საქართველოს სამხედრო ისტორია
მსუბუქი შეიარაღება

ქართული არმიის ქვეითი ნაწილები, ძირითადად, 1891 წლის ნიმუშის მოსინის სამხაზიანი შაშხანით (კალიბრი 7,62 მმ) იყვნენ შეიარაღებული. მათ მცირე რაოდენობით, სხვადასხვა ქვეყნის წარმოების შაშხანებიც ჰქონდათ: ფრანგული „ლებელის“ სხვადასხვა მოდიფიკაცია; ფრანგული „გრასი“; რუსული  „ბერდანა“; შვეიცარიული „ვეტერლი“; იაპონური „არისაკი“; ამერიკული სამხაზიანი „ვინჩესტერი“; გერმანული „მაუზერი“; „მანლიხერის“, „კრა-იურგენსონის“ და „პიბოდი-მარტინის“ შაშხანის სხვადასხვა მოდიფიკაციები.

ოფიცერთათვის განკუთვნილი იყო 1895 წლის „ნაგანის“ რევოლვერი (კალიბრი 7,62 მმ), ასევე, ბელგიური რევოლვერი „ბულდოგი“ და პისტოლეტები: 1908 წლის „პარაბელუმი“, 1911 წლის „კოლტი“  და „მაუზერის“ მოდელი 96 (კალიბრი 7,62 მმ). 

 

ქართველი ჯარისკაცები ლუისის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

რაც შეეხება ტყვიამფრქვევებს, ქართული არმია, ძირითადად, რუსული მაქსიმის ტიპის დაზგის 1910 წლის ნიმუშის და პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ბრიტანული ლუისის ტიპის ხელის მსუბუქი ტყვიამფრქვევებით იყო შეიარაღებული. ქართულ ქვედანაყოფებს, მცირე რაოდენობით, ასევე ჰქონდათ ვიკერსის, ჰოჩკისის და კოლტის ტყვიამფრქვევები.

დამოუკიდებლობის პერიოდში საქართველოს არ გააჩნდა შაშხანების, ტყვიამფრქვევების და ვაზნების ის რაოდენობა, რაც შეიარაღებული ძალების მობილიზებისთვის იყო საჭირო. 1920 წლის დეკემბერში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალური შტაბის მიერ შედგენილი ანგარიშის მიხედვით, ირკვევა, რომ ქართულ შეიარაღებულ ძალებს, ჯარის პირველადი საჭიროების შესავსებად და 75 000 მებრძოლის მობილიზაციისთვის, 60-75 000 შაშხანა, 470 ტყვიამფრქვევი, 100-150 მილიონი შაშხანის ვაზნა და 25 მილიონი ტყვიამფრქვევის ვაზნა ესაჭიროებოდა.

ქართული დიპლომატიის ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს, 1918-1921 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის დასავლეთის ქვეყნებში იარაღის მოპოვება წარმოადგენდა. თუმცა, 1920 წლის ზაფხულში, შემოდგომასა და 1921 წლის მარტის დასაწყისში, საქართველოში, იარაღის მხოლოდ რამოდენიმე მცირე პარტიის შემოტანა მოხერხდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები