საქართველოს სამხედრო ისტორია
მარო მაყაშვილი

მარო მაყაშვილი 1902 წლის 25 აგვისტოს დაიბადა. მამა - კონსტანტინე მაყაშვილი, ცნობილი პოეტი, საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. დედა - თამარ გაბაშვილი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის ასული. თბილისის ქალთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, მარომ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე განაგრძო. მიუხედავად მცირე ასაკისა, აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დაწყებისთანავე, მარო, მეგობრების მხარდამხარ, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და სანიტარულ რაზმთან ერთად თბილისის თავდაცვის მარჯვენა სექტორისკენ, კოჯორ-ტაბახმელას მიმართულებით გაემართა. 1921 წლის 19 თებერვლას, მას რუსული არტილერიის მიერ ნასროლი ყუმბარის ნამსხვრევი კეფაში მოხვდა და დაიღუპა.

მის გარდაცვალებას, იქვე მყოფი იუნკერი, მიხეილ დადიანი შემდეგნაირად იხსენებდა: „სწორედ ამ დღეს ამოვიდა ტაბახმელაზე მოწყალების და მარო მაყაშვილი, რომელიც იქვე შტაბის აივანზე იდგა და სრულიად დამშვიდებული უსმენდა არტილერიის ყუმბარების აფეთქებას, რომლებიც სულ ახლოს ეცემოდნენ შტაბთან. სჩანდა, რომ მათ სწორედ ის დუქანი ჰქონდათ მიზანში ამოღებული, სადაც გენერალ ანდრონიკაშვილის შტაბი იყო. პოლკოვნიკი ჩხეიძე გამოვიდა შტაბიდან და დაინახა მარო, რომელსაც მე ველაპარაკებოდი; უთხრა მას ახლავე დაბრუნებულიყო თბილისში. მარო ჩაჯდა სასანიტარო ორთვალაში და თბილისისაკენ დაეშვა, სულ ნახევარი კილომეტრი არ ჰქონდა გავლილი, რომ მტრის ყუმბარა ორთვალას მოხვდა და მარო იმსხვერპლა“.

მარო მაყაშვილი თბილისისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკრებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, 23 თებერვალს, სამხედრო ტაძრის ეზოში დაკრძალეს, სადაც დღეს, რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობაა განლაგებული. მარო მაყაშვილის პატივსაცემად, კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა დაისის მთავარ გმირ ქალს მარო უწოდა.

2015 წლის 24 დეკემბერს მარო მაყაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები