საქართველოს სამხედრო ისტორია
ლეკური

სულხან-საბა ორბელიანი განმარტავს: „ლეკური უვადო ხმალია, გინა ლეკეთისა. უვადო ხმალია საკიდარი“. ამ ხმლის შესახებ კონსტანტინე ჩოლოყაშვილი გვაუწყებს: „უვადო ხმალი, რომელსაც ტარზე „ხმლის ჯვარედი“ არ ჰქონდა (ამ ჯვარს არც წარმომავლობით და არც დანიშნულებით ჯვრის გამოსახულებასთან საერთო არა აქვს). ლეკურს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები. ლეკური, ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად, გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიაში, ნაწილობრივ საქართველოში (იმერეთში). უვადო ხმალი, როგორც მკვეთელი იარაღი, თავისი საბრძოლო თვისებებით, ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა“.

საფიქრებელია, რომ საქართველოში ცნობილი ხმალი „ლეკური“ კავკასიაში ძალზედ გავრცელებული ხმლის სახეობა - ე.წ. შაშკა უნდა იყოს. მისი სახელწოდება ჩერქეზულიდან მომდინარეობს და „დიდ დანას“ ნიშნავს. წერილობით წყაროებში „შაშკა“ პირველად 1625 წელს, იტალიელ მოგზაურს ჯოვანი დე ლუკას ჩერქეზების აღწერილობაში აქვს მოხსენიებული. „შაშკა“ XVII ს-დან დაწყებული, თითქმის მთელ კავკასიაში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

 

 

„შაშკა“ კავკასიელი მეომრის აღკაზმულობის უცილობელ ატრიბუტად იქცა. „შაშკები“ საქართველოშიც მზადდებოდა და როგორც მთელ კავკასიაში, ჩვენთანაც კარგად იყო ცნობილი. ტერმინი „შაშკა“ ქართულ მეტყველებაში არ დამკვიდრდა, მას როგორც „უვადო ხმალს“, „ლეკურს“ მოიხსენიებდნენ. „შაშკა“ შედგება ტარისა და ოდნავ მოხრილი პირისაგან. ტარი ჰქონდა ძვლის, რქის, მთლიანად ლითონის, ან ნახევრადკომბინირებული. ტარი ბოლოში მასიური, ზემოდან ჩაჭრილი სოლისებურად, ანუ ორკაპა ფორმის. „შაშკის“ პირი ოდნავ მოხრილია, შეიძლება იყოს ერთი, ორი ან სამღარიანი. პირზე სხვადასხვა ადგილობრივი ან ევროპული ფალსიფიცირებული დამღებია გამოსახული. ქართული „შაშკების“ გამოყოფა კავკასიური ვარიანტებიდან ლითონზე შესრულებული ორნამენტების, დამღებისა და ქარქაშის მორთულობის მიხედვით არის შესაძლებელი. კავკასიური „შაშკის“ ტარი ქარქაშში თითქმის ბოლომდე იფარება, ამიტომ იგი სხვა ტიპის ხმლებისგან ადვილი გამოსარჩევია.

 

 

„ლეკური“ ხმალი. მთლიანი სიგრძე - 97 სმ, პირის სიგრძე - 83,5 სმ. ხმალი 1959 წელს ნ. ი. თულაშვილისაგან არის შეძენილი. პირი დამზადებულია ფოლადისგან, ცალლესულია, ორღარიანი, მოხრილი. აქვს 22,5 სმ შაშარი (ორლესული წვერი). პირზე, ყუასთან, მოცემულია ორი - ფართო და ვიწრო ღარი, რომლებიც ვადიდან შაშარის შუაწელამდე მიჰყვება. პირის ერთ მხარეს შტამპით შესრულებული დამღაა. დამღას კვადრატული ფორმა აქვს, ზედა მხარეს გუმბათისებურად ბოლოვდება, გუმბათზევე სამეფო გვირგვინის ფორმის ნიშანია დასმული. დამღის გუმბათში გამოსახულია ქართული ასო „გ“ და მის მუცელში ჩასმულია ასო „ვ“. დამღის ინიციალები იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართველ ოსტატს ეკუთვნის. დამღის კვადრატულ ნაწილში ორ მწკრივად რუსული წარწერაა: ზედა მწკრივში „ТИФ“, ხოლო ქვემოთ „ЛИС“. ვინაიდან, დამღაზე რუსული წარწერაა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დამღა ქართველი ოსტატის მიერ 1801 წლის შემდეგ არის შესრულებული. ხმლის პირზე დაგებულია ფოლადის ტარი, რომლის მთლიანი ზედაპირი ოქროზარნიშით შექმნილი ყვავილოვანი ორნამენტებით არის დაფარული. ასეთი ორნამენტი თბილისური სკოლისთვის არის დამახასიათებელი. ტარის ბოლოს გაფართოებული ნაწილი ჩაჭრილია სოლისებურად და ორკაპა სახე აქვს. ქარქაში დამზადებულია ხისგან, რომელზეც მოყავისფრო-მოშავო ფერის ტყავია გადაკრული. ქარქაშზე, თავთან, სამკუთხედად წაწვეტებული ოქროზარნიშით მორთული სალტეა, შუაში ორი ორსანტიმეტრიანი სიგანის სალტე, ბოლოში კი სამკუთხედად წაწვეტებული ბუნიკი. ქარქაშის სალტეები და ბუნიკი ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით არის მორთული, რომლებიც ტარის მორთულობას იმეორებს. ქარქაშის შუა სალტეებზე მირჩილულია მართკუთხა ფორმის თასმის გასაყრელები, რომლებშიც გაყრილია ტყავის თასმები, ხოლო ამ უკანასკნელზე, ოქროზარნიშით მორთული გობაკებით, ტყავის ვიწრო ქამარია დამაგრებული. ტყავის ქამარზე მიმაგრებულია ენიანი ბალთა, გობაკები და ხიდები, სულ 14 ნაწილი. ყველა ეს დეტალი ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით არის მორთული. ხმალი ქარქაშში ეგება ტარის ბოლოში მოხრილ ადგილამდე. აღწერილი ნივთი ქართული „შაშკა“ ხმლების ანუ „ლეკურის“ ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები