საქართველოს სამხედრო ისტორია
კიდურსაცავი იარაღები

მეომრის ჯავშნის ნაწილს შეადგენდა ლითონის „საწვივე“, რომელიც მეომრის ფეხს მუხლიდან ტერფამდე ფარავდა. „საწვივეები“ ანუ „კნემიდები“ ბერძნული აღჭურვილობის ნაწილია. საქართველოში ანტიკური ხანის არქეოლოგიური ძეგლებიდან ცნობილია ასეთ სამი წყვილი, რომლებიც ბრინჯაოსგანაა დამზადებული, ძირითადად ერთი ტიპის. მუხლი და კუნთები რელიეფურადაა გამოყოფილი, სიგრძეზე გასდევს რელიეფური ქედი. აღმოჩენილია ასევე ბრინჯაოს „საბარკულები“, რომელიც ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

„საბარკული“ „ვეფხისტყაოსანშიც“ არის მოხსენიებული „ჯაჭვი, ხრმალი, მუზარადი, საბარკული მათი მგვანი.” „საბარკული“ სულხან-საბა ორბელიანსაც აქვს განმარტებულ, როგორც „საწვივე აბჯარი”. ხოლო უშუალოდ მუხლის დასაცავ ლითონის ფირფიტას სულხან-საბა „საყირმუზას“ უწოდებს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქართულ ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობაშიც დამოწმებულია ქვედა კიდურების დასაცავი საშუალებები, რომელსაც „საჩერნეები“ ეწოდება. „საჩერნე“, მუხლებს ქვემოთ ასაფარებელი ჯაჭვია. იგი წარმოადგენს წაგრძელებული მართკუთხა ფორმის ნაქსოვ ჯაჭვს, რომელსაც როგორც წვივის (ჩერნის), ასევე ბარკალ-წვივის დასაცავად იყენებდნენ. „საჩერნეზე“ ხშირად „საყირმუზაც“ იყო დამაგრებული. ამ ჯგუფის თავდაცვის საშუალებებიდან ყურადღებას იქცევს ასევე „ჯაჭვის შარვალი“ - ნაქსოვი ჯაჭვი, რომელიც ტყავის შარვალზეა გადაკრული. ჯაჭვზე ლითონის „საყირმუზა-პოლოტიკებია“ დამაგრებული.

 

 

ზედა კიდურების დასაცავი საშუალებებიდან აღსანიშნავია „ხელნავი“ და ჯაჭვის „საფუხრეები“. „ხელნავი“, სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „საომარი სამკლავეა“. ის წარმოადგენს ნავისებური ფორმის რკინის ან ფოლადის ფირფიტას, რომელიც მეომრის ხელს მაჯიდან იდაყვამდე იცავს. კიდურსაცავი მაჯასთან და იდაყვთან ტყავის თასმისა და ბალთის საშუალებით იკვრება. „ხელნავი“ არ არის მხოლოდ ქართული ქმნილება, მას სხვადასხვა ინტერპრეტაციით, მსოფლიოს მრავალი ხალხი იყენებდა.

 

 

ჯაჭვის „საფუხრეები“, („საბუხარი-საფუხარი“, „ხელსაცვამი“) ხელის მტევნის დასაცავი საშუალებაა. არსებობს ორი სახის „საფუხრე“: პირველი - ჯაჭვის ნაქსოვი ხელთათმანია, რომელშიც გამოცალკევებულია მხოლოდ ცერა თითი, ხოლო მეორე არა ხელთათმანი, არამედ ტყავზე დამაგრებული ჯაჭვია, რომელიც ხელის მტევანს ზემოდან იცავს. ცერა თითი გაყრილია ტყავის ქვემოთ არსებულ თასმაში და თასმითვე ხელის გულზე მაგრდება. „საფუხრეები“ „ხელნავებთან“ ერთად თითქმის XX ს-მდე გამოიყენებოდა ქართველ მთიელთა შეიარაღებაში.

 

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები