საქართველოს სამხედრო ისტორია
ალექსანდრე ზაქარიაძე

ალექსანდრე ზაქარიაძე 1884 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1912 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია, პირველი თანრიგით. იბრძოდა რუსეთ-იაპონიის და პირველ მსოფლიო ომებში. 1915 წელს ვიცე-პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა. პირველ მსოფლიო ომში ზაქარიაძე ასეულს მეთაურობდა. მსახურობდა საარმიო კორპუსის შტაბის ოფიცრად და ბრიგადის შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელად. რუსულ არმიაში სამსახურის დროს მიღებული ჰქონდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ჯვარი, წმინდა გიორგის ოქროს იარაღი, წმინდა ანას მესამე და მეოთხე ხარისხის ორდენები, წმინდა სტანისლავის მეორე და მესამე ხარისხის ორდენები, წმინდა ვლადიმერის მეოთხე ხარისხის ორდენი.

ალექსანდრე ზაქარიაძე საქართველოში 1917 წლის შემოდგომაზე დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ეროვნული საბჭოს სამხედრო სექციის საქმიანობაში. 1919 წელს მას გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ამავე წლიდან საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვამდე, ალექსანდრე ზაქარიაძე გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობდა.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი ზაქარიაძე ემიგრაციაში წავიდა. პოლონეთის გენერალური შტაბის უფროსის, სიკორსკის მიწვევით, სხვა ქართველ ოფიცრებთან ერთად, იგი პოლონურ არმიაში მსახურობდა, სადაც ჯერ საველე მეთაურთა კურსი გაიარა, ხოლო შემდგომ, სწავლა პოლონეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სამხედრო სკოლაში განაგრძო (1923-1924 წწ.). ალექსანდრე ზაქარიაძე პოლონურ არმიაში, 1923 წელს, ბრიგადის გენერლის წოდებით მიიღეს, ხოლო 1927 წელს, მას დივიზიის გენერლის წოდება მიენიჭა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ალექსანდრე ზაქარიაძე გერმანელებმა დაატყვევეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლეს, რის შემდეგაც, გენერალი გესტაპოს ზედამხედველობის ქვეშ, 1944 წლამდე, ვარშავაში ცხოვრობდა. ალექსანდრე ზაქარიაძემ სიცოცხლის ბოლო წლები საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მამულში გაატარა, სადაც 1957 წელს გარდაიცვალა. ლევილში ცხოვრებისას დაწერა ნაშრომი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1917-1921 წწ)“, სადაც წერდა, რომ ,,მუდამ თვალწინ უნდა ვიქონიოთ და გვახსოვდეს, რომ ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე. თუ ადამიანი კარგია, მაშინ ოჯახიც, ერიც და სამშობლოც კარგია. ამიტომ თითოეული ქართველის, განურჩევლად წლოვანებისა და სქესისა, ჯამრთელობას და აღზრდა-განვითარებას ნიჭის მიხედვით უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება. ერთი მეორესადმი პატივისცემა, უაღრესი მორალი და ცოდნა-გამოცდილების შეძენა თვითეული ქართველის მიერ - აი, უმთავრესი მიზანი, რომელიც უნდა დაისახოს ერმა“.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები