საქართველოს სამხედრო ისტორია
ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე

ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე 1880 წელს, ოზურგეთის მაზრის სოფელ ჭანჭათში დაიბადა. 1900-1902 წლებში რუსულ ჯარში მსახურობდა. 1903 წლიდან გოგუაძე აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა და ერთ-ერთ მრისხანე მეამბოხედ ითვლებოდა. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ სამსახური ქართულ წითელ გვარდიაში (შემდგომში სახალხო გვარდია) დაიწყო.

დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გოგუაძე  თბილისის არსენალის დამცველი რუსული რაზმის განიარაღებაში მონაწილეობდა. მან ჩამოაყალიბა ჯავშნოსანი მატარებლების რაზმი და მონაწილეობდა კავკასიის ფრონტის რუსული არმიის კავკასიიდან გასვლის პროცესში. 1918 წლის 8 აპრილს, გოგუაძის ჯავშანმატარებლის მანევრმა უმთავრესი როლი ითამაშა ჩოლოქის ბრძოლაში მოწინააღმდეგის დამარცხებაში, რის გამოც მას რევოლუციის პირველი რაინდის წოდება მიანიჭეს.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვალოდია გოგუაძე სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმს მეთაურობდა. პერიოდულად იყო რკინიგზის კომენდანტი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის პერიოდში წარმოებულ ომებში, სადაც ჯავშანმატარებელთა რაზმი ქართული არმიის დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. მის რაზმში იბრძოდნენ მისივე ძმები: ნოე, მელენტი და ალფესი, რომელიც N4 ჯავშნოსან მატარებელს მეთაურობდა.

 

ძმები გოგუაძეები ჯავშანმატარებლის ფონზე. ზემოთ ვალოდია გოგუაძე, ქცემოთ ალფეს, ნოე და მელენტი გოგუაძეები. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

ვალოდია გოგუაძემ და მისმა რაზმმა საარაკო მეომრების სახელი დაიმკვიდრეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. 1921 წლის 16 მარტს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, გოგუაძემ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას, ნიგოეთიდან ბათუმში, შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: „ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელ სისხლის წვეთამდის!“

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ვალოდია გოგუაძე ემიგრაციაში საფრანგეთში გაემგზავრა. ცხოვრობდა ლევილში. გარდაიცვალა 1954 წელს.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები