საქართველოს სამხედრო ისტორია
საბრძოლო თავსაბურავი

ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით (ჰეროდიტე, ქსენოფონტე, სტრაბონი) ქართველურ ტომებს თავზე ხის ან ტყავის მუზარადები ეხურათ. ასეთი მასალისაგან დამზადებული თავდაცვის საშუალების ნიმუშები, რასაკვირველია, ჩვენ დრომდე ვერ მოაღწევდა. რაც შეეხება ლითონის მუზარადებს, საქართველოს ანტიკური ხანის არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი ყველა მუზარადი ე.წ. „ქალკიდურ“, „ჰოპლიტურ“ მუზარადის ტიპს განეკუთვნება. მათ აქვთ ნახევარსფერული ფორმა, შუბლის არეში ისრისებური შეღრმავება, აქვთ ცხვირსაფარი და ყბისსაფარი. საქართველოში, ჯერჯერობით, აღმოჩენილია ანტიკური ხანის ექვსი მუზარადი, ხუთი ბერძნული და ერთიც რომაული წარმომავლობის.

შუა საუკუნეების საქართველოში „კონუსისებური“, უფრო მეტად კი „სფეროკონუსური“ ტიპის მუზარადები გამოიყენებოდა, რომელიც ამ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფორმას წარმოადგენდა. ისტორიკოსისა და იარაღის მკვლევარის, მამუკა წურწუმიას დაკვირვებით „სფეროკონუსური“ მუზარადის განვითარების გზა საქართველოში ასეთია: ა) შემოქმედის ხატი (XI ს.), ბ) ჯრუჭის II ოთხთავი (XII ს.), გ) ჯალალ ად-დინის მუზარადი (XIII ს. მეორე ნახევარი), დ) ბაყათარის ზუჩი (XIII ს. ბოლო), ე) ვაველის მუზარადი (XIV ს.), ვ) კასტელის და თავაქარაშვილის ჩანახატები (XVII ს).

საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდში დაცული, ქართულ ეთნოგრაფიულ მემკვიდრეობაში არსებული და ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით დამოწმებული საბრძოლო თავსარქველები ძირითადად ოთხი სახისაა: ა) ჯამის ფორმის ჩაჩქანი; ბ) კვერცხისებური მუზარადი; გ) ფაფანაკის ფორმის და დ) ჩაბალახი ლიტონ-ჯაჭვით ნაქსოვი.   

 

 

ქართული საბრძოლო თავსაბურავებიდან ყველაზე დიდი პოპულარობით „ჩაჩქანი“ სარგებლობდა, რომლის დამზადების ტექნოლოგია ხევსურეთის ეთნოგრაფიული მასალით დგინდება. მჭედელი „ჩაჩქნის“ ჯამის რკინას („პოლოტიკს“) გრდემლზე - „ქურთემულზე“ გაასწორებდა, შემდეგ ხის ფარგლით შემოხაზავდა და თარგის საშუალებით მრგვალად გამოჭრიდა „საჩაჩქანეს“, რომელსაც რკინის მორგვზე კვერის დარტყმით, თანდათან, ჯამის ფორმას მისცემდა. ამის შემდეგ, ჩაჩქანს კიდეზე წრიულად დახვრეტდნენ „ზარადის“ (ჯაჭვის ბადის) დასამაგრებლად. ზოგ ჩაჩქანს ზევიდან გადააკრავდნენ ვერცხლის „არშავს“ (დაბალი სინჯის ვერცხლი). „ჩაჩქანს“ შუაში „უსმარს“ (სამჭვალს) უკეთებდნენ.

ცნობილია, რომ „ჩაჩქანის“ დახურვა შიშველ თავზე შეუძლებელი იყო, ვინაიდან ასეთი შემთხვევები ხშირად ტრაგიკულად მთავრდებოდა, ამიტომ ჩაჩქანის ქვეშ „თოქალთოს“ დაგება იყო საჭირო. „თოქალთოდ“ ნაბადს ხმარობდნენ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ჩაჩქანის თოქალთოდ თუშურ ქუდს გამოიყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ სვანური ქუდის ფორმა იმეორებს კვერცხისებური მუზარადის ფორმას, რაც სვანური ქუდის „თოქალთოდ“ გამოყენებაზე მიუთითებს. სვანურ ეთნოგრაფიულ ყოფაშია ასევე დამოწმებული ფაფანაკის ფორმის ლითონის მუზარადიც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ქართული მოვლენაა და ჯერჯერობით მისი ანალოგი არსად დასტურდება.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები