ხანჯალი შედგება ტარის, პირისა და ქარქაშისაგან. ხანჯლის ტარი უმეტეს შემთხვევაში, დამზადებულია ძვლისგან ან რქისგან (ორი ან სამი გობაკით). ფოლადის პირი ერთღარიანი (ცერგასმული), ორღარიანი ან სამღარიანია, არის უღაროებიც ე.წ. ქედიანი პირები. ქარქაში, უმეტეს შემთხვევაში, შავტყავგადაკრულია, ერთი სალტით და ბუნიკით. არსებობს ვერცხლის ტარ-ქარქაშებიც, არის აგრეთვე ძვლის ფირფიტებით გაწყობილიც. ხანჯლები და სატევრები ირთვება თეთრი ან შავი სევადით, ოქროზარნიშით, ვარაყით, ძვალზე კვეთით, ფილიგრანული ტექნიკით, ცვარათი და სხვ. საქართველოში, და მთლიანად კავკასიაში, ხანჯლების დიდ პოპულარობას განსაზღვრავდა ის გარემოებაც, რომ ხანჯალი ჩოხის განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ხანჯლების ფორმა სათავეს შორეული წარსულიდან იღებს. ხანჯლების არსებობა, საქართველოში, არქეოლოგიური მასალით მტკიცდება. მაგალითად, საჩხერის რაიონის არქეოლოგიურ მონაპოვარში, მოდინახეს გვიანანტიკური პერიოდის ერთ-ერთ სამარხში აღმოჩენილია ტიპური ხანჯლის პირი, რომელიც აშკარა „ქედიანი პირია“. თითქმის ასეთი პირები, უფრო გამოკვეთილი ქედით, დასავლეთ საქართველოში (სამეგრელო, იმერეთი), XIX-XX საუკუნეებშიც მზადდებოდა. ასეთივე პირები არც ჩრდილო კავკასიელი ოსტატებისთვისაა უცხო და ხშირად გვხვდება დაღესტნური ხანჯლებიც „ქედიანი პირებით“.
საქართველო იარაღის გამავრცელებელი კერა XVIII-XIX საუკუნეებშიც ყოფილა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველო, ინდოეთთან ერთად, განთქმული იყო მსოფლიოში საუკეთესო ფოლადის წარმოებით. XIX საუკუნეში თბილისში ფოლადის მჭედელთა - ელიზარაშვილების ოჯახი ცხოვრობდა (ეფრემი, ყარამანი), რომელთა მამა, გიორგი განთქმული ხმლის ოსტატი ყოფილა. ხელობა მასაც მამა-პაპისგან უსწავლია და შემდეგ, შვილებისთვის გადაუცია.
ელიზარაშვილის ხანჯალი
საუკეთესო ფოლადის წარმოების საიდუმლოება ელიზარაშვილების ოჯახში, გარკვეული პერიოდი, მკაცრად ინახებოდა. თუმცა, გიორგის ერთ-ერთმა შვილმა, ყარამანმა, 1828 წელს, რუსეთს ქართველი ხალხის მიერ საუკუნეების განმავლობაში გამომუშავებული ქართული ხმლის დამზადების საიდუმლოება გადასცა. ელიზარაშვილების ხმლის დამზადების ტექნოლოგიის შესასწავლად, რუსეთიდან თბილისში, ზლატოუსტის ქარხნის ორი მოწინავე ოსტატი მუშებთან ერთად გამოაგზავნეს. ამასთან დაკავშირებით, რუსი გენერალი პოტო აღნიშნავდა: „ზლატოუსტის ქარხნის მიერ გამოშვებულ საუკეთესო ხმლებად რუსეთის კავალერიაში ყოველთვის ითვლებოდა ის ხმლები, რომლებზედაც აღნიშნულია 1832-33 და 34 წლები, რომლებიც სწორედ ყარამანის შეგირდების მოღვაწეობის პირველ წლებს ემთხვევა“.
ელიზარაშვილების შემდგომ თბილისში მოღვაწეობდნენ საქვეყნოდ ცნობილი მეიარაღეები, რომლებიც იმ დროისთვის საუკეთესო იარაღს ამზადებდნენ და მათი შემოქმედება დღესაც აღაფრთოვანებს დამთვალიერებელს.
ძაძამიძის ხანჯალი
ჯღამაძის ხანჯალი
ჯანელიძის ხანჯალი
იარაღის ოსტატები, თბილისის გარდა ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ოზურგეთში, სიღნაღში, თელავში, ახალციხეში და სხვა დასახლებულ ადგილებშიც მრავლად მოღვაწეობდნენ. ისინი უმაღლესი დონის ხმლებსა და ხანჯლებს ამზადებდნენ, შესაბამისად, ჩამოყალიბდა ქართული სატევრების სახასიათო სკოლები:
იმერული ხანჯალი
მეგრული ხანჯალი
აჭარული ხანჯალი
თბილისური ხანჯალი
კახური ხანჯალი
გამორჩეული ადგილი უკავია ხევსურულ ხანჯლის ტიპს, რომელსაც ადგილობრივები „დაშნას“ ეძახიან. მას ხევსურული ხმლის მორთულობა, ხოლო სატევრის ტარის ფორმა და დანიშნულება აქვს.
ხევსურული ხანჯალი
გარდა ქართული იარაღისა, ჩვენში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ჩრდილო კავკასიური ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ყველაზე თვითმყოფად სახეს დაღესტნური და ჩერქეზული იარაღი წარმოადგენს. მოგვიანებით, XIX ს-ის II ნახევრიდან, ამ სიას ვლადიკავკაზელი ოსტატები უერთდებიან.
დაღესტანში ოქრომჭედლობა და მეიარაღეობა იმდენად მაღალ დონეზე იდგა, რომ საბრძოლო თუ სააღლუმე იარაღს აულების მიხედვით ანსხვავებდნენ. მაგალითად, ყველაზე დიდი მოწონებით ყუბაჩელი ოსტატების ნაკეთობები ფასობდა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაღესტნელი ოსტატები საქართველოს დიდ ქალაქებშიც მრავლად იყვნენ სამუშაოდ ჩამოსული. მაგალითისთვის, მხოლოდ თბილისში, XIX საუკუნის 60-იან წლებში, 100-ზე მეტი დაღესტნელი ოსტატი მუშაობდა. ჩრდილო კავკასიური მეიარაღეობა, ოქრომჭედლობა და ორნამენტი ჰარმონიულად შეერწყა ადგილობრივ ქართულ ტრადიციებს და გემოვნებას.