საქართველოს სამხედრო ისტორია
ნოე რამიშვილი

ნოე რამიშვილი, ოზურგეთის მაზრის სოფელ სურებში, 1881 წელს დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია. 1901 წელს სწავლა ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დაიწყო, მაგრამ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმის გამო, სასწავლებლიდან გარიცხეს, რის შემდეგაც იგი სამშობლოში დაბრუნდა და რევოლუციური საქმიანობა უფრო აქტიურად განაგრძო. 1908-1909 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი და პარტიის გაზეთ ,,ერთობის“ რედაქტორი. ოქტომბრის რეოლუციის შემდეგ, ნოე რამიშვილი საქართველოს ეროვნული საბჭოსა და ამიერკავკასიის სეიმის წევრი გახდა, ხოლო 1918 წლის აპრილიდან, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღეს, 1918 წლის 26 მაისს,  ნოე რამიშვილი, საქართველოს მთავრობის პირველი თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა. მალევე, მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე იგი ნოე ჟორდანიამ შეცვალა. რამიშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვამდე  შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა. იგი ასევე დროებით იყო განათლების მინისტრი, 1919 წლის მარტიდან 1920 წლის იანვრამდე, სამხედრო მინისტრი, ხოლო 1919 წლის მარტიდან, დამფუძნებელი კრების წევრი.

ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანიას შემდეგ, პირველ რესპუბლიკაში, ყველაზე დიდი ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. მისი შინაგან საქმეთა მინისტრობისას, რუსული აგენტურის წინააღმდეგ განსაკუთრებული ეფექტურობით მოქმედებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმი. გამოირჩეოდა სიმკაცრით და მიიჩნეოდა საუკეთესო ორგანიზატორად.

ნოე რამიშვილის სამხედრო მინისტრად დანიშვნის შემდეგ,  შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციის შესახებ დისკუსია დაიწყო. სახელმწიფოს არ შეეძლო იმ რაოდენობის რეგულარული ჯარის შენახვა, რომელიც 1918 წლის შტატებით იყო განსაზღვრული. მიდიოდა საუბარი როგორც სახალხო გვარდიის გაუქმების, ისე, შეიარაღებული ძალების მილიციურ სისტემაზე გადასვლაზე. საბოლოო ჯამში, რეგულარული ჯარის მშვიდობიანი დროის შტატები შემცირდა, ხოლო სახალხო გვარდია არ გაუქმებულა. ნოე რამიშვილმა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიაში საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ მილიციური სისტემის მომხრე იყო, თუმცა სანამ საქართველოს არ ექნებოდა გარეშე საფრთხისაგან დაცვის საერთაშორისო გარანტია, იგი არ იზიარებდა ასეთი სისტემის უპირატესობას. მისი სიტყვებით: ,,უნდა დაარსდეს შერეული კოლეგია, რეგულარული ჯარისა და სახალხო გვარდიის ნაწილებისგან შემდგარი, გენშტაბიც ამ პრინციპზე უნდა აიგოს. შეერთებული უნდა იყოს ჯარის მარჩენალი ორგანოები. რაც შეეხება ჯარის ორგანიზაციის ევოლუციას, მისი გადაჭრა მომავლისთვის გადავდოთ. დღეს კი საჭიროა ის რაც რეალურ მდგომარეობას შეეფერება.“ ნოე რამიშვილი, 1920 წლის იანვარში, სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე, თანაპარტიელმა გრიგოლ ლორთქიფანიძემ ჩაანაცვლა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1920 წლის აპრილიდან, პერიოდულად, საომარი საფრთხის და ომის შემთხვევაში, რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო იქმნებოდა, რომლის სხდომებში შინაგან საქმეთა მინისტრი რამიშვილი აქტიურად მონაწილეობდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, ნოე რამიშვილი ემიგრაციაში გაემგზავრა. აქტიურად იყო ჩაბმული 1924 წლის აჯანყების ორგანიზებაში და პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში. ნოე რამიშვილი, 1930 წლის 7 დეკემბერს, საბჭოთა სპეცსამსახურების დავალებით, პარიზში, ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ მოკლა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები