სამხედრო სამინისტროს კულტურულ-საგანმანათლებლო სექციის ყოველკვირეული დასურათებული ჟურნალი. გამოიცემოდა 1920 წელს. ჟურნალის პირველი ნომერი 1920 წლის 26 მაისს დაიბეჭდა, ხოლო უკანასკნელი ნომერი - 1920 წლის 5 დეკემბერს. სულ ჟურნალის 27 ნომერი დაიბეჭდა. გამოცემის რედაქტორი იყო ნიკო კურდღელაშვილი. ჟურნალი სამხედრო ცენზურას გადიოდა. გამოცემა ჯარის ნაწილებს უფასოდ ეგზავნებოდა, ხოლო მისი გასაყიდი ფასი, თავდაპირველად, 10 მანეთს, ბოლოს კი 25 მანეთს შეადგენდა. ჟურნალში იბეჭდებოდა მთავრობისა და სამხედრო სამინისტროს ოფიციალური ბრძანებები, სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები, ინფორმაცია ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ, მხატვრული ნაწარმოებები - მათ შორის ჯარისკაცების შემოქმედება.