საქართველოს სამხედრო ისტორია
ავიაცია

საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს კავკასიის ფრონტის საავიაციო ტექნიკიდან, მემკვიდეობით, რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული წარმოების საფრენი აპარატი დარჩა. თვითმფრინავები, ძირითადად, მოძველებული „ფარმან-7“, „ფარმან-16“, „მორან-პარასოლის“, „ვუაზენის“, „ლებედ-12“, ერთძრავიანი და ორძრავიანი „კოდრონის“ და „ნიუპორ-21“-ს ტიპის გახლდათ.

თვითმფრინავებზე დამონტაჟებული იყო „გნომის“, „რონის“ და „სალსონის“ ტიპის ძრავები, რომელთა საფრენოსნო რესურსი არათუ ამოწურული იყო, არამედ რამდენჯერმე აღემატებოდა ძრავების ექსპლოატაციის განსაზღვრულ ნორმას.

 

ქართველი და იტალიელი მფრინავები იტალიურ ანსალდოს ფირმის SVA-10 აეროპლანის ფონზე. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

საფრენი აპარატების სიძველის, გაუმართაობის და ზოგ შემთხვევაში, მფრინავთა გამოუცდელობისა და სხვა მიზეზების გამო, 1918 წელს, ფრენისას, ავარია განიცადა 18-მა აპარატმა, რომელთაგან 4 მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან. 1919 წელს 32 ავარია მოხდა, რის შედეგადაც 6 აეროპლანი ვეღარ აღადგინეს. 1920 წლის იანვრიდან სექტემბრამდე, 29 საავიაციო შემთხვევის შედეგად, 7 საფრენი აპარატი ვეღარ აღადგინეს. საავიაციო შემთხვევებს ემსხვერპლნენ საავიაციო ასეულის მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, მაიორი ნიკოლოზ მაყაშვილი, ლეიტენანტი პროკლე კილტავა, პოდპორუჩიკი გრიგოლ მალაშხია.

1920 წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა ჩრდილო კავკასია დაიკავეს, მოხალისეთა არმიის მეექვსე ავიარაზმის თეთრგვარდიელმა მფრინავებმა მოწინააღმდეგეს თბილისში გადმოფრენით დააღწიეს თავი. შედეგად, „სოფვიჩ-ქემალის“ „F1“ მოდელის 4 აეროპლანი ქართული არმიის საავიაციო პარკს შეუერთდა. მოგვიანებით, 1920 წლის ივლისში, საქართველომ იტალიაში, „ანსალდოს“ ქარხანაში,   10 ერთეული „SVA-10“ ტიპის თანამედროვე აეროპლანი შეიძინა.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საავიაციო შენაერთს, 1918-1921 წლებში,  პოლკოვნიკი მიხეილ მაჭავარიანი მეთაურობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალები საფრენ აპარატებს ყველა წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში იყენებდა. ქართული აეროპლანები ზვერავდნენ და ბომბავდნენ მოწინააღმდეგის პოზიციებს, თუმცა ავიაციის სრულფასოვნად გამოყენება მაინც ვერ ხერხდებოდა, საწვავ-საპოხი მასალების ნაკლებობის და საფრენი აპარატების უმეტესი ნაწილის სიძველის გამო.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები