საქართველოს სამხედრო ისტორია
ფარი

თავდაცვითი იარაღებიდან ფარი ცალკეა გამოყოფილი. საქართველოს ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე შედარებით იშვიათია ფარის აღმოჩენის შემთხვევები. მათი მცირერიცხოვნება, ნაწილობრივ, შეიძლება იმით აიხსნას, რომ ფარი ტყავგადაკრული ხის იყო, ტოტებისაგან დაწნული და მიწაში არ შემოინახა. სამაგიეროდ, მოგვეპოვება ფარის ლითონის საფარიანი ნიმუშები, რომლებიც გარსაკრავების მიხედვით, რამდენიმე სახის გამოირჩევა: მთლიანად ლითონის ფურცლით დაფარული; ლითონის სარტყელებით, ანუ ვიწრო ფურცლებით დაფარული და ლითონის უმბონებიანი (ფარის ფრაგმენტი).

ფარის მასალაზე საუბრობენ ბერძენი ისტორიკოსები (ჰეროდოტე, ქსენოფონტე, სტრაბონი), რომელთა მიხედვით, კოლხებს და იბერებს ტყავის ფარები ჰქონდათ. მოგვიანო ხანის ქართული ფარები ფორმის მიხედვით მრგვალია, შუა საუკუნეებში კი ძირითადად გავრცელებული იყო სამკუთხა, მრგვალი და ოვალური ფორმის ფარები. დამზადების ტექნიკის მიხედვით  ფარის სამი ძირითადი ტიპი გამოიყოფა: 1. ტყავგადაკრული ხის ფარი, 2. ლითონით შეკრულ-შეჭედილი ტყავის ფარი და 3. ლითონით შეკრულ-შეჭედილი ლითონის ფარი.

 

 

ფარის დამზადება დიდ ოსტატობას და გამოცდილებას მოითხოვდა, ამ საქმეში საგანგებოდ დახელოვნებული მჭედელი იყო საჭირო. ფარის მასალად იყენებდნენ ხარის გავის „ნეჯების“ ტყავს, გამოიყენებოდა კამეჩისა და ღორის ტყავიც. ფარის ტყავს გასაშავებლად გაჭვარტლული ქონით ჩაგლესავდნენ. ქართული ფარის დიამეტრი 30-40 სმ იყო. ფარის ტყავ-ლითონი ერთმანეთთან ლითონის სამსჭვლებით მჭიდროდ იყო მიკრული. ტყავის ზედაპირზე, შუა გულში, ოთხკუთხა ფორმის რკინას - „გუმბათის ხატს“ აკრავდნენ, რომლის კუთხეები რკინის წვრილი შოლტებით - „ხიდებით“ იყო წაგრძელებული. ზედაპირზე, ჯვარედინად, ასევე რკინის ორი შოლტი გადაეკვრებოდა. ყველა შოლტს ზევიდან შემოვლებული ჰქონდა კონცენტრული რკალები - „გირგოლები“. მათი რაოდენობა შეიძლება ყოფილიყო ერთი, ორი ან სამი, რის მიხედვითაც „ერთგირგოლიან“, „ორგირგოლიან“ და „სამგირგოლიან“ ფარებს განასხვავებენ.

 

 

ფარის მუცელზე რკინის კაპები იყო ჩამაგრებული, რომლებზეც ტყავის სახელურები - „საბღუჯი“ იყო ჩაბმული. მის ქვემოთ, ფარის ორ კაპზე ტყავის სამხრე - „სამხარიღლიე“ იყო გამობმული.

საქართველოში სხვადასხვა ზომის ფარებსაც იყენებდნენ, რომელსაც შესატყვისი ტერმინებიც გააჩნდა. მაგალითად, „დელამფარი“ დიდი ზომის ფარს ნიშნავს, ხოლო სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „პელტ - ეწოდების მცირესა ფარსა“. ფარის აღმნიშვნელ ტერმინად ძველ ქართულში გვხვდება „დარაკა“, რომელსაც შოთა რუსთაველიც იყენებს: „შემოვლო, ახლოს შემოჰყვა მონა ხმალ-დარაკიანი“.

 

 

ხევსურეთის ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობაში დამოწმებულია „უბისფარის“ არსებობაც, რომელიც ჩვეულებრივ ფართან შედარებით ძალზე პატარა ზომისაა.

მისი დიამეტრი 20-22 სმ-ია. ასეთი ფარები მხოლოდ ერთგორგოლიანია. დამზადებულია რკინის ფირფიტისგან და რკინითვეა შეჭედილი. უბის ფარს, ფარულად, გულის დასაცავად, ჩოხის ქვეშ, უბეში ატარებდნენ. მას საბრძოლველადაც იყენებდნენ. იმ შემთხვევაში, როდესაც მებრძოლს სხვა იარაღი არ გააჩნდა, მარჯვენა ხელით ფარს უბიდან ამოაძრობდა და მოწინააღმდეგეს შემოჰკრავდა. შესაძლოა, რომ ზმნა „ჩაფარება“ სწორედ აქედან მომდინარეობდეს.

გვიანფეოდალურ საქართველოში ოქროსა თუ ვერცხლის ფარის ქონა, საბრძოლო დანიშნულების გარდა, პიროვნების წარჩინებულობასა და სიძლიერეზე მიუთითებდა. ფეოდალურ საქართველოში, ძვირფასი ფარი და ხმალი, საცხოვრებელი სახლის კედლის მორთულობასაც წარმოადგენდა, რომელიც თვალსაჩინო და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილზე ეკიდათ.

საქართველოში დადასტურებულია ფარების ეკლესიაში შეწირვის წესიც. ეკლესიის კედლებზე ჩამოკიდებული ფარები დღესასწაულებზე გარეთ გამოჰქონდათ და ისარს მიზანში ესროდნენ. მოგვიანებით, XVIII-XIX საუკუნეებში, დღესასწაულებზე მიზანში სროლა უკვე თოფის საშუალებით ხდებოდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები