საქართველოს სამხედრო ისტორია
სამხედრო სამსახური რეგულარულ ჯარში

1918 წლის 20 აგვისტოს მიღებული „სამხედრო ბეგარის და მუდმივი ჯარის შევსების დებულების“ თანახმად, ჯარი  საყოველთაო სამხედრო სამსახურის საფუძველზე უნდა შევსებულიყო. სავალდებულო სამხედრო სამსახური ეხებოდა პირს, 20-დან – 45 წლის ჩათვლით. ყოველი წლის 15 ნოემბერს სამხედრო სამსახურში უნდა გაწვეულიყვნენ ის ახალგაზრდები, რომელთაც მომავალი წლის პირველ იანვრამდე 20 წელი უსრულდებოდათ. სამხედრო სამსახურის საერთო ვადა 25 წლიანი იყო: აქტიურ სამხედრო სამსახურში ახალგაზრდა მხოლოდ 2 წელიწადს ატარებდა, რის შემდგომაც იგი, 15 წლით, თადარიგში და ბოლოს, 8 წლით, ლაშქარში (მეორე რიგის რეზერვში) გადაირიცხებოდა. მოლაშქრე და სათადარიგო ჯარისკაცები სამხედრო კონტროლს ექვემდებარებოდნენ და პერიოდულად წრთვნებს გადიოდნენ. ვინც ჯარში სამსახურისთვის ვარგისი ვერ იქნებოდა, არმიაში ისეთი მოვალეობის შესასრულებლად გაიწვევდნენ, რაც მის ფიზიკურ მდგომარეობას შეესაბამებოდა.

ჯარში გაწვევის გადადება რამოდენიმე შემთხვევაში შეიძლებოდა: თუ კონტიგენტი შეივსებოდა; თუ გასაწვევი პირი საშუალო სკოლის მოსწავლე იყო და შესაბამის მოწმობას წარადგენდა (ასეთი პირებისთვის სამხედრო ბეგარის გადადება შეიძლებოდა 22 წლამდე); თუ პირი პასუხისგებაში მიცემული იყო, ან მის მიმართ  გამოძიება მიმდინარეობდა. მძიმე ფიზიკური სენით შეპყრობილებს ჯარიდან სამუდამოდ ათავისუფლებდნენ.

1919 წლის 29 ივლისს მიღებული „სამხედრო ბეგარისა და შეიარაღებულ ძალთა შევსების“ ახალი კანონის თანახმად, შემცირდა სამსახურის ვადა აქტიურ სამხედრო სამსახურში. ქვეითთა ჯარში 2 წლის ნაცვლად მსახურობდნენ წელიწადსა და 4 თვეს ხოლო, სხვა სახეობის ჯარებში - წელიწადსა და 8 თვეს. აღნიშნული ვადების გასვლის შემდეგ, ჯარისკაცებს, სურვილისამებრ, შეეძლოთ ჯარში დარჩენა. სკოლის მოსწავლეთათვის სამხედრო სამსახურის გადავადებამ 22-ის ნაცვლად 21 წლამდე გადმოიწია. 1920 წელს, დროებით გაუქმდა ოჯახის ერთადერთ მარჩენალთა ჯარისგან განთავისუფლების დეკრეტი.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები