საქართველოს სამხედრო ისტორია
გულმკერდის საცავი იარაღები

ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით ქართველურ მოსახლეობას, სელის და ტყავის აბჯრები ეცვათ (სტრაბონი და ქსენოფონტე), რომლებიც შემდგომში რკინის ფირფიტებით შეიჭედა.  საქართველოს ანტიკური ხანის ძეგლებზე ნაპოვნია ლითონის (ბრინჯაოს და რკინის) პატარა ზომის ფირფიტები, როგორც ცალკეული ფირფიტების სახით, ასევე ნატეხებად შეკრული. ბრინჯაოსა და რკინის ფირფიტებს საგანგებო მაკრატლის მაგვარი იარაღით გამოჭრიდნენ ლითონის ფურცლისგან. ამის შემდეგ, ფირფიტა იხვრიტებოდა და საფუძველზე ტყავის თასმებით მაგრდებოდა. ასეთი საფარით დაფარულ ჯავშანს სპეციალურ ლიტერატურაში „ქერცლისებურსაც“ უწოდებენ.

შუა საუკუნეების შეიარაღებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა „ბექთარს“, „ჯაჭვის პერანგს“, „თორს“ და ე.წ. რაინდული ჯავშანს, რომლებიც, XIV-XV საუკუნეებში, ძირითადად, დასავლეთ ევროპაში იყო გავრცელებული. 

„ბეგთარი“ და „ჯაჭვის პერანგი“ ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში გვიანფეოდალურ ხანამდე გვხვდება. „ჯაჭვის პერანგი“ იმდენად პოპულარულია, რომ საქართველოს მთიან ზოლში, მაგალითად ხევსურეთში, XIX საუკუნეშიც აქტიურად იქსოვება და პრაქტიკულად გამოიყენება.

საქართველოში უძველესი „ჯაჭვის პერანგი“ დედოფლის გორის (ქარელი) სასახლეშია ნაპოვნი და ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნით თარიღდება. საქართველოში მის გავრცელებას არქეოლოგი იულონ გაგოშიძე რომაელების გამოჩენას უკავშირებს. შუა საუკუნეების ქართული არქეოლოგია რამდენიმე „ჯაჭვის  პერანგს“ იცნობს: ესენია ურბნისში (VI ს.), ზურტაკეტსა (XII ს.) და დმანისში (XII-XIII სს.) ნაპოვნი ჯაჭვის ფრაგმენტები. სამწუხაროდ, ეს ფრაგმენტები ძალიან დაზიანებულია. თორნიკე ერისთავის ჯაჭვის პერანგი, რომელიც ათონის მთის ივერთა მონასტერშია დაცული, შედარებით უკეთესად არის შემონახული, ისტორიკოს მამუკა წურწუმიას დაკვირვებით, ერისთავის ჯაჭვის პერანგი გრძელმკლავიანია, ჩვენამდე მოღწეული ყველაზე გრძელი ნაწილის ზომა 80 სმ-ია, რაც იმის მაუწყებელია, რომ ჯაჭვი მუხლამდე სიგრძის იყო. პერანგის თითოეული რგოლი დამოქლონებულია, ყოველი რგოლი ოთხ სხვა რგოლშია გაყრილი. რგოლებზე დარჩენილია ოქროს ნაშთი, რაც საფიქრებელს ხდის, რომ ჯაჭვი მთლიანად იყო მოოქროვილი. ეს საინტერესო ცნობა ქართული ფეოდალური არისტოკრატიის მაღალ სტატუსსა და დიდ რესურსებზე მეტყველებს.   

აღსანიშნავია, რომ „ჯაჭვის პერანგის“ კლასიფიკაციისთვის, სულხან-საბას ორბელიანს და ივანე ჯავახიშვილს, ერთ-ერთ პრინციპად აღებული აქვთ ჯაჭვის რგოლის -„ჭიკუს“ თავების შეკვრის წესი. ესენია - „ფარეშიანი“, „უფარეშო“ და „დადუღებული“. ჯაჭვი „ფარეშიანია“ თუ „ჭიკუს“ თავები შეკრულია სამსჭვლით, „უფარეშოა“, რომლის თავებიც მხოლოდ მიახლოებულია, ხოლო „დადუღებულია“, როდესაც თითოეული „ჭიკუს“ თავები ერთმანეთზეა შედუღებული. საინტერესოა, რომ ხევსურები ყველაზე საუკეთესოდ დადუღებულ ჯაჭვს მიიჩნევდნენ, რომელიც იქ, XVIII-XIX საუკუნეებში, ხუთ ძროხად ფასობდა, ფარეშიანი ერთი ძროხით ნაკლები ღირდა, ხოლო უფარეშო, კიდევ უფრო ნაკლები.

„ჯაჭვის პერანგებს“, საქართველოში, უმეტესად, ფოლადისგან ამზადებდნენ. ფოლადის სხეპლისგან კრავდნენ ჯაჭვის თვალს - „ჭიკუს“. თვალის ფორმა ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო, ძირითადად მრგვალი. ზეინკალი ადიდას საშუალებით ფოლადის მავთულს სათანადო ზომას მისცემდა, შემდეგ მიღებულ სინს მრგვალ ჯოხზე დაახვევდა და რგოლებს სათითაოდ მაკრატლით დაჭრიდა. „ჭიკუს“ დიამეტრი სხვადასხვა ზომის იყო. ამის შემდეგ იწყებოდა სათითაო რგოლის ასხმა. ერთი ჯაჭვის შესადგენად საჭირო იყო დაახლოებით 15 000-20 000 ჯაჭვის რგოლი.

 

 

სულხან-საბა ორბელიანი გულმკერდის საცავ საჭურველს განმარტავს ჯავშანის ქვეშ: „ჯავშანი არს აბჯარი რკინისა, ტანსაცვამი ჯაჭვი. ხოლო ამა ჯავშანთა გვარნი არიან ხუთ: სამანქანი, ზეიდალი, ხოსროანი, ქირაფქა და ჯაბალა“. შემდეგ თითოეულ მათგანს აღწერს. სულხან-საბას განმარტებიდან ჩანს, რომ ყველაზე საუკეთესო „ჯაჭვის პერანგი“ „სამანქანურია“. საგულისხმოა, რომ „სამანქანური“ და „ზეიდალური“ ჯაჭვის შესახებ „სვანეთის საისტორიო ძეგლებში“ დაცულია ცნობა, კერძოდ: XV საუკუნის ბოლოს, სვანებს დაუხოციათ ჯაფარიძეები. ჯაფარიძეებს სისხლის სანაცვლოდ გადასახადი შეუწერიათ სვანებისთვის. მათ შორის დასახელებულია „სამასი სამანქანური და ზეიდალური აბჯარი”, რაც აშკარად მიუთითებს როგორც ჯაჭვის პერანგის ფართოდ გავრცელებას, ასევე მისი ქსოვის ტრადიციებს. დოკუმენტში ხაზგასმით არის აღნიშნული „დაუდევით სიგელი სუანთა და გარდაიხადეს” ე.ი. სვანებმა შეძლეს სამასი ჯაჭვის პერანგის გადახდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები