საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი კვინიტაძე

გიორგი კვინიტაძე დაიბადა 1874 წელს. 1892 წელს დაასრულა თბილისის კადეტთა კორპუსი. სწავლა პეტერბურგში, კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო, რომელიც 1894 წელს, პირველი თანრიგით დაასრულა და პოდპორუჩიკის (უმცროსი ლეიტენანტის) წოდება მიიღო. სასწავლებლის დასრულებიდან 1903 წლამდე, კვინიტაძე ვლადიკავკაზის 152-ე ქვეითთა პოლკში მსახურობდა, რა პერიოდშიც ასეულის მეთაურობას მიაღწია. 1898 წელს  მან პორუჩიკის (ლეიტენანტის), ხოლო 1902 წელს - შტაბს-კაპიტნის წოდება მიიღო. 1903 წელს სწავლა ვარშავის სამხედრო-ფარიკაობის დარბაზში განაგრძო. ფარიკაობის სკოლა უმაღლესი შეფასებით დაასრულა და 1904 წელს, ვარშავის დარბაზში რაპირებით ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა.

1904 წელს გიორგი კვინიტაძემ სამხედო სამსახური, რუსეთში, აღმოსავლეთ ციმბირის მე-9 პოლკში და რუსეთის „მანჯურიის არმიაში“ ასეულის მეთაურად გააგრძელა. იბრძოდა რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომში. მონაწილეობდა მუკდენის ბრძოლაში. 1905 წლის 30 აგვისტოს კვინიტაძემ კაპიტნის წოდება მიიღო. 1907-1910 წლებში სწავლობდა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემიაში, რომელიც პირველი თანრიგით, ხოლო დამატებითი კურსი წარჩინებით დაასრულა.

პირველ მსოფლიო ომში გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. ომის დასაწყისში, იგი თბილისის რაიონის მებრძოლთა ჯგუფის მეთაურის და კომენდანტის შტაბის უფროსად დაინიშნა. 1915 წელს კვინიტაძე „პლასტუნკების“ I ბრიგადის შტაბის უფროსად, ხოლო მოგვიანებით, იმავე წელს, კავკასიის მე-4 მსროლელი ბრიგადის შტაბის უფროსად მსახურობდა. აღნიშნული ბრიგადა, მალევე, დივიზიად გადაკეთდა და გიორგი კვინიტაძე დივიზიის შტაბს ჩაუდგა სათავეში.  

განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა მისი მონაწილეობა 1916 წელს ერზერუმის, ბაიბურთ-ერზინჯანის შეტევით და ოგნოტის თავდაცვით ოპერაციებში. პირველ ორ ოპერაციაში კვინიტაძე დივიზიის შტაბის უფროსად, ხოლო ოგნოტის ოპერაციის დროს, ორი დივიზიისა და კაზაკთა ბრიგადის გაერთიანებული დაჯგუფების შტაბის უფროსად მსახურობდა. 1915 წლის 18 ივლისს გიორგი კვინიტაძემ პოდპოლკოვნიკის, 1916 წლის 6 დეკემბერს პოლკოვნიკის, ხოლო 1918 წლის 2 მაისს, გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიიღო.

1917 წელს კვინიტაძე მე-15 ცალკეულ მსროლელ პოლკს მეთაურობდა. 1917 წლის ნომებრიდან კავკასიის ფორნტის გენერალ-კვარტარმეისტერის მოადგილედ მსახურობდა, ხოლო 1918 წლის 14 მაისს, ამიერკავკასიის ჯარების მთავარსარდალად დაინიშნა.

რუსულ არმიაში სამსახურის დროს მან ჯილდოდ მიიღო: წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის ხმალი; წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი ხმლით; წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი, შემკული ხმლითა და ბაფთით; წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი, წარწერით სიმამაცისთვის და ხმლით; ასევე წმინდა ანას მესამე და მეოთხე ხარისხსის ორდენები; წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი, ხმლითა და ბაფთით; წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი. 

1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა.

1918 წლის დეკემბერში, გიორგი კვინიტაძე სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სავალე შტაბის უფროსად დაინიშნა. მან 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხესა და არტაანში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, სადაც ე.წ ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის" მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი სეპარატისტები დაამარცხა. მან დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღანელი.

 

გენერალი გიორგი კვინიტაძე ქართველ და გერმანელ სამხედროებთან ერთად, 1918 წელი. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

1920 წლის 29 აპრილს გენერალი კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები დაამარცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის წინ, საბჭოთა რუსეთის დაზვერვა გენერალ კვინიტაძეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა - აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, მთავარსარდლად ისევ გენერალი კვინიტაძე დანიშნეს, რომელმაც ხელთ არსებული მცირე ძალებით, თბილისის დაცვა გადაწყვიტა და დედაქალაქის თავდაცვის სამი სექტორი ჩამოყალიბა.

გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამოდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.

პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები