საქართველოს სამხედრო ისტორია
თბილისური ხმალი

დახასიათებული „უნგრული” ხმლების გარდა, რომელთა პირებიც გერმანიიდან იყო შემოტანილი, თბილისში ადგილობრივი, ქართული ხმლის პირები მზადდებოდა.

XVIII-XIX საუკუნეებში საქართველო იარაღის გამავრცელებელი კერა ყოფილა. რუსი პოლკოვნიკი ბურნაშოვის ცნობით, XVIII საუკუნის თბილისის შესახებ აღნიშნულია, რომ კავკასიის ხალხებსა და მახლობელ ირანელ მეზობლებს ხმლებსა და ხანჯლებს, სხვა ნივთებთან ერთად, თბილისიდან აწვდიდნენ. ჩამოთვლის რა თბილისურ საბრძოლო იარაღის სახეებს, იოანე ბატონიშვილიც მიუთითებს: „იხილეს მუნ მეჩახმახეები, მეთოფეები და ხმლის მკეთებლები...“ გრიგოლ გაგარინის მიერ დახატულ თბილისის ბაზრის წინა პლანზეც სწორედ ხმლებით ვაჭრობაა ასახული. ნახატის განმარტებაში გაგარინი აღნიშნავს, რომ თბილისის ბაზრის ქუჩებში ნახავდით იარაღის ოსტატებს, რომლებიც ხმლებს ჭედდნენ. თბილისში საიარაღო საქმის ასეთი აყვავება არ იყო გასაკვირი, რადგან თბილისი, იმ დროს, კავკასიის დედაქალაქი იყო. აქ მოღვაწეობდნენ, როგორც ქართველი ისე, სხვა ეროვნების ოსტატები, რომელთა ნახელავი ცივი იარაღი შესაძლებელია თბილისური ხმლების კატეგორიაში გაერთიანდეს.

 

 

„თბილისური ხმალი“. უქარქაშო, მთლიანი სიგრძე - 95 სმ, პირის - 81,5 სმ. ხმალი 1941 წელს აგრაფინა ჭეიშვილისაგან არის შეძენილი. ხმლის პირი დამზადებულია დამასკური ფოლადისგან. ცალლესულია, ორღარიანი, ოდნავ მოხრილი, აქვს 21 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირის ორივე მხარეს, ყუასთან ახლოს, ვადიდან შაშარამდე, ორ-ორი ღარი მიჰყვება. ზედა შედარებით ვიწრო, ხოლო მეორე ფართო. ხმლის ღარებში ვიზუალური დაკვირვებით კარგად ჩანს დამასკური ფოლადის სტრუქტურა, რომელიც ხმალს თითქოს ორნამენტად მიუყვება. პირის ზედა მხარეს შტამპით რვაწახნაგიანი დამღაა შესრულებული. აღნიშნული ტიპის დამღები იმ თბილისელ ოსტატებს ეკუთვნოდა, რომლებიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდნენ. დამღიდან გამომდინარე, ასეთი ხმლები თბილისური ხმლების კატეგორიაში ერთიანდება. ხმალზე დაგებულია ფოლადის ვადაჯვარი, რომლის ზედაპირზე თითბრის ზარნიშით შესრულებული ორნამენტის კვალი ჩანს, იკითხება გეომეტრიული ფიგურებიც. ტარი დამზადებულია ხისგან, რომელზეც გადაკრული უნდა ყოფილიყო შავი ტყავი. ტყავი დაზიანებულია. ტყავს ზემოდან გადაკრული აქვს დაბალი სინჯის ვერცხლის ორნამენტირებული სამი ფირფიტა, ვერცხლის ფირფიტითაა დაფარული ტარის მოხრილი ადგილიც (ქუდი). „ვაშლის“ ბოლო (ტარის ბოლო) ორკაპაა და პირდაღებულ ცხოველს მოგვაგონებს. ტარის ზედაპირი, სალტეების გარშემო, შეჭედილია 12 გობაკით. ასეთი ტარები ქართული ხმლებისთვისაა დამახასიათებელი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები