საქართველოს სამხედრო ისტორია
გორდა

სულხან-საბა ორბელიანი, განმარტავს რა ტერმინ „ხრმალს“, აღნიშნავს - „ესე ხრმალნიცა მრავალგვარნი არიან სხვადასხვა თემთა ქმნილთაებრ და რომელიც(ა) ხრმალი ძველი, გრძელი, განხრილი, მზეველი, მკვეთელი და სრულია, გლუვი იყოს თუ გამოფერდილი, ანუ ღაროსანი, გორდა თუ კალდიმი, - ამას ქართველნი ჰყვარობენ. ფრანგნიცა ესეთსა და სხვარიგთაცა ახალსა არა ჰრიდებენ; არაბნი სხვარიგსა, სპარსნი სხვასა, თემითი-თემად, რომელიმე დრეკილსა, რომელიმე შვეტთა, სხვანი ბასრთა, სხვანი რბილთა; არამედ ბრძენნი და გამოცდილნი, ღვაწლისა მძლენი მხედარნი საქებურად ამას დასდებენ, რომელი გვარიანიცა იყოს, ძველი და არა ღვარჭნილი, არცა სადა მცირედი სიმრუდე ჰქონდეს, არც მაღალ-დაბლობა აჩნდეს ცახეთაცა ოდენი, ლიბრი იყოს, და არა თეთრ, ზომიერ სიგრძით და სიბრტყითა, წინა კერძო მცირედ განხრილი და არა საშუალ, ძვალთა და რკინათა მკვეთელ და თვით უვნებელ, ადრე არა დამბლაგველ, უტალ-უნაფრცხენო, ყუა-ზრქელ, გნდე-სწორე, შაშარმოკლე. თუცა ესრე სრული ვერა ჰპოო, ერთისა და ორის კლებისათვის ნუ დაიწუნებთ, - სრული გვიან საპოვნარია.“

როგორც ვხედავთ, სულხან-საბა საუკეთესო თვისებების მქონე ხმლების დახასიათებისას, მხოლოდ და მხოლოდ, ხმლის ორ სახეობას - „გორდასა“ და „კალდიმს“ ასახელებს. „გორდა“ ხმალი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ კავკასიაში, განსაკუთრებით საქართველოში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში. „გორდას“ დამღაა - ორი დაკბილულზედაპირიანი ნახევარმთვარის ფორმის ზურგშექცეული რკალები, შუაში განთავსებული წარწერით - „გენუა“. ამ დამღის ისტორია, ერთ-ერთი ვერსიით, XIV ს. გენუის ქალაქ-სახელმწიფოს უკავშირდება, ხოლო სხვა ვერსიით, მას კავკასიური წარმომავლობა აქვს. სულხან-საბას განმარტებით - „გორდა ხმალია ერთგვარი“. დავით ჩუბინაშვილს „გორდახმალი“ ერთ სიტყვად აქვს გაერთიანებული. პროფესორი ალექსი ჭინჭარაული ხალხური პოეზიიდან სტროფს იმოწმებს:

 

„დაგვლივნა თურმანაულმა

ჯურხამა ვეფხვმა მწკლითაო,

ხირჩლამა ბაბურაულმა

გორდა ფრანგული ხმლითაო”

 

ისტორიკოსი და ეთნოგრაფი გურამ გასიტაშვილი „გორდაფრანგულს“ საუკეთესო ხმლების კატეგორიაში განიხილავს. ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას ცნობით, XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში, „გორდა“ - 4-5 ძროხა ღირებულა. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, „გორდა“ არის იგივე სპარსული „ქარდ“ ანუ „ქორდ“, რაც დიდ დანას ნიშნავს. მისივე განმარტებით: „მოყვანილობის მიხედვით გორდა დრეკილ, მოხრილ ხმალს აღნიშნავს“. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილ ხმალთაგან, დიდი დანის აღმნიშვნელია ჩერქეზული „შაშკაც“ (ქართული ინტერპრეტაციით „ლეკური“), რომელიც, ასევე უვადაჯვრო ხმალია. სპარსული ხმალი „ქორდ“, ანუ „გორდა“ და ჩერქეზული ხმლის ტიპი „შაშკა“ უვადაჯვრო ხმლებია და შესაძლოა ერთ ტიპად განვიხილოთ.

ისტორიკოსი და ეთნოგრაფი გურამ გასიტაშვილი „გორდაფრანგულს“ საუკეთესო ხმლების კატეგორიაში განიხილავს. ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, სერგი მაკალათიას ცნობით, უკანასკნელ ხანს, „გორდა” - 4-5 ძროხა ღირებულა. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, „გორდა“ არის იგივე სპარსული „ქარდ“ ანუ „ქორდ“, რაც დიდ დანას ნიშნავს. მისივე განმარტებით: „მოყვანილობის მიხედვით გორდა დრეკილ, მოხრილ ხმალს აღნიშნავს“. აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილ ხმალთაგან, დიდი დანის აღმნიშვნელია ჩერქეზული „შაშკაც“ (ქართული ინტერპრეტაციით „ლეკური“), რომელიც, ასევე უვადაჯვრო ხმალია. სპარსული ხმალი „ქორდ“,ანუ „გორდა“ და ჩერქეზული ხმლის ტიპი „შაშკა“ უვადაჯვრო ხმლებია და შესაძლოა ერთ ტიპად განვიხილოთ.

კონსტანტინე ჩოლოყაშვილის განმარტებით „გორდა“ – „მოკლე, უვადო, მოხრილი და დრეკადი ხმალია, რომელსაც შუაში ერთი ფართო, ხოლო ყუისკენ დამატებით ორი ვიწრო ღარი გასდევს. ხმლის ყუაზე გამოყვანილი ტალღოვანი რკალები ან ხმლის პირზე ორი მოპირდაპირე, დაკბილული, პატარა ნახევარრკალი მის დამღას წარმოადგენს. რკალის ბოლოები სამმარცვლოვანი ნიშნებით არის დაწინწკლული (გადმოცემის თანახმად, ბრძოლებში მონაწილეობის ან მოკლული მტრის რაოდენობის აღსანიშნავად). ასეთი დამღა დამახასიათებელია აღმოსავლური, კავკასიური თუ ევროპული წარმომავლობის ხმლის პირებისთვის. გვიანფეოდალურ საქართველოში გორდა ფართოდ იყო გავრცელებული. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემოინახა როგორც ადგილობრივი, ისე XVI-XVII სს. ცნობილ იტალიელ ოსტატთა ნახელავი გორდა ხმლები, რომლებიც გენუელ ვაჭრებს შემოჰქონდათ საქართველოში. ჩვენში დამზადებულ ხმლის პირებს სადამღო რკალები ყუაზე მიჯრით ჰქონდა გამოყვანილი“.

ეს განმარტება გარკვეულწილად სწორია, როდესაც გენუელ და ვენეციელ ვაჭრებზეა საუბარი, მაგრამ „გორდა“ ხმლის ტარისა და პირის ფორმის გადაწყვეტა და ერთმნიშვნელოვანი განცხადება, რომ ეს ხმალი უვადაჯვრო კატეგორიას მიეკუთვნება, არ უნდა იყოს მართებული. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთი ვერსიით, გორდას დამღა XIV ს. გენუელ ოსტატებს ეკუთვნოდათ, რომელთა მიერ გამოჭედილი ხმლის პირები საქართველოში გენუელ და ვენეციელ ვაჭრებს შემოჰქონდათ. ცნობილია, რომ მათ გორსა და თბილისში სავაჭრო ობიექტები ჰქონდათ გახსნილი. მეორე ვერსიით, ევროპელებმა „გორდას“ დამღიანი ხმლები საქართველოდან გაიტანეს და სწორედ ამის შემდეგ მოხდა მათი საერთო ევროპული აღიარება. ლეგენდის მიხედვით, სოფელ გორდაში ქართველი ოსტატი ცხოვრობდა, რომელიც მაღალი ღირსების ხმალს ჭედავდა, სწორედ ამიტომ ხმალსაც „გორდა“ ეწოდა, თუმცა ამ ვერსიის მეცნიერული დასაბუთება არ მოგვეპოვება. აღსანიშნავია ისიც, რომ „გორდა“ დღევანდელ ქართულ რეალობაშიც კარგად დამკვიდრებული სახელწოდებაა: დღესაც არსებობს სოფ. გორდი, სახელი გორდა, გვარები - გორდაძე, გორდიაშვილი და ა.შ.

XIV საუკუნის შემდეგ, „გორდას“ დამღა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ ნიშანს დამღად XVII-XVIII საუკუნეების ავსტრიისა და გერმანიის ის ხელოსნებიც იყენებდნენ, რომლებიც აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის მუშაობდნენ. დღესაც, მუზეუმის კოლექციებში, შეიძლება შეგვხვდეს ევროპულდამღიანი ხმლის პირები, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერსად შეხვდებით შუასაუკუნეების ნამდვილ ქართულ ან თუნდაც იტალიურ პირებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილი აღნიშნავდა: „არც საქართველოს მუზეუმის კოლექციებში და არც სხვაგან, მთლიანად იმდროინდელი XI-XIII სს. ჯავშანი და თორი უკვე აღარ მოიპოვება. მხოლოდ ბერლინის ცოიგჰაუზის (იარაღის) მუზეუმში არის შემონახული, საქართველოდან (ხევსურეთიდან) XIX საუკუნეში გატანილი, XIII ს. რაინდისა და ცხენის ორი მთლიანი საუცხოო ანაკრები. ოქროს ზარნახშით უხვად შემკული მშვენიერი მუზარადიც არსებობს, მაგრამ არც ის არის საქართველოში“.

აღნიშნული აღჭურვილობა ბერლინში კონსტანტინე გამსახურდიასაც უნახავს. მისივე გადმოცემით მსგავსი ქართული საჭურველი მიუნხენში მცხოვრებ მანტოლდის ოჯახში აღმოჩნდა. ამ ოჯახისთვის იგი ნიჟნიგოროდის პოლკის მეთაურს, ბაგრატიონს უჩუქებია. საჭურველს გამსახურდია ამგვარად აღწერს: „სავსებით უზადოდ შენახულიყო, როგორც ჯაჭვის პერანგი, ისე თორი, ჯაჭვის პერანგი თვალმრგვალი იყო და სამფეროსანი. ჩაბალახის ორიოდ ადგილას თვალი ამოვარდნოდა“. მუზარადზე ქართული ასოებით - „ჩსნგ“ ე.ი. 1253 წ. აღნიშნულია ნივთის თარიღი. იქვე გამოფენილი ყოფილა: „ხევსურული დავითფერული, ფრანგული, ქართული ვადაჯვრიანი ხმლები“.

ისტორიკოსისა და ეთნოგრაფის, გიორგი ჩიტაიას დაკვირვებით, ბერლინის ცოიგჰაუზში, ქართული აკაზმულობა, მუზეუმის იმდროინდელი დირექტორის, გ. რადეს მეშვეობით უნდა მოხვედრილიყო. როგორც ჩანს, მეცხრამეტე საუკუნის ქართველი და არა მარტო ქართველი მოღვაწეები შუა საუკუნეების ქართული იარაღით ევროპის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებს ამარაგებდნენ, ამიტომ, ჩვენ ქვეყანაში, დღესდღეობით, ამ პერიოდის ქართული საჭურველი აღარ არსებობს. საფიქრებელია, რომ ბერლინის მუზეუმში გაგზავნილ ორ საუცხოო ანაკრებს შორის  ქართული ხმლები და შესაძლოა თვით ქართული „გორდა“ ხმალიც უსათუოდ იქნებოდა.

ქართული „გორდა“ ხმლის პირები, როგორც აღვნიშნეთ (ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით), ევროპიდან შემოდიოდა, მაგრამ ისინი, რასაკვირველია, ადგილობრივადაც მზადდებოდა. ევროპიდან შემოტანილი ხმლის პირების საერთო სახელად „ფრანგული“ იყო მიღებული. განასხვავებდნენ „დედალ“ და „მამალ ფრანგულს“. ავსტრიიდან და გერმანიიდან შემოტანილ ხმლის პირებს „დედალ ფრანგულს“ უწოდებდნენ, ხოლო იტალიიდან მოწოდებულს - „მამალ ფრანგულს“. რასაკვირველია, „დედალი ფრანგული“ დაბალი ღირსების ხმლის პირად არ მოიაზრებოდა, მაგრამ დიფერენციაცია მაინც არსებობდა.

ნიშანდობლივია, რომ ქართველი ოსტატები „გორდას“ დამღას არ იყენებდნენ საიმისოდ, რომ თავიანთი ნახელავი ევროპულად გამოეცხადებინათ. ისინი, უბრალოდ, ამ პოპულარულ დამღას  მათ მიერ შექმნილ ხმლებზე აფიქსირებდნენ, მაგრამ ფოლადის დამზადების ტექნოლოგია, ტარისა და ქარქაშის მორთულობა, აბსოლუტურად ქართული იყო და უმაღლესი ხარისხის გახლდათ.

 

 

„გორდა“ ხმალთან მრავალი ლეგენდაა დაკავშირებული. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ხმლის ყუის გაყოლებაზე ყოველი მოკლული მტრის აღსანიშნავად თითო რკალს ასვამდნენ. როდესაც რკალთა რაოდენობა ასამდე ადიოდა ხმალს მცირე ხნით მიწაში მარხავდნენ.

„გორდას“ წარმომავლობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია კავკასიური ლეგენდებიც. როგორც აღვნიშნეთ, ასეთი ხმალი მთელ კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აქედან გამომდინარე, კავკასიის თითქმის ყველა ეთნოსის წარმომადგენელს სურვილი უჩნდებოდა მისი წარმომავლობა საკუთარ რეგიონთან დაეკავშირებინა. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ხმლის ორი ოსტატი წაკამათებულა, თუ ვისი გამოჭედილი ხმალი იყო საუკეთესო. ერთმა ოსტატმა, ხმლის მაღალი ღირსების დასამტკიცებლად, ცხვარი ხმლის ერთი მოქნევით შუაზე გაკვეთა, მაგრამ მეორე ოსტატმა მაინც არ აღიარა მისი მოპაექრის უპირატესობა. გაცეცხლებულმა პირველმა ოსტატმა დაიღრიალა - „გურ-და“ (რაც, სავარაუდოდ, ჩეჩნურად „შეხედეს“ ნიშნავს) და „ურწმუნო“ ოსტატი თავის ხმლიანად შუაზე გაკვეთა. ამ ამბის შემდეგ, მოკლულის ნათესავებმა, ტრადიციულად, სისხლის აღება გადაწყვიტეს, მაგრამ უხუცესებმა ოსტატი სასიკვდილოდ ვერ გაიმეტეს. უხუცესთა კრებამ განაჩენი გამოიტანა: ოსტატს ყველა მოსისხლესთვის ასეთივე ხმალი უნდა დაემზადებინა. მჭედელმა შეასრულა დავალება, მხოლოდ ადრინდელ დამღას, რომელზედაც ზედა და ქვედა ყბა იყო გამოსახული (სქემატურად ზურგშექცეული, დაკბილული რკალები, ნიშნად იმისა, რომ ხმალი ისე კვეთდა რკინას, როგორც კბილები ძვალს), გარშემო წერტილები - სისხლის წვეთები დაამატა, იმის აღსანიშნავად, რომ ეს ხმლები დაღვრილი სისხლის საფასური იყო.

იგივე ლეგენდას გადმოგვცემს იარაღის გერმანელი მკვლევარი ე. ლენცი, რომელიც განმარტავს, რომ აღნიშნული ვერსია იმეორებს სკანდინავიურ და გერმანულ თქმულებას ზღაპრულ მეიარაღე ვილანდზე, რომელმაც მისი მოწიანააღმდეგე მჭედელი ემილია შუაზე გაკვეთა. თქმულების მიხედვით ცნობილია, რომ ვილანდმა მჭედელობა კავკასიაში ისწავლა. ლენცის აზრით, ეს ლეგენდა, ამ კუთხითაც, მეტად საინტერესოა. ლენცი კომენტარს გორდას დამღასთან დაკავშირებითაც აკეთებს: „არ ვიცი ნამდვილად აღნიშნავს თუ არა ადგილობრივ ენებზე სიტყვა „გურდა“ – „შეხედეს“, მაგრამ ასეც რომ იყოს, ვერ ვხედავ საჭიროებას ხმლის პირის სახელწოდება დავუკავშიროთ ამ სიტყვას, მით უმეტეს, რომ უფრო ახლოს დგას და უფრო ბუნებრივად გამოიყურება „გურდას“ წარმომავლობა ძველსპარსული „ქარდ“, ახალსპარსული „ქურდიდან“, რაც ნიშნავს „ხმალს“, „დიდ დანას“. როგორც ვხედავთ ლენცი, ივანე ჯავახიშვილის მსგავსად, „გორდას“ სპარსულ „ქარდს“ უკავშირებს.

ქართული „გორდა“ ხმალი არსებობს, როგორც ვადაჯვრიანი, ისე უვადაჯვრო. მას აქვს სწორი პირი, რომელიც წვერისკენ გახრილია. პირი - ერთი, ორი და სამღარიანია. ტარი - ტიპური ქართული ვადაჯვრიანია. იგი მოხრილი ბოლოთი „ქუდით“ სრულდება. ქუდთან ტარი შედარებით ვიწროა, ვადაჯვართან კი შესამჩნევად ფართოვდება. ხეტარები, ძირითადად, პატარა ვერცხლის გობაკებით ან სალტეებითაა შეჭედილი. „გორდას“ აგრეთვე ახასიათებს ე.წ. ლეკური ხმლის ტარები - უვადაჯვრო, ბოლოში ორად გაყოფილი. საქართველოს ეროვნული მუზეუმის იარაღის ფონდში რამდენიმე ათეული „გორდა“ ხმალია დაცული, რომელთაგან გამორჩეულია ბაგრატიონებისეული „გორდა“.

 

 

ქართული „გორდა“ ხმალი სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში შეტანილია 1924 წელს, შეძენილია ივანე სუმბათაშვილისგან. გადმომცემის ცნობების მიხედვით, ხმალი ბაგრატიონთა ოჯახიდანაა. დაუზუსტებელია მისი კონკრეტული მფლობელის ვინაობა. ხმლის სიგრძე - 90 სმ-ია. ხმლის პირის სიგრძე - 79 სმ. პირი დამზადებულია ფოლადისაგან, ოდნავ გახრილია, ცალლესული. 15 სმ სიგრძის შაშარი (ორლესული წვერი). პირის ორივე მხარეს ბრტყელი ღარია, რომელიც პირს ტარიდან შაშარამდე მიჰყვება. პირის მეორე მხარეს, ტარიდან 6-7 სმ დაშორებით, გამოსახულია გორდას დამღა (ზურგშექცეული დაკბილული რკალები). ხმლის ტარი და ვადაჯვარი დამზადებულია ფოლადისაგან. ისინი მთლიანად დაფარულია ოქროზარნიშით შესრულებული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებით. ვადაჯვრის ორივე მხარეს ოქროზარნიშითვე ორ-ორი წყვილი ფრინველია (ჩიტები) გამოსახული, რომლებიც წაგრძელებული დაფანჯრული მართკუთხედის მოპირდაპირე გვერდებზეა განთავსებული. ჩიტების წყვილ ფიგურებს ტარის ბოლოში მოხრილ ადგილზე და ქუდზეც ვხვდებით (ასეთი ჩიტების გამოსახვა ძალზე დამახასიათებელია თბილისური სკოლის ოქრომჭედლობისთვის, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ხმალი ნამდვილად ქართულია). ტარის ორივე მხარეს მცირე ზომის დიამეტრის ნახვრეტები (ერთ მხარეს - 6, მეორე მხარეს - 7) და ღრმულები შეინიშნება, რაც, სავარაუდოდ, ძვირფასი ქვებისთვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი.

ქარქაში დამზადებულია ხისგან, რომელზეც შავი ტყავია გადაკრული. ქარქაში ბუნიკითა და ორი სალტითაა გაწყობილი. ბუნიკზე დაფანჯრული მართკუთხედები და რომბებია, რომელთა გარშემოც ოქროზარნიშით ყვავილოვანი ორნამენტები და ჩიტებია გამოსახული. აღწერილი ხმალი ქართული „გორდა“ ხმლების ერთ-ერთი ჯგუფის, ვადაჯვრიანი გორდების კატეგორიას განეკუთვნება. ხმალზე დასმული „გორდას“ ევროპული დამღა ქართული მინაბაძია, რაც უცხოურისთვის ხარკის გადახდის თავისებური წესი გახლავთ. თავად ხმლის ხარისხსა და ფორმას არაფერი აქვს საერთო ევროპულ „გორდასთან“. იგი უდავოდ ადგილობრივად დამზადებული ხმალია.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები