საქართველოს სამხედრო ისტორია
გრიგოლ გიორგაძე

გრიგოლ გიორგაძე 1879 წელს, ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სემინარია, სწავლობდა ტარტუსა და ოდესის უნივერსიტეტებში. 1907 წლიდან სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე. სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918 წლის აპრილში გიორგაძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრად დაინიშნა, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მან რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ჯერ კიდევ სამხედრო მმართველობის დებულების დამტკიცებამდე, მისი განხილვის პროცესში, ეროვნული საბჭოს სამხედრო კომისიის 1918 წლის 12 ივლისი სხდომაზე, გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა, რომ მასსა და მის თანაშემწეს (მოადგილე) შორის არ იყო ორგანული დამოკიდებულება და ორივენი, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, გამოსცემდნენ განკარგულებებს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გიორგაძე მიიჩნევდა, რომ სამხედრო მინისტრი და მისი თანაშემწე (მოადგილე) სამხედრო პირები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა აზრი მალევე შეიცვალა.

გენერალი გიორგი კვინიტაძე, უარყოფითად აფასებდა სამხედრო უწყების სათავეში სამოქალაქო პირის ყოფნას და მინისტრ გიორგაძის შესახებ სახალისო ფაქტს იხსენებდა: „ერთხელ, ბატალიონის გასტუმრებისას, მეთაურს ვუთხარი, ორი ქვემეხი წაიღე-მეთქი და სამხედრო მინისტრმა მკითხა ბატონო გიორგი, ორი ქვემეხი რამდენი ზარბაზანია?“. მიუხედავად ამისა, 1919 წლის მარტში, როდესაც გიორგაძე სამხედრო მინისტრის თანამდებობაზე ნოე რამიშვილმა ჩაანაცვლა, გენერლებმა და ოფიცერმა, გამოსამშვიდობებელ წერილში, მინისტრის მუყაითობას, საქმის სიყვარულს, მოვალეობის შეგნებას, დინჯ მუშაობას და თავაზიანობას გაუსვეს ხაზი.

დამოუკიდებლობის ბოლო თვეებში ყოფილი სამხედრო მინისტრი სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ჩამოშორდა და ცალკე შექმნილ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას შეუერთდა. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის აპრილში, მან საქართველოს დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია „სხივი“ დააარსა. გრიგოლ გიორგაძემ 1921 წელს გამოსცა ბროშურა „საქართველო, ანტანტა და რუსეთი“, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობის ხაზგამის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები იდეალიზებულად წარმოაჩინა. გრიგოლ გიორგაძე 1930 წელს დააპატიმრეს, 1933 წელს კი ყაზახეთში გადაასახლეს, სადაც იურუდიულ საქმიანობას ეწეოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ იგი 1937 წელს ხელახლა დააპატიმრა და დახვრიტა. რეაბილიტირებულია ყაზახეთის და საქართველოს უმაღლესი სასამართლოების გადაწყვეტლებით.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები