ყოველკვირეული ქართული სამხედრო ჟურნალი. პირველი ნომერი 1918 წლის 17 ნოემბერს გამოვიდა. სულ 4 ნომერი დაიბეჭდა. ჟურნალს რედაქტორობდა ა.ს. სვანიძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ გენერლები: ალექსანდრე ანდრონიკაშვილი; ანდრია ბენაშვილი; გიორგი კვინიტაძე; ზაქარია ყიფშიძე; ასევე პოლკოვნიკები: ნიკოლოზ გედევანიშვილი; ავქსენტი აბესაძე და სხვები. ჟურნალი 2 მანეთად იყიდებოდა. მასში, ძირითადად, იბეჭდებოდა სამხედრო-პოლიტიკური ხასიათის სტატიები და ისტორიული ნარკვევები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მსოფლიო ომი; ოფიცერთა საკითხი ქართულ ჯარში; სამხედრო წყობილება საქართველოში მეფე ერეკლეს დროს; ქართველი ჯარისკაცის მოვალეობა; სამხედრო ცხენები საქართველოს რესპუბლიკაში; კავკასიის რესპუბლიკების კონფერენცია, არარატის რესპუბლიკა; რუსი ოფიცრობა და საქართველო.