სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, ქართველების მეორე საყვარელი ხმალი „კალდიმი“ იყო, რომელიც „გორდას“ მსგავსად, მთელ კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. საყურადღებოა, რომ ჩეჩენი მეცნიერი ისა ასხაბოვი „კალდიმს“ ჩეჩნურ, ვაინახურ წარმომავლობის ხმლად მიიჩნევს და განმარტავს, რომ შესაძლოა „კალდამ“ არის დავიწყებული ვაინახური სახელწოდება „კხუელა და“, „კხუელა დაი“, რაც „ბედის განმკარგავს“, „ბედის გამსაზღვრელს“ ნიშნავს. XVII-XVIII საუკუნეებიდან, ტერმინი „კალდიმი“ კავკასიაში ძალზე პოპულარულმა, ე.წ. შაშკამ განდევნა. ჩეჩნებისგან განსხვავებით, ხევსურეთში, თითქმის XX საუკუნის დასაწყისამდე, დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. „პალაშები” (სწორი ცალლესული ხმალი). აღსანიშნავია, რომ სხვა „პალაშებთან“ ერთად „კალდიმიც“, უკანასკნელ დრომდე, ხევსურეთმა შემოინახა. ეს ფაქტი დასტურია იმისა, რომ „კალდიმი“ იმდენად ქართული წიაღიდან წარმოქმნილი ხმალი იყო, რომ ხევსურებმა, ჩეჩნებისაგნ განსხვავებით, ის ადვილად ვერ დაივიწყეს.
„კალდიმის“ შესახებ ინფორმაციას გვაწვდის იარაღების კარგი მცოდნე რუსი გენერალი ვ. ა. პოტო, რომელიც აღნიშნულ იარაღს „კალდინს“ უწოდებს, - „კალდინი“ უპირატესად გვხვდება მთიან დაღესტანში, ხოლო ხევსურებთან ის განსაკუთრებული იარაღია. „კალდინი“ ფართოა, ერთ მხარეს აქვს ჯვრის გამოსახულება წრეზე, ხოლო მეორე მხარეს - მორბენალი მგელი“. აქვე უნდა ითქვას, რომ ხევსურულ „კალდიმებზეც“ უფრო ხშირად მგლის დამღები გვხვდება, ვიდრე „გორდას“ ნიშნები. „კალდიმს“ ენათმეცნიერი ალექსი ჭინჭარაული შედარებით უხარისხო ხმლად ახასიათებს და ხალხური პოეზიის მაგალითები მოჰყავს:
„ძაღლიკავ ხიმიკაურო,
ლიქოკის ზღურბლო, ზღუდეო,
ბევრს ააგლიჯე კალდიმი,
თეძოზე დაიკიდეო“.
„[ლუხუმს] ხმალი ახხადეს ფრანგული,
კალდიმ გადუგდეს სხვისაო“.
„კალდიმის“ უხარისხობაზე საუბარი საეჭვოა, რადგან ძნელი დასაჯერებელია სულხან-საბა ორბელიანს უხარისხო ხმალი ქართველთა საყვარელი ხმლების რანგში აეყვანა. იმის დასამტკიცებლად, რომ „კალდიმი“ ნამდვილად ქართული წარმომავლობის ხმალია და არა სხვა რომელიმე კავკასიური რეგიონის, გთავაზობთ ეროვნულ მუზეუმში დაცული „კალდიმის“ აღწერილობას.
„კალდიმი“ (ხევსურული). მთლიანი სიგრძე - 90 სმ, პირის - 78 სმ. ხმლის პირი დამზადებულია ფოლადისგან, ცალლესულია, ერთღარიანი, ოდნავ გახრილი. აქვს 10 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირს ორივე მხარეს ტარიდან 20 სმ სიგრძემდე თითო ფართო ღარი მიჰყვება. ვადაჯვართან, ორივე მხარეს, ღარებში გამოსახულია ნიშნები 1414, რაც გერმანულ ხმლის პირებზე არსებული ნიშნების მინაბაძია (გერმანული განმარტებით ეს არის მაგიური ნიშნები). ღარის ბოლოში ერთ მხარეს გამოსახულია სამეფო სფეროს (სამეფო რეგალია) სტილიზებული გამოსახულება (დამღა) - 1,5 სმ დიამეტრის წრე, რომელსაც ზემოდან ჯვარი ადგას. პირის მეორე მხარეს კი მორბენალი მგელია წარმოდგენილი. ხმალზე დაგებულია ლითონის ვადაჯვარი, რომლის ზედაპირი თითბრის ზარნიშით არის მორთული. ვადაჯვრის ზედაპირზე, ცენტრში, განთავსებულია ერთი ჩიტი, რომელსაც გარშემო ყვავილოვანი ორნამენტი აქვს შემოვლებული. ვადაჯვრის უკანა მხარე მთლიანად დაფარულია ოთხფურცლიანი ყვავილოვანი ორნამენტით. ხმლის ტარი დამზადებულია ხისაგან, რომელზეც მონაცვლეობით ლითონის სალტეებია (4 ცალი) გადაკრული და ლითონისავე პატარა გობაკები ამშვენებს. ტარის მოხრილი ბოლოც (ქუდი) ლითონის გობაკით სრულდება. ხმლის ქარქაში დამზადებულია ხისაგან, რომელზეც გადაკრულია მოყავისფრო ტყავი. ტყავზე ზემოდან გადაკრულია თითბრის 22 სმ სიგრძის ბუნიკი, ასევე თითბრის სალტეები და საცვეთები (გვერდებზე ჩაყოლებული თითბრის გრძელი ფირფიტები). ქარქაშზე მოცემულია ფოლადის სალტეებიც (2 ცალი) თასმის გასაყრელი რგოლებით. ზედა სალტე მორთულია თითბრის ზარნიშით შესრულებული ყვავილოვანი ორნამენტებით, ხოლო ქვედა სალტეზე ერთ მხარეს - მოზარნიშებული ჩიტია, მეორე მხარეს კი, ყვავილოვანი ორნამენტი. ფოლადის სალტეებს შორის გადაკრულია მოყავისფრო ფერის ტყავი, რომელიც გადაკერილია და ფოჩებით ბოლოვდება. აღწერილი ხმალი ტიპური ხევსურული ხმალია, უფრო ზუსტად კი ხევსურული „კალდიმი“.
ერთ-ერთი ვერსიით, ამ ხმლის წარმომავლობა იმ ჯვაროსნებს უკავშირდება, რომლებიც ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდში თითქოსდა კავკასიაში დარჩნენ. ხმლის ჯვაროსნებთან დაკავშირება განაპირობა „კალდიმის“ დამღამ - სფეროზე (წრეზე) დასმული ჯვარი. ხმლის მეორე მხარეს კი, როგორც აღვნიშნეთ, გამოსახულია ე.წ. მგლის დამღა, რომელიც, სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, გერმანული წარმომავლობისაა. თავდაპირველად, ეს დამღა (მგლის სტილიზებული გამოსახულება) XIV ს. პასაუელ ხელოსნებს ეკუთვნოდა, ხოლო XVI-XVII საუკუნეებიდან ამ ნიშანს ზოლინგენის ხელოსნები იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპულ ხმლებზე მგელი სტილიზებულად არის წარმოდგენილი - 9-11 შტრიხით, ხოლო ქართული და კავკასიური მგლები გამოსახულია მთელი ტანით, აქცენტირებულია კიდურები, თავი და ბალანიც. მგლის დამღა ძალიან პოპულარული და სახასიათო იყო ქართული და კავკასიური ხმლებისთვის. სრულებით არ არის გასაკვირი, რომ იგი „კალდიმზეა“ გამოსახული.
აღსანიშნავია, რომ XVI-XVII საუკუნეების ზოლინგენის დამღებზე სამეფო რეგალიის (სამეფო სფერო) დამღასაც ვხვდებით. მაგალითად, პეტერ მუნიხი, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში ზოლინგენში მოღვაწეობდა, დამღად, საკუთარ სახელთან, ერთად სამეფო სფეროს იყენებდა, ხოლო ხმლის მეორე მხარეს, მგლის დამღას სვამდა. აქედან გამომდინარე, ვიდრე ჩვენ არ გაგვაჩნია აღნიშნული დამღების უფრო ძველი ქართული ნიმუშები, უნდა ვივარაუდოთ, რომ კალდიმის დამღაც ევროპიდან - გერმანიიდანაა შემოსული, რომელმაც ხევსურულ რეალობაში, სავარაუდოდ, „დედალ ფრანგულის“ სახელწოდება მიიღო.
ქართული „კალდიმის“ დამღა (სამეფო სფერო), აბსოლუტურად განსხვავდება გერმანული ვარიანტისგან, ისე, როგორც ქართული მგელი გერმანული მგლისგან. მაგალითად, პეტერ მუნიხის მიერ შესრულებული სამეფო სფეროს დამღა არის წრე, რომელსაც ორქიმიანი (პატარა და დიდი ქიმი) ჯვარი აზის. ჯვრის ვერტიკალურ ღერძზე რელიეფური წერტილებია გამოსახული. წრე შუაზე იკვეთება ჰორიზონტალურად გავლებული ქორდით, რომელსაც შუა წერტილზე ჯვრის ვერტიკალური ღერძი უერთდება.
ხევსურული „კალდიმის“ სფერო შემდეგნაირია: გამოსახულია წრე, რომელსაც ჩვეულებრივი ჯვარი აზის. წრე შუაზე გაყოფილია ჰორიზონტალური ხაზით, რომელსაც შუა წერტილში ჯვრის ვერტიკალური ღერძი უერთდება. დამღებზე დაკვირვებით ნათელი ხდება, რომ ორივე შემთხვევაში სამეფო რეგალიის, სამეფო სფეროს დამღად გამოყენებასთან გვაქვს საქმე. დასადგენია რომელი უფრო ადრინდელია - ქართული თუ გერმანული ვარიანტი. ქართულ სამეფო რეგალიებში, როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, XVIII ს-მდე სფერო საერთოდ არ ფიგურირებს, (ამ ნიშანს ვხვდებით მხოლოდ ვახტანგ VI-ის დროშაზე და თეიმურაზ II-ის მეფედ კურთხევისას), ხოლო ევროპაში ის ერთ-ერთი მთავარი ინსიგნიაა. ამიტომ, უფრო ლოგიკურია, რომ ამ ნიშნის ხმალზე დამღად გამოხატვა ევროპელი მონარქების სურვილი ყოფილიყო და არა ქართველი მეფეების. ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული დამღა შესაძლოა ევროპიდან შემოსულად მივიჩნიოთ. იგი პოპულარული გახდა საქართველოში და ამგვარი დამღიანი ხმლების დამზადება ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყეს. აქვე, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ქართველი მეიარაღეები მხოლოდ ევროპულ პოპულარულ დამღებს იყენებდნენ, ხმლის პირის, ტარისა და ქარქაშის დამზადება კი, ადგილობრივი წესებით საკმაოდ წარმატებულად ხდებოდა.