საქართველოს სამხედრო ისტორია
ქართული მშვილდი

ქართველები უხსოვარი დროიდან (პალეოლითი) იცნობდნენ მშვილდ-ისარს, ხოლო ადრე ბრინჯაოს ხანაში, როგორც დიდ (ადამიანის სიმაღლის), ასევე პატარა ზომის მარტივ და შედგენილ მშვილდებს იყენებდნენ. ამ პერიოდიდან მოყოლებული XV-XVI ს-მდე, ვიდრე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ფართო ხასიათს მიიღებდა, ძველთაგან მომდინარე შურდულთან და შედარებით გვიან შექნილ არბალეტთან ერთად, მშვილდ-ისარი შორ მანძილზე სროლის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, თოფის გამოჩენის შემდეგაც, მშვილდი საბრძოლო და სანადირო იარაღის ფუნქციას დიდხანს ინახავდა.

 

 

 

ქართული მშვილდები, მათი დამზადების მასალის მიხედვით, ორი ძირითადი სახისაა - მარტივი (ხის) და შედგენილი (ხე, რქა, ძვალი, ლითონი). მშვილდი კეთდებოდა ადამიანის გაშლილი ხელების სიგრძე, რომელსაც „ყულაჯი“ ეწოდებოდა. მარტივი მშვილდი შედგება მოჭრილი ხის ტოტისგან და მის ორივე ბოლოზე მიმაგრებული დაწნული თოკისგან, რომელსაც ხევსურეთში „საბამი“ ეწოდებოდა. საბამი, ჩვეულებრივ, რქოსანი საქონლის ტყავისგან ან ნაწლავებისგან მზადდებოდა, გამოიყენებდნენ ლერწმის ან სხვა მცენარეულ ბოჭკოსაც. ამ მიზნით, დაწნულ კანაფსაც იყენებდნენ.

მშვილდი, უფრო ხშირად, შოთქვის, თხილის, იფნის და დგნალისგან მზადდებოდა, სამშვილდედ ისეთ ტოტს არჩევდნენ რომელსაც „ჭიდი არ ექნებოდა გოზაში“. სამშვილდეს ერთი კვირა გამოაშრობდნენ და შემდეგ, ერთი-ორი კვირის განმავლობაში, გამოსახარშად  ნაკელში ან ცხენის მჩორეში დებდნენ. სამშვილდეს, ზოგჯერ, ლუდის სახარშ ქვაბში, 3-4 სთ-ის განმავლობაში, ლუდთან ერთად ხარშავდნენ. მშვილდის გამოხარშვა არყის ბუყშიც იცოდნენ („ბუყი“ - არყის გამოხდის შემდეგ დარჩენილი ნაძირალი). გამოხარშვის შემდეგ სამშვილდეს  ქერქს გააცლიდნენ და შუაში „სახელურას“ დაუტოვებდნენ. რაც უფრო სქელი იყო „სახელურა“ მით უკეთესად ითვლებოდა, ვინაიდან ეს ზრდიდა „გოზანების“ დრეკადობას. („გოზა“ - სახელურასა და კილონს შორის (მხარის) ყველაზე მაღალი წერტილი). „გოზანებს“ გვერდებს ჩაუთლიდნენ ელასტიურობისთვის და შემდეგ მათ თანაბარ დრეკადობას მუხლზე მოსინჯავდნენ. ამის შემდეგ, „გოზანებს“ ბოლოში სამკუთხა ფორმის ჭდეები უკეთდებოდა, რომელსაც „კილონი“ ეწოდება და საბამის დაჭიმვას ემსახურება. საბამი მშვილდის ერთ ბოლოში მკვიდრად იყო დამაგრებული, ხოლო თავში მარყუჟი ჰქონდა გამონასკვული, რომლის საშუალებითაც ხდებოდა მშვილდის „ჩამოყრა“ ან დაჭიმვა.

„მარტივი მშვილდის“ კატეგორიაში  ერთი მერქნისგან დამზადებული მშვილდები ერთიანდება, რომელთაც მუშა მდგომარეობაში მოყვანამდე გაიარეს, ან არ გაუვლიათ, სხვადასხვა დამუშავება (ნაკელში, მჩორეში, ლუდში, ბუყში და სხვ.), მათ რიცხვში შედის აგრეთვე ისეთი მშვილდები, რომელთაც „გოზანების“ გასაძლიერებლად დახვეული აქვს ტყავი, ნაწლავი, ლითონის მავთულები ან სხვა სარტყელები (ასეთ მშვილდებს ზოგიერთი მკვლევარი „რთული მშვილდების“ კატეგორიაში განიხილავს). „მარტივ მშვილდებს“ სულხან-საბას ორბელიანის განმარტებით „ბზაკალი“ ეწოდება („ბზაკალი - ხის მშვილდი, გინა ბზის ხის კოპიტი“).

 

 

„შედგენილი მშვილდის“ კატეგორიაში ერთიანდება ისეთი მშვილდები, რომლებიც შედგება სხვადასხვა მასალისაგან (ჩანართებისაგან - ძვალი, რქა, რკინა, ხე და სხვ.). ამ მხრივ, საინტერესოა ვახუშტი ბატნიშვილის ცნობა გუდამაყრელთა შესახებ: „მშვილდმომქმედნი, აკეთებენ რქისაგან მჯიხვისა, თხისაგან და ხართაგან“. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, რქისაგან დამზადებულ მშვილდს „აჯის მშვილდი“ ეწოდებოდა. ამავე კატეგორიას განეკუთვნება „ორგოზა“ ან „სამგოზა მშვილდები“ (განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სვანური „სამგოზა მშვილდი“, რომელსაც ჯერჯერობით ანალოგი არ აქვს). საყურადღებოა აგრეთვე საქართველოში „ჯიღა მშვილდების“ არსებობაც. საბას განმარტებით - „ტყეთა შინა სასხლეტად მორთვენ მშვილდ-ისართა. რა ნადირნი გავლიან, შესძრავს, დასხლტება, მოჰკლავს“. ჯიღა მშვილდი, როგორც ჩანს „მახე მშვილდი“ ყოფილა.

ნიშანდობლივია, რომ ქართულ შეიარაღებაში „არბალეტიც“ გამოიყენებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წერილობით წყაროებში ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ, ამ მხრივ საინტერესო დოკუმენტაციას, აღნიშნულ მოსაზრებას ქართული ეთნოგრაფიული მონაცემები ამყარებენ, რომელთა მიხედვითაც, საქართველოს რამდენიმე კუთხეში დაფიქსირებულია ასეთი იარაღი და გარკვეულია მათი ტერმინოლოგია: სვანეთში - „ცხემი“; აღმოსავლეთ საქართველოში - „კონდახიანი მშვილდი“;  ხევსურეთში - „სასხლეტიანი“. დასახელებული სამი ტერმინი სრულიად ადასტურებს საქართველოში არბალეტის ტიპის იარაღის არსებობას.

მშვილდს მხარზე ან მხარიღლივ გადაკიდებულს ატარებდნენ. არსებობდა აგრეთვე მშვილდის „შთასადებელი“ რომელსაც „ხილიფა“ ეწოდებოდა, ხოლო საისრეს, ისრის ქარქაშს - „კაპარჭი“.

საინტერესო ტექნოლოგიური პროცესებით მიმდინარეობდა ისრის დამზადება, რომელიც შეიძლება ითქვას, ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა. სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „ჯოლბორდი” ისრის მთლელია. სულხან-საბა ასახელებს ათამდე ისრის სახეობას: „საყალნო“, „სარჩა“, „ქეიბური“, „ქიბორჯი“, „ბოძალი“, „ყოდალი“, „ღრჯა“, „სეფქა“, „გეზი“, „სამალი“. ორბელიანი აღნიშნავს - „სხვანიც რამ ისარნი არიან რომელსამე ბორბ(ა)ლად უწოდენ და სხვასა და სხვასა, ხოლო ყრმათა ისარცუდასა - წინწკიტელა”. როგორც ვხედავთ, ისრისპირებს მრავალფეროვანი ფორმა ჰქონდათ, რაც მათ სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებაზე მიუთითებს. ზოგი ძვირფასბეწვიან ცხოველზე სანადიროდ გამოიყენებოდა, ზოგი სათევზაოდ, ზოგი ცეცხლის გასატყორცნად, ზოგიც აბჯრის გასახვრეტად და ა.შ.

 

 

მშვილდის მოზიდვის თავისებურებათა თვალსაზრისით, მსოფლიო სამეცნიერო ლიტერატურაში, ცნობილია ექვსი სხვადასხვა წესი. ნიშანდობლივია, რომ ეთნოგრაფმა ვასილ ელაშვილმა, საქართველოს ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, კიდევ უფრო განავრცო აღნიშნული კლასიფიკაცია. კერძოდ, თუშური მონაცემების მიხედვით მან დაადგინა მშვილდის მოზიდვის შემდეგი წესები და ვარიანტები: 1. „წიკუთ მოწევა“; 2. „უბრალოდ მოწევა“; 3. „მჯიღით მოწევა“; 4. „ჯიგვური მოწევა“ და 5. „მუჯუგნით მოწევა“. ამათგან, მშვილდის მოზიდვის პირველი, მეოთხე და მეხუთე წესები საერთოდ უცნობია მშვილდის მოზიდვის ზოგადი კლასიფიკაციისთვის.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები