საქართველოს სამხედრო ისტორია
ზოგადი მიმოხილვა

ქართველები ოდითგანვე საუკეთესო მეომრებად იყვნენ ცნობილი, რასაც ერთხმად ადასტურებენ ბერძენი, რომაელი, ბიზანტიელი, არაბი, თურქი, სპარსი თუ სომეხი მემატიანეები. მათ აღნუსხული აქვთ მრავალი ისტორიული ფაქტი, როდესაც ქართველებს რიცხობრივად რამდენჯერმე აღმატებული მოწინააღმდეგე დაუმარცხებიათ. ქართველი ერი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მუდმივ მზადყოფნაში იყო, რამაც თავისი კვალი დააჩნია, თავისებურად განსაზღვრა და შესაფერი ხასიათი მისცა ქართულ იარაღსა და სამხედრო საქმეს.

საქართველოში, მეომრის გარდა, ცხენის შეჯავშნაც იცოდნენ. ცხენის ჯავშნის ტრადიცია  აღმოსავლურ არმიებში გაჩნდა და შემდგომ, დანარჩენ მსოფლიოში გავრცელდა. ქართულ წერილობით წყაროებში ხშირად არის ნახსენები „თოროსანი ცხენი“ ან „ტაიჭი, შეჭურვილი ჯავშნითა“ და სხვ. მაგალითად, ჯუანშერის აღწერილობით ვახტანგ გორგასალი ჯავშნიანი ცხენით იბრძოდა - „განაწესა ვახტანგ სპანი... და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა და აღიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა“...

მხედრის საომარი აღჭურვილობა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. განსაკუთრებით აქტუალურია ცხენის შეჯავშნა ცეცხლსასროლი იარაღების დამკვიდრებამდე, XV-XVI საუკუნეებამდე. ამ პერიოდამდე მეომრის აღჭურვილობას წარმოადგენდა: მუზარადი, ჯაჭვის პერანგი ან ბეგთარი, მშვილდ-ისარი, მახვილი, შუბი, შურდული, გურზი ან ცული და ფარი. ხოლო ცხენი შეჯავშნული იყო ჯაჭვის ბადით, ტყავით ან ლითონის ფირფიტებით. გვიან ფეოდალურ ხანაში მეომრის სამხედრო აღჭურვილობაში შედიოდა - მუზარადი ან ჩაჩქანი, ჯაჭვის პერანგი, საჩერნე, საფუხრე, ხელნავი, ხმალ-ხანჯალი, თოფ-დამბაჩა, საპირისწამლე, აბგა ტყვიებით, ძონძი, ქონი-საქონეთი, კაჟი.

ამ პერიოდში, საბრძოლო ცული და გურზი იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება. ცხენი უკვე აღარ არის შეჯავშნული ისეთი სიხშირით, როგორც განვითარებული ფეოდალიზის პერიოდში, რადგან წინა პლანზე იწევს მხედრის მობილურობა. მხედრის დამძიმება აღარ შეიძლებოდა, მით უმეტეს, ცეცხლსასროლ იარაღთან პირისპირ. საგულისხმოა, რომ მეომრის აღჭურვილობის შემადგენელ ნაწილს, ასევე, საომარი საგზალი წარმოადგენდა. ეს იყო არამალფუჭებადი საკვები, მათ შორის ჩურჩხელა, ჩირი, მშრალი ხორცი, ორჯერ გამომცხვარი პური.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები