საქართველოს სამხედრო ისტორია
უნიფორმა და გასარჩევი ნიშნები

ქართველი სამხედრო მოსამსახურეები, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ,   პირველ ხანებში, მეფის რუსეთის დროინდელ ფორმებში იყვნენ გამოწყობილი. მთავრობის 1918 წლის 12 სექტემბრის დადგენილებით, სამხრეებისა და რაიმე განმასხვავებელი ნიშნის ტარება, ქართულ ჯარში უნდა შეწყვეტილიყო.  1918 წლის  24 სექტემბერს, მთავრობამ სამხედრო სამინისტროს ნება დართო ჯარში შემოეღო კოკარდა ქუდისთვის, ეროვნული დროშის ფერებში, ოფიცერთა სამხრეებზე კი დატანილიყო წარწერა „ქ.ლ“ - ქართული ლაშქარი. 

1919 წლის 30 იანვარს, სამხედრო მინისტრმა, ახალი ბრძანებით განსაზღვრა, რომ თუ ოფიცერთა სამხრეებზე იწერებოდა ინიციალები „ქ.ლ“, ჯარისკაცთა სამხრეებზე დაწერილიყო პოლკის ნომერი და ,,ქარ“, რომელიც ქართულს აღნიშნავდა. დამფუძნებელმა კრებამ, 1919 წლის 29 ივლისს, ჯარისკაცთა და ოფიცერთა ტანისამოსის ფორმა და სამხედრო ნაწილებისა და თანამდებობების გასარჩევი ნიშნები დაამტკიცა.  შეიქმნა ოფიცერთა და ჯარისკაცთა სააღლუმე, საველე და სადარაჯო ფორმები.

ოფიცრებს ფორმის საყელოსა და ყოშებზე (სამაჯეზე) სხვადასხვა ფერის, ხარისხისა და რაოდენობის ზონრები (ლენტები) ეკერებოდათ. შტაბ-ოფიცრებისა და ობერ-ოფიცრებისათვის ზონარი უნდა ყოფილიყო ნაქსოვი აბრეშუმისგან, ხოლო გენერალთათვის - ოქრომკერდით. ქვეითი ჯარის ზონარი უნდა ყოფილიყო შინდისფერი, ცხენოსანი ჯარის - ცისფერი, სპეციალური დარგის (ტექნიკური ძალები) ჯარებისა და გენერალური შტაბის ოფიცერთათვის - შავი, შტაბების ოფიცრებისა და ტოპოგრაფთათვის - მუქი ყვითელი, სანაპირო ჯარებისათვის - მწვანე, სამხედრო სკოლისათვის - წითელი.

უმცროსი ოფიცრების ფორმას ზონარი საყელოსა და სამაჯეზე თითო ზოლად მოევლებოდა. გუნდის უფროს ოფიცერსა და მის თანასწორ პირებს - საყელოზე ერთ ზოლად, ხოლო სამაჯეზე ორ ზოლად. გუნდის უფროსს და მის თანასწორ პირებს, საყელოზე ერთ ზოლად, სამაჯეზე სამ ზოლად. ათასეულის უფროსის თანაშემწეს და მის თანასწორ პირებს - საყელოზე ხვეულებით, ერთ ზოლად, ხოლო სამაჯეზე ხვეულებით, სამ ზოლად. ბრიგადის უფროსის თანაშემწეს, ცალკეული ათასეულის მეთაურს და მათ თანასწორ პირებს - საყელოზე ხვეულებით, ორ ზოლად, სამაჯეზე ხვეულებით, ორ ზოლად.  ბრიგადის უფროსს და მათ თანასწორ პირებს - ცალ ზოლად ოქრომკერდის ზონარი, როგორც საყელოზე ისე სამაჯეზე. სამხედრო მინისტრის თანაშემწეს, ჯარის სარდალსა და სამხედრო საბჭოს წევრებს - ორ-ორ ზოლად ოქრომკერდის სირმა, საყელოსა და სამაჯეზე. ბოხოხსა და თუშურ ქუდს, ზედა მხარეს, შემოვლებული უნდა ჰქონოდა ისეთივე ზონარი, როგორც საყელოზე, მხოლოდ უხვეულოდ.

 

რეგულარული არმიის მეორე ქვეითტა ათასეულის შტაბის ოფიცრები  და ჯარისკაცები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ფორმაში,1920წ. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

 

ქვეითი ჯარის გასარჩევ სიმბოლოდ მიღებულ იქნა ორი გადაჯვარედინებული თოფი, არტილერიისთვის - ორი გადაჯვარედინებული ზარბაზანი, შუაში შავი ფერის ალიანი ყუმბარით. ცხენოსანი ჯარის გასარჩევ სიმბოლოდ მიღებული იქნა ორი გადაჯვარედინებული ხმალი, მესანგრეთათვის - გადაჯვარედინებული წერაქვი და ნიჩაბი, საავტომობილო ნაწილისთვის - ავტომობილი, საავიაციო ნაწილისთვის - აეროპლანი, ტოპოგრაფებისთვის - ფარგალი და სამკუთხედი.

აქსელბანტების ტარება შეეძლოთ ადიუტანტებს და გენერალური შტაბის ოფიცრებს. დეზები მათ უნდა ეტარებინათ, ვისაც ცხენები გადაეცემოდა. სამხედრო უწყების მოხელეებს და ექიმებს ოფიცერთა მსგავსი ფრენჩი და ხალათი უნდა ეტარებინათ. ექიმების გასარჩევი ნიშანი იქნებოდა საყელოს ორივე მხარეს მინანქრის წითელი ჯვარი, ხოლო ბეითლებისთვის - ლურჯი. გენერლებს და ოფიცრებს უფლება ეძლეოდათ სამსახურს გარეთ ევლოთ სამოქალაქო ფორმით. 

1920 წლის 20 აპრილს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულმა კანონმა ცვლილება შეიტანა ფორმასა და თანამდებობის გასარჩევ ნიშნებში. თანამდებობის გასარჩევი ნიშნები ამიერიდან მხოლოდ ხალათის, ფრენჩის და პალტოს საყელოზე უნდა დატანილიყო და ზონრების ნაცვლად ფერადი ნაჭრები, იგივე ,,პეტლიცები“ უნდა დამაგრებულიყო: ლეიტენანტთათვის - კუთხე ერთი ვარსკვლავით; უფროს ლეიტენანტთათვის - კუთხე ორი ვარსკვლავით; კაპიტანთათვის - კუთხე სამი ვარსკვლავით; მაიორთათვის - ორი კუთხე ორი ვარსკვლავით; პოლკოვნიკთათვის - ორი კუთხე სამი ვარსკვლავით; გენერალთათვის - კუთხე ზიგზაგებით და ერთი ვარსკვლავით; სამხედრო მინისტრის თანაშემწის, ჯარის სარდლის და სამხედრო საბჭოს წევრთათვის - კუთხე ზიგზაგებითა და ორი ვარსკვლავით. კუთხეები უნდა ყოფილიყო ვერცხლისფერი, ხოლო ვარსკვლავები - ოქროსფერი.

ჯარისკაცთაგან, თავმდეგს თითო ლითონის ვარსკვლავი პალტოსა და ხალათის საყელოზე უნდა დაემაგრებინა, უმცროს ნაცვალს - ორი ვარსკვლავი, უფროს ნაცვალს - სამი ვარსკვლავი, ზემდეგს - 1 ზონარი და სამი ვარსკვლავი, ზემდეგის მსახურს - ზემდეგის მსგავსად და დამატებით, საყელოზე კუთხე წვეტით ქვემოთ. 

შეიქმნა რამოდენიმე ახალი ლიტერი სამხრეულებზე, ყვითელი ფერის ლითონისგან: სამხედრო სკოლა -„სკ“; საარმიო არტილერის დივიზიონი - „არმ“; სადარაჯო ათასეული - „დ“; სამხედრო სამინისტროს განყოფილება -„სმმ“; სანაპირო ჯარის სამმართველო - „სნპ“; გენერალური შტაბის ოფიცერთათვის - სახელმწიფო გერბი. სამხედრო უწყების მოხელეებს, წინა წლისაგან განსხვავებით, ფორმაზე ყვითელი ფერის ერთი ვარსკვლავი უნდა ეტარებინათ. 

1919 წლის 27 სექტემბერს, სახალხო გვარდიის მთავარმა შტაბმა გვარდიელთა ფორმებზე შემდეგი განმასხვავებელი ნიშნები დაამტკიცა. უნტერ ოფიცერთათვის: ცალკეული ნაწილის უნტერ ოფიცერი - ერთი სამკუთხა ზოლი; ოცეულის უნტერ ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი; ფელდფებელი ან ვახმისტრი - სამი სამკუთხა ზოლი. ოფიცერთათვის: უმცროსი ოფიცერი - ერთი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი; უფროსი ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი; ასეულის და ბატარეის მეთაური ოფიცერი - სამი სამკუთხა ზოლი და ერთი ვარსკვლავი; ცალკეული შენაერთის მეთაურის მოადგილე ოფიცერი - ორი სამკუთხა ზოლი და ორი ვარსკვლავი; ცალკეული შენაერთის მეთაური - სამი სამკუთხა ზოლი და ორი ვარსკვლავი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები