საქართველოს სამხედრო ისტორია
დავითფერული

საქართველოში დადასტურებულია ხმალი „დავითფერული“. არსებობს ამ ტერმინის წარმომავლობის სხვადასხვა ვარიანტი. ერთ-ერთი ვერსიით, „დავითფერულის“ ხმალს, დიდ ქართველ მეფეს დავით აღმაშენებელს უკავშირებენ. მეორე ვერსიით კი, XVI საუკუნის იტალიელ მეიარაღე ოსტატებს, ძმებს - ანდრეა (1530-1583) და ჯანდონატო (1560-იანი წლები) ფერარებს. კონსტანტინე ჩოლოყაშვილის განმარტებით, „დავითფერული - სწორი, პირბასრი, დრეკადი, სამღარიანი ხმალია. ამზადებდნენ საუკეთესო ფოლადისაგან. ფერად „ლიბრი“ (მოლურჯო) იყო. გორდასთან ერთად ერთ-ერთ საუკეთესო, „ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ” ხმლად ითვლებოდა მთელ საქართველოში და ძვირად ფასობდა“.

ისტორიკოსი და ეთნოგრაფი სერგი მაკალათია „დავითფერულის“ ფასს XIX საუკუნის ბოლოსთვის 25 ძროხით განსაზღვრავს. ხმალზე ყურადღებას ენათმეცნიერი ალექსანდრე ჭინჭარაულიც ამახვილებს და ხალხური პოეზიიდან მაგალითები მოჰყავს:

 

„არ გაჭრა დავითფერულმა

ჯაჭვი, ჩაჩქანი ტიალი“.

 

„ვერ ვათამაშებ თქვენზედა

დავითფერულსა ხმალსაო“.

 

„შუ-მითხოს დაუცვეთიან

დავითფერულის ვადანი“.

 

„ხმალი მაქვ დავითფერული,

ვიბომ სიცრუით ტანზედა“.

 

„წელზე გრტყავ დავითფერული,

ვერცხლისანი ხქონ ვადანი...“

 

როგორც ჩანს, „დავითფერული“ ხმლის მოტივები ქართულ ხალხურ პოეზიაში ჭარბობს, რაც მთიელთა ყოფაში მისი მყარად დამკვიდრების შესახებ მეტყველებს. უკვე აღვნიშნეთ, რომ ევროპული ხმლის პირები ინტენსიურად შემოჰქონდათ ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ანდრეა ფერარას დამღიანი (როგორც ორიგინალი, ასევე მინაბაძი) ქართული ხმლები, რომლებიც ქართულ ეთნორეალობაში „დავითფერულის” სახელწოდებით იყო ცნობილი.

 

 

„დავითფერული“. მთლიანი სიგრძე - 94 სმ, პირი - 80 სმ. ნივთი მუზეუმში შემოტანილია ზ. კობიაშვილის კოლექციიდან (კერძო კოლექცია მუზეუმმა 1926 წელს შეიძინა). ხმალი დამზადებულია ფოლადისგან, ერთღარიანი, ცალლესული. შუა წელზე ოდნავ გახრილია. აქვს 10-11 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). ვადაჯვრიდან 20-21სმ სიგრძეზე, პირის ორივე მხარეს, თითო ღარი მიუყვება. პირის ერთ მხარეს, ღარში გამოსახულია პატარა ჯვრები, შუაში ლათინური წარწერით - „FERARA“. ღარის ბოლოში მორბენალი მგელია ამოკაწრული. მგელს უჩანს თვალი, პირი, წინწკლებით ბალანია გამოხატული. მგელი მიმართულია პირისკენ. ხმლის მეორე მხარეს, ასევე პატარა ჯვრებში, ჩაწერილია ლათინური წარწერა „ANDREA“ და მგელია გამოსახული. მგლის გამოსახულებები თითქმის იდენტურია. პირზე დაგებულია ლითონის ვადაჯვარი, რომლის მთლიანი ზედაპირი მორთულია ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით. ხის ტარზე გადაკრულია ყვითელი ხავერდი, რომელიც დაზიანებულია. ტარი შეჭედილია სამი ორნამენტული ვერცხლის სალტით და ბოლოში, მოხრილ ადგილზე, გადაკრულია ვერცხლისავე ფირფიტა, რომელიც პატარა რგოლით სრულდება. ტარისა და ვადაჯვრის შეერთების ადგილზე ორნამენტირებულია ორი გობაკი. ქარქაში დამზადებულია ხისგან და გადაკრული აქვს ყვითელი ფერის ხავერდი (დაზიანებულია). ქარქაშს აქვს ორი სალტე და ბუნიკი. სალტეები ორივე მხარეს ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებითაა მორთული. ერთ მხარეს თასმის გასაყრელი ოვალური ფორმის რგოლები აქვს. ბუნიკი 18 სმ სიგრძისაა, მის ორივე მხარეს, ოქროზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტით მორთული, წაგრძელებული ჩარჩოებია გამოსახული. აღნიშნული ხმალი ფერარების ხმლების ქართული მინაბაძია, რომელიც უკანასკნელ დრომდე შემონახული „დავითფერული“ ხმალი უნდა იყოს.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები