საქართველოს სამხედრო ისტორია
სახალხო გვარდია

საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, 1918 წლის 2 ივლისს, მიიღო კანონი სახალხო გვარდიის შესახებ. კანონის მიხედვით, გვარდიის მიზანს რესპუბლიკის, მისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების დაცვა წარმოადგენდა.

გვარდიაში სამსახური შეეძლო ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც რეგულარულ ჯარში არ ირიცხებოდა. სახალხო გვარდიელი ვალდებული იყო, მთავრობის მოწოდებისთანავე, საკუთარ რაიონულ შტაბში იმ იარაღით და აღკაზმულობით გამოცხადებულიყო, რომელიც მას შტაბისგან ჰქონდა მიბარებული. მოხალისეთათვის გვარდიაში სამსახური უსასყიდლო იყო, თუმცა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გვარდიაში გაწვევის შემთხვევაში, ისინი მთავრობისგან დახმარებას ღებულობდნენ. ინსტრუქტორები და ოფიცრები ჯამაგირს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბისგან იღებდნენ.

სახალხო გვარდიის უმაღლესი მმართველი ორგანო მთავარი შტაბი იყო, რომლის წევრებსაც მთავრობის თავმჯდომარე შტაბიდან წარმოდგენილი კანდიდატებისგან ამტკიცებდა. მთავარი შტაბი რეგიონებში ფუნქციონირებას რეგიონული შტაბების მეშვეობით ახდენდა. სახალხო გვარდიის გაწვევას მთავრობის თავმჯდომარე ახორციელებდა და თუ მისთვის შეუძლებელი იყო ამ უფლებით სარგებლობა, გვარდიის გაწვევას ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე უზრუნველყოფდა. ამ ფუნქციის შესრულება, საგანგებო ვითარებაში, მთავარ და რაიონულ შტაბებს შეეძლოთ.

 

ცენტრში, მთავრობის მეთაური ნოე ჟორდანია და სახალხო გვარდიის მეთაური ვალიკო ჯუღელი გვარდიის მთავარი შტაბის წევრებთან ერთად N1 ჯავშნოსანი ავტომობილის, „სახალხო გვარდიელის” ფონზე. ფოტო დაცულია ეროვნულ არქივში.

 

1919 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ სახალხო გვარდიის შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა, სადაც საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურა, გვარდიის რეგულარული ნაწილების სახელწოდებები და რიცხოვნობა ზუსტად გაიწერა. განისაზღვრა სარეზერვო ბატალიონების რაოდენობა და თუ რომელ ოლქებსა და რაიონებში უნდა განხორციელებულიყო მათი შეკრება. დაზუსტდა ბატალიონების მშვიდობიანი დროის შტატები.

სახალხო გვარდიის მმართველ ორგანოდ მთავარი შტაბი დარჩა, რომელიც 21 წევრისაგან შედგებოდა. მათ გვარდიის ყრილობა ერთი წლის ვადით ირჩევდა და  მთავრობა ამტკიცებდა. მთავარი შტაბი პირდაპირ ექვემდებარებოდა რესპუბლიკის მთავრობას. გვარდიის წარმომადგენელს მთავრობის სხდომებზე სათათბირო ხმა ჰქონდა.

წინა კანონისგან განსხვავებით, მთავარ შტაბს საოლქო შტაბები, ხოლო საოლქო შტაბებს - რაიონული შტაბები ემორჩილებოდა. რაიონულ შტაბს, ერთი წლის ვადით,  ადგილობრივი რაიონის გვარდიელთა საზოგადო კრება ირჩევდა, ხოლო საოლქო შტაბს, ამავე ვადით, მთელი ოლქის გვარდიელთა კრება, რასაც საბოლოოდ, მთავარი შტაბი ამტკიცებდა. ახალი კანონით, გვარდიის გაწვევის უფლება მთავრობის თავმჯდომარეს დარჩა, რომელსაც გვარდიელების მობილიზაცია მთავარი შტაბის საშუალებით უნდა განეხორციელებინა. ამ უფლებით, უკიდურეს შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს და მთავარ შტაბს შეეძლო ესარგებლა. მშვიდობიანობის დროს, გვარდია სამხედრო სამინისტროს თითქმის არ ექვემდებარებოდა, თუმცა სამხედრო საბჭოსა და შემდგომში, თავდაცვის საბჭოს მეშვეობით, რეგულარული ჯარისა და გვარდიის გარკვეული კოორდინირება ხორციელდებოდა. ომის დროს, კანონის თანახმად, სახალხო გვარდია საგანგებო დეკრეტით დანიშნულ მთავარსარდალს ემორჩლებოდა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები