საქართველოს სამხედრო ისტორია
დასარტყამი იარაღები

ცეცხლსასროლი იარაღების დამკვიდრებამდე, ახლო ბრძოლის დროს, კბილებამდე ჯავშანში ჩამჯდარი მოწინააღმდეგის პირისპირ, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დასარტყმელ საშუალებებს. საქართველოში მრავალფეროვანი დასარტყმელი იარაღების აქტიურად გამოყენებას ადასტურებს ძველ ქართულ წერილობით წყაროებში გამოყენებული მდიდარი ტერმინოლოგიური მასალა, როგორიცაა - „ლახტი“ (ფრთიანი, უფრთო), „გურზი“, „ჩუგლუგი“, „არგანი“, „კვერთხი“, „ამუდა“, „ეკალბურთა“, „ძროხისთავიანი კვერთხი“ და სხვ.

 

 

როგორც დასავლურ და აღმოსავლურ არმიებში, ისე საქართველოშიც ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ფორმის „ლახტები“. აღმოსავლურ არმიებში ამ იარაღის ყველაზე გავრცელებულ ტიპს ე.წ. ზოომორფულთავიანი (ძროხისთავიანი, თხისთავიანი) „ლახტი“ წარმოადგენდა. დასავლურ არმიებში კი „ლახტის“ ერთ-ერთი ძირითადი ტიპი იყო ე.წ. „მორგენშერნი” (დილის ვარსკვლავი), რომელიც ტარის, ჯაჭვისა და ჯაჭვზე დამაგრებული ვარსკვლავის ფორმის ლითონის თავისაგან შედგებოდა. საქართველოში „ლახტის“ ორივე ტიპი კარგად იყო ცნობილი.

 

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქართული „ფრთიანი ლახტი“, რომელიც თითოეულ ფრთაზე ჭვირულად (გამჭოლად) ხმლის ფორმის გამოსახვით ხასიათდება. აღნიშნული ფორმა დასავლეთ საქართველოს უკავშირდება და XVII საუკუნით თარიღდება.

 

 

დასარტყმელ საშუალებებში ერთიანდება საბრძოლო ცულები, რომლებიც ანტიკური ხანიდან მოყოლებული გამოიყენებოდა ქართულ შეიარაღებაში და აგრეთვე „საცერულები“ („ღაჯიები“), რომელთა ხელჩართულ ბრძოლაში გამოყენება ქართული ეთნოგრაფიული მასალით დასტურდება.

საქართველოში ანტიკურ ხანაში გავრცელებული რკინის საომარი ცულების კლასიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ცულის ნაწილების მოყვანილობა, განივკვეთი და პროპორციები. ამ მახასიათებლების გათვალისწინებით გამოყოფილია ორი ძირითადი ტიპი: პირველი - „ჩაქუჩისებურ ყუიანი“, რომელიც არქეოლოგების აზრით წარმოადგენს ე.წ. კოლხური ცულების ერთ-ერთი ტიპის განვითარების შედეგად მიღებულ ფორმას და მეორე ტიპი, რომლისთვისაც დამახასიათებელია სატარე ხვრელთან ჰორიზონტალური გაზიდულობები. ეს გახლავთ ერთგვარი სიახლე ცულის ტექნიკური სრულყოფის გზაზე. სწორედ ეს ნიშანი განაპირობებს ამ ტიპის თავისებურებას ვიწრო წელთან და განიერ პირთან ერთად.

საბრძოლო ცულების გამოყენება ხელჩართულ ბრძოლაში გვიანი ფეოდალური ხანის საქართველოშიც დასტურდება. ამ პერიოდის საბრძოლო ცულები ერთფრთიანი და ორფრთიანია, ხშირ შემთხვევაში ლითონის ტარიანი, რომელიც ბოლოში ოთხწახნაგა შუბისპირით ბოლოვდება.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები