გრიგოლ ლორთქიფანიძე, 1881 წელს, ქუთაისი მაზრის სოფელ ისრითში დაიბადა. 1902 წელს, ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო. სწავლობდა ორი წელი, მაგრამ რევოლუციური საქმინობისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და რამდენიმე წლით დააპატიმრეს. სასჯელის მოხდის შემდეგ, 1907 წელს, მან სწავლა ისევ ოდესის უნივერსიტეტში განაგრძო, ამჯერად ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, ფილოსოფიის განხრით. რევოლუციური საქმიანობის გამო, გრიგოლ ლორთქიფანიძე კვლავ დააპატიმრეს. 1911-1912 წლებში სასჯელს მეტეხის ციხეში იხდიდა, რის შემდეგაც, რუსეთის ჩრდილოეთში გადაასახლეს. 1916 წელს ლორთქიფანიძეს ვორონეჟის გუბერნიაში ცხოვრების უფლება მისცეს, სადაც დაოჯახდა და ეწეოდა რევოლუციურ და პედაგოგიურ საქმიანობას.
გრიგოლ ლორთქიფანიძე საქართველოში 1918 წლის დასაწყისში დაბრუნდა და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება. 1919 წელს იგი დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს, ხოლო 1920 წლის იანვარში, სამხედრო მინისტრად დაინიშნა. მის სახელმწიფოებრივ ხედვას აღნიშნავდნენ მისი მომხრეებიც და ოპონენტებიც. მინისტრი ლორთქიფანიძე შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის დამყარებას ცდილობდა, განსაკუთრებით ებრძოდა არასაწესდებო ურთიერთობების ფაქტებს. ემხრობოდა რეგულარული ჯარისა და სახლხო გვარდიის გაერთიანებას, თუმცა ასეთი გაერთიანების განსახორციელებლად, მხოლოდ მისი ნება არ იყო საკმარისი.
გრიგოლ ლორთქიფანიძე, 1920 წლის შუა პერიოდიდან, თავდაცვის მინისტრობასთან ერთად, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობასაც ითავსებდა. 1920 წლის 3 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრად ნიკოლოზ (პარმენ) ჭიჭინაძის დანიშვნის შემდეგ, ლორთქიფანიძემ, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეობასთან ერთად, განათლების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დარჩენილ პერიოდში, გრიგოლ ლორთქიფანიძე, როგორც მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, რესპუბლიკის თავდაცვის საბჭოს საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის ბოლო ეტაპზე, მინისტრი, 17-18 მარტის ქუთაისის მოლაპარაკებებში მთავრობას წარმომადგენდა, სადაც ბოლშევიკებს ხელისუფლების გადაცემისა და კაპიტულაციის მოთხოვნაზე უარი განუცხადა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გრიგოლ ლორთქიფანიძე საქართველოში დარჩა და განმანთავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება, თუმცა იგი მალევე დააპატიმრეს, რის შემდეგაც დარჩენილი ცხოვრება, ძირითადად, გადასახლებასა და საპატიმროებში გაატარა. გრიგოლ ლორთქიფანიძე, საბჭოთა ხელისფლებამ, 1937 წელს დახვრიტა.