საქართველოს სამხედრო ისტორია
უნგრული ხმალი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში ინტენსიურად მზადდებოდა „შაშკის“ ტიპის ხმლები, რომლებიც XIX საუკუნის ქართველი ჩოხოსნის უცილობელ ატრიბუტს წარმოადგენდა, მოვერცხლილ ან მოოქროვილ ქამარ-ხანჯალთან ერთად. ამ პერიოდის საქართველოში, კერძოდ თბილისში, უკვე არსებობდა ძვირფასი ლითონების სასინჯი პალატა, რომელიც  კეთილშობილი ლითონისგან დამზადებულ ნივთებზე შესაბამის დამღას კვეთდა. ამ დამღების არსებობით დგინდება ზოგიერთი ხმლის წარმომავლობა. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც შაშკის ტიპის „უნგრულ“ ხმალზეა საუბარი.

„უნგრული“ ხმალი. მთლიანი სიგრძე - 94 სმ, პირის სიგრძე - 78,5 სმ. ნივთი 1978 წელს გ. გ. ცქიტიშვილისაგან არის შეძენილი. პირი დამზადებულია ფოლადისგან, ორღარიანია, ცალლესული, მოხრილი. აქვს 20 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირზე, ვადიდან წვერამდე, ორი ფართო ღარი მიჰყვება. პირის ერთ მხარეს, შუა წელზე, გამოსახულია ხმალამოწვდილი ჰუსარი, ქვემოთ კი ორმწკრივად წარწერაა: „PRO DEO ET PATRIA“ („ღმერთისა და  მამულისთვის“). წარწერის ქვემოთ ორქიმიანი ჯვარია, განშტოებებზე რგოლებით. ჯვრის ქვემოთ წარწერაა სამ მწკრივად - „PRO PATRIA ET LIBERTAT VITAM“ („სიცოცხლე მამულისა და თავისუფლებისთვის“). წარწერის ქვემოთ გამოსახულია მოფრიალე ლენტი გაკრული წარწერით - „E.Luckhau“.  ხმლის მეორე მხარეს შემდეგი გამოსახულებებია: შუა წელზე ღრუბლებში მდგომი ღვთისმშობელი ყრმით, ქვემოთ წარწერა - „(P)ATRONA UNGARIA ...RCO MARIA“ („უნგრეთის მფარველი ქალწული მარიამი“). ამ წარწერის ქვემოთ გამოსახულია გერბი სამეფო გვირგვინით. ქვემოთ კი მოცემულია ასევე მოფრიალე ლენტი გაკრული წარწერით - „Eisenhauer“ (ზოლინგენში არსებული ერთ-ერთი საიარაღო ქარხნის ნიშანი). აღნიშნული დამღები უნგრული წარმომავლობისაა, მაგრამ XIX საუკუნეში ისინი ზოლინგენში არსებულ ქარხნებში გამოიყენებდა. საყურადღებოა, რომ საქართველოში უნგრული ხმლები XVII-XVIII საუკუნეებიდანვე იყო ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

XIX საუკუნეში, გერმანიაში დაიწყეს უნგრული დამღიანი ხმლების დამზადება, რომლებიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და მთელ კავკასიაში. აღწერილი პირი გერმანული ვარიანტია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ამ დამღის ქართული მინაბაძებიც არსებობდა. ხმალზე დაგებულია ვერცხლის ტარი, რომლის მთლიანი ზედაპირი სევადით გამოყვანილი ორნამენტებითაა მორთული. ტარის შუა ნაწილზე, სამ ადგილას, ცვრიანი მავთულია გადახვეული. ტარის გაფართოებული ბოლო, ზემოდან, სოლისებურად ჩახსნილია. ამ ადგილზე არის სევადით შესრულებული ვარდული (წრეში გამოსახული ვარდის ორნამენტი), რომელიც თითქოს წრიულ ჩარჩოში ზის. ქარქაში დამზადებულია ხისგან, რომლის ზედა ნაწილზე, 2/3-ზე, წითელი ტყავია გადაკრული, ხოლო ქვედა ნაწილზე - მწვანე და შავზოლიანი ქსოვილი. ქარქაშზე მოცემულია 2 სალტე, ერთი 11 სმ სიგრძის - ქარქაშის თავთან და მეორე 3 სმ სიგანის - ქარქაშის ტყავისა და ქსოვილის შეერთების ადგილზე. ორივე სალტე სევადით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით არის მორთული. ზედა სალტეზე ისეთივე მოსევადებული ვარდულია, როგორიც ხმლის ტარზე იყო გამოსახული. ქარქაშს აკლია ბუნიკი. დაზიანებულია ქსოვილი. ხმალი ქარქაშში ეგება ტარის გაფართოებულ ადგილამდე. ქარქაშის ზედა სალტეზე, კიდესთან ახლოს, მოცემულია დამღა - მცირე მართკუთხედში ჩასმული წმინდა გიორგი, რომელიც გველეშაპს გმირავს, შემდეგ, ასევე მართკუთხედში, ჩასმულია ციფრი „84“ (ვერცხლის სინჯი) და მართკუთხედშივე ორმწკრივად ასოები - „E.B.“ (ე.ი. ბლუმბერგი, სასინჯი პალატის კონტროლიორი) და თარიღი 1863 წელი. ასეთ დამღებს თბილისის ოლქის სასინჯი პალატა 1843-1886 წლებში იყენებდა. „თბილისური“ დამღის არსებობა საშუალებას იძლევა აღნიშნული ხმალი თბილისელ ოსტატებს მივაკუთვნოთ და აღვნიშნოთ, რომ  XVII-XVIII საუკუნეებიდან დაწყებული, „უნგრული“ ხმლები საქართველოში იმდენად პოპულარული იყო, რომ XIX საუკუნის თბილისელი ოსტატები ამ ხმლებს აქტიურად ამზადებდნენ.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები