საქართველოს სამხედრო ისტორია
შუბი

შუბი სატყორცნ-საძგერებელი იარაღის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც შუბისპირისა და ტარისგან შედგება. ვინაიდან შუბის ტარი, მისი ორგანული წარმოშობის გამო, არქეოლოგიურ მასალაში არსად არის დაფიქსირებული, არქეოლოგიური შუბების კლასიფიკაციაში, ტარის სიგრძე, გამსაზღვრელ როლს არ თამაშობს, ფეოდალური საქართველოს დროინდელი შუბებისგან განსხვავებით. არქეოლოგიური შუბისპირი მასრისგან და ორლესული საძგერებლისგან შედგება, რომელსაც აქვს წვერი და მხრები - მასრიდან პირზე გარდამავალი მონაკვეთი. ფორმათა მოყვანილობის მიხედვით არქეოლოგები განასხვავებენ რამდენიმე ტიპს, როგორიცაა ვიწროპირიანი შუბისპირი, წაგრძელებული რომბისებური, ე.წ. ლანცეტური და სხვა, ასევე, გრძელმასრიანი და გრძელპირიანი, ფართოპირიანი და ა.შ.

შუბი იყო საძგერებელი იარაღი, რომელსაც, კონსტრუქციის სიმარტივის (ხის ტარზე ჩამოცმული ლითონის წვერის) მიუხედავად, მრავალმხრივი დანიშნულება და ფუნქციები გააჩნდა. შუბთან ერთად, შუა საუკუნეებში, ფართოდ გამოიყენებოდა ამ ტიპის იარაღის მრავალი სხვადასხვა ქვესახეობა, მაგალითად ალებარდები, კორსეკები, აფთები, რომელთაც უფრო ფართო (ცელისებრი, ნაჯახისებრი და ა.შ.) პირი ჰქონდათ, რითაც იარაღის ეს ტიპები დამატებით საჩეხ ფუნქციასაც იძენდა, თუმცა ამით მათი მთავარი დანიშნულება არ იცვლებოდა.

 

 

„შუბი“ მრავალჯერ არის ნახსენები ქართულ წერილობით წყაროებშიც. XII საუკუნეში ეს ტერმინი უკვე ისეა გაბატონებული, რომ წინანდელი ტერმინი „ჰოროლი“ დაჩრდილულია ან სრულებით აღარ გვხვდება. გვიანფეოდალური ხანიდან კი „შუბი“ ყველაზე გავრცელებულ ტერმინად გვევლინება, როგორც სალიტერატურო ენაში, ისე ეთნოგრაფიულ მეტყველებაში. შეიძლება ითქვას, რომ ყველა იმ ტერმინის ნაცვლად, რომელიც სატყორცნ-საძგერებელ იარაღს გამოხატავდა („ჰოროლი“, „აკინაკი“, „ლახვარი“, „გმური“, „ხიშტი“, „ლიბანდაკი“, „წათი“, „მაზრაკი“, ზუფანი“, „სათხედი“, „ხელშუბა“, „გეონი“ და სხვ.), „შუბი“ დამკვიდრდა. ჩამოთვლილი სატყორცნ-საძგერებელი იარაღები განხილული აქვს სულხან-საბა ორბელიანს, რომელთაც იგი ზოგად სახელად „ლახვარს“ უწოდებს და ტარის (ბუნის) სიგრძისა და პირის ფორმა-მოყვანილობის მიხედვით, მათ შეძლებისდაგვარად განმარტავს. მაგალითად: „ოროლი არს, რომელსა აკინაკად უხმობენ, ლახვარი ორ-პირი და ბუნ-გრძელი; გმური არს ლახვარი პირ-ბრტყელი და ბუნ-გრძელი; სათხედი არს ლახვარი პირ-ბრტყელი და ბუნ-ზომიერი, ვიეთნი ხელშუბას უხმობენ“ და ა.შ.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები