საქართველოს სამხედრო ისტორია
სატყორცნი იარაღები

სატყორცნი იარაღებიდან, ძირითადად, „საგორველს“, „შურდულს“ და „ფილაკავანს“ განვიხილავთ.

„საგორველი“ წარმოადგენს დიდ ქვას, რომლის დანიშნულება იყო მისი საბრძოლო სიმაღლიდან დაგორება ან ციხე სიმაგრიდან გადმოგდება, რათა გარშემორტყმული მტრისთვის ზიანი მიეყენებინათ.

„შურდულიც“ ქვის სროლის საშუალებაა, ოღონდ მცირე ზომის ქვის მიზანში სროლისთვის. „შურდული“ ერთ-ერთი უძველესი საბრძოლო იარაღთაგანია, რომელსაც თავის დროზე თითქმის ყველა ხალხი იყენებდა.

 

 

„შურდული“ მარტივი კონსტრუქციისაა, იგი სამი მთავარი ნაწილისგან შედგება - საქვე და ორი მანა. საქვეს ბოლოების გაგრძელებას ერთი და იგივე მასალისგან (საქონლის ტყავი, შალის ქსოვილი, ძუა ან ქალის თმა) დაწნული ორი მანა წარმოადგენს. ქვის სროლის ეს მარტივი საშუალება, გამოცდილი მეშურდულის ხელში, მომაკვდინებელ იარაღად გადაიქცეოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცეცხლსასროლი იარაღის განვითარების პირველ ეტაპზე მეშურდულე უფრო ზუსტად ესროდა ქვას მიზანში, ვიდრე მეთოფე ტყვიას.

ქვის სროლის საშუალებებიდან, „შურდულის“ გარდა, საქართველოში ცნობილი იყო აგრეთვე „კუდბაწარა“, „რიკტაფა“, „გოგრიჭი“, „ხრიკოლა“, „გვრიჭილა“ და სხვ.

შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული საბრძოლო მანქანების სამი ძირითადი სახეობა: „ბალისტა“, „კატაპულტა“ და „ტრებუშეტი“. თითოეული მათგანი მრავალ ქვესახეობას შეიცავდა, მაგრამ ზოგადი ფორმა და მოქმედების პრინციპი მათ საერთო ჰქონდათ. საალყო მანქანები სამხედრო ისტორიაში, დადასტურებულად, ძვ.წ. VI საუკუნიდანაა ცნობილი. მათ ორი ძირითადი დანიშნულება ჰქონდათ, შორი დისტანციებიდან მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის განადგურება და სიმაგრეთა კედლების დანგრევა.

„ბალისტა“ გიგანტურ არბალეტს წარმოადგენდა და დიდი ზომის ისრებს (1-3 მ) შორ დისტანციაზე ისროდა. „ტრებუშეტი“ დიდი ზომის საალყო მანქანას, შუა საუკუნეების მძიმე არტილერიას წარმოადგენდა, რომელიც მცირე აზიაში ჩინეთიდან, სელჯუკების მეშვეობით გავრცელდა, საიდანაც XI საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიაში შევიდა, ხოლო პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ევროპულ არმიებში გამოჩნდა. საბრძოლო მანქანების გავრცელების არეალის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა მათი საქართველოში გამოყენება. 

„ფილაკავანიც“ ქვის სროლის საშუალებაა, რომელიც „კატაპულტის“ მსგავსი იარაღი უნდა ყოფილიყო და ასევე აქტიურად გამოიყენებოდა ბრძოლების დროს, ვიდრე დისტანციურ ბრძოლებში ცეცხლსასროლმა იარაღმა (ზარბაზანმა) არ დაიმკვიდრა ადგილი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები