილობას ვხედავთ იმერეთშიც: საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი, მოურავოვი, გრაფი ნ. ი. პანინისადმი 1769 წელს გაგზავნილ მოხსენებაში უთითებს, რომ მეფე სოლომონი, ისევე როგორც ყველა იმერელი, მუდამ თან ატარებს დატენილ თოფს და დამბაჩას, ხმალს და დიდ ხანჯალს. იმერეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ თოფების საყოველთაო ქონას აღნიშნავს იაზიკოვიც: „თოფის გარეშე არც დიდი და არც პატარა სახლიდან არ გამოვა“.

XVII საუკუნეში საქართველოში გავრცელებული იყო პატრუქიანი (ფითილიანი) თოფი, რომლის ეფექტურობა მაღალი არ იყო. XVIII საუკუნეში, საქართველოში უკვე ვხედავთ კაჟიან თოფს, რომელიც თავისი სიმარტივით და მახასიათებლებით, ერთი თავით მაღლა იდგა წინამორბედ ცეცხლსასროლ იარაღზე.

 

პატრუქიანი თოფის ნიმუში

 

ზოგადად, ჩახმახის კონსტრუქციის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღების განვითარების ისტორიაში გამოიყოფა რამდენიმე პერიოდი: I - პატრუქიანი (XV-XVI ს.), II - გორგოლაჭიანი (XVI ს.), III - კაჟიანი (XVII-XIX ს.  I ნახევარი.), IV - ფისტონიანი (XIX ს.) და ნემსიანი ჩახმახები (XIX ს. II ნახევარი).

გორგოლაჭიანი ჩახმახი, რომელიც პირველ თვითაალებად იარაღს და ერთგვარ გარდამავალ საფეხურს წარმოადგენდა პატრუქიან და კაჟიან ჩახმახებს შორის, არათუ საქართველოში, კავკასიაშიც არ გვხვდება. ამის მიზეზი ჩახმახის მექანიზმის სირთულეა: სპირალურ ზამბარას მოქმედებაში მოჰყავდა ფოლადის გორგოლაჭი, რომელიც პირიტთან (მინერალი – რკინის და გოგირდის ნაერთი) შეხებისას ნაპერწკლებს ყრიდა. გორგოლაჭიანი საკეტი ძნელი გასაკეთებელი, ძვირი და მოუხერხებელი იყო, რადგან მოსამართად საგანგებო გასაღებს საჭიროებდა, რომლის დაკარგვის შემთხვევაში იარაღიდან გასროლა შეუძლებელი ხდებოდა. ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული 1000-ზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღიდან ასეთი იარაღი მხოლოდ ერთია და ისიც ევროპული წარმოშობის.

 

გორგოლაჭიანი თოფის ნიმუში

 

ოსმალეთის იმპერია მხოლოდ XVII საუკუნის ბოლოდან იწყებს კაჟის ჩახმახიან თოფზე საყოველთაო გადასვლას. ოსმალეთში იყენებდნენ კაჟის ჩახმახიანი საკეტის ერთ-ერთ ყველაზე ადრეულ ტიპს – „მიკელეტის საკეტს“, რომელსაც, გავრცელების არეალის გამო, „ხმელთაშუა ზღვის საკეტსაც“ უწოდებენ. ის ესპანეთში გამოიგონეს, სადაც 1560-იანი წლებიდან გამოიყენებოდა და ფართოდ იყო გავრცელებული პირენეის და აპენინის ნახევარკუნძულებზე, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ბალკანეთში, ოსმალეთის იმპერიასა და კავკასიაში, XVI-XIX საუკუნეებში.

საქართველოშიც „მიკელეტის ტიპის“ კაჟიანი საკეტი იყო გავრცელებული. ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული ცეცხლსასროლი იარაღის ჩამოყალიბებაზე ოსმალურმა იარაღმა იქონია გავლენა. თავად ტერმინები - „დამბაჩა“, „თოფი“ და „ზარბაზანი“ ოსმალურია, მათი ქართული შესატყვისებია „ხელმეხი“ და „ქვემეხი“.

 

კაჟიანი თოფის ნიმუში

 

გავლენის მიუხედავად, XVIII საუკუნის I ნახევრიდან, კაჟიანი თოფების კავკასიური ტიპი ყალიბდება, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ქართულ იარაღს უჭირავს. ქართული (კავკასიური) კაჟიანი თოფის გასროლის პროცესი შემდეგნაირია: როდესაც ლულის ტუჩიდან  დენთი, ტყვია და ძონძი ჩაიტენებოდა, ჩახმახის საფალიე დაფაზე ცოტაოდენი დენთი დაიყრებოდა და კვესი დაეხურებოდა. ამის შემდეგ ჩახმახს შეაყენებდნენ. სასხლეტი რკალის გამოკვრის შემდეგ, მოქმედებაში მოდიოდა დაჭიმული ზამბარა და ჩახმახის ყბა მასში ჩამაგრებული კაჟით ძლიერად ეცემოდა კვესს, რის შედეგადაც ნაპერწკალი წარმოიქმნებოდა. კვესი ანჯამის საშუალებით გადავარდებოდა უკან და ნაპერწკალს საშუალებას მისცემდა მოხვედრილიყო საფალიე დაფაზე, სადაც დენთი აალდებოდა, რომელიც ლულაში შეაღწევდა  და გასროლა ხდებოდა. კაჟიანი თოფის სროლის მომაკვდინებელი მანძილი 100-150 ნაბიჯი იყო.

საქართველოში ამ დროს ცნობილი იყო შემდეგი დასახელების თოფები: „ხირიმი“ („ყირიმი“), „მაჟარი“, „ერეჯიბი“ (ოსტატის სახელის მიხედვით), „მუსტაფა“ (ოსტატის სახელის მიხედვით), „ოსტამული“, „ხარა“, „ჩარმა“, „ჩაქალოზი“, „ქოფაჩი“, „გველისტუჩა“, მოგვიანებით „კარაბინი“ და სხვ.

 

ფისტონიანი თოფის ნიმუში

 

ნიშანდობლივია, რომ XVIII საუკუნეში, კავკასიის რეგიონში ცეცხლსასროლი იარაღის გავრცელებას საყოველთაო ხასიათი აქვს. 1720 წელს ფრანგი მისიონერი ლუი ბაშუ წერს, რომ ლეკები, რომელთაც ერთ დროს მშვილდის მეტი არაფერი გააჩნდათ, უკვე საყოველთაოდ იყვნენ  ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული და მისი დამზადება ჰქონდათ ნასწავლი. დაღესტანში ცეცხლსასროლი იარაღის ნაწილი, 1728 წლისთვის, ისევ პატრუქიანი რჩებოდა, ნაწილი კი უკვე კაჟიანი იყო. საფიქრებელია, რომ ასეთივე პროცესები სინქრონულად მიმდინარეობდა საქართველოს მეზობლად, სადაც კავკასიელი ხალხები ახერხებდნენ არ ჩამორჩენილიყვნენ ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარე გადაიარაღების პროცესს.

 

 

XVIII საუკუნის ქართველი მებრძოლის აღჭურვილობაში, ტრადიციული თავდაცვითი (მუზარადი, აბჯარი, საბარკული, სამკლავე) და შეტევითი (ხმალ-ხანჯალი) საჭურველის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღი და მისი მოწყობილობები - თოფი, დამბაჩა, საპირისწამლე, აბგა ტყვიებით, ძონძი, ქონი-საქონეთი და კაჟი ჩნდება.

გერმანილი ექიმისა და მოგზაურის, იაკობ რაინეგსის ცნობით, ქართველის (იმერელის) აღჭურვილობას შეადგენდა ჯაჭვის პერანგი, საპირისწამლე (თოფისწამლის რქა), პატრონტაში, დამბაჩა, ჭოგრიტი, ხმალ-ხანჯალი, სამკლავე და თოფი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები