1918 წლის 20 აგვისტოს „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მმართველობის დებულების“ მიხედვით, საქართველოს შეიარაღებული ძალების უზენაესი მართვის ორგანოს ეროვნული საბჭო წარმოაგდენდა. სამხედრო სამინისტროს სათავეში ედგა სამხედრო მინისტრი - სამოქალაქო პირი.
დებულების მეხუთე მუხლის თანახმად, სამხედრო მინისტრს ერთი ამხანაგი (მოადგილე) ჰყავდა, რომელიც მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო და თუ საკითხს არ ჰქონდა პრინციპული, პოლიტიკური ან საბიუჯეტო ხასიათი, მას საქმის დამოუკიდებლად გადაწყვეტა შეეძლო.
ომის შემთხვევაში, მთავრობის საგანგებო დეკრეტით ინიშნებოდა მთავარსარდალი, რომელიც, ომის დროს, ოპერატიულ საქმიანობაში სრული თავისუფლებით სარგებლობდა. სამხედრო სამინისტრო შედგებოდა საერთო, პირადი შემადგენლობის, გენერალური შტაბის, საადმინისტრაციო (ადმინისტრაციული), სამხედრო-სასანიტრო და სამხედრო-საბეითლო (სავეტერინარო) განყოფილებისგან.
საერთო განყოფილებას გენერალური შტაბის შტაბ-ოფიცერი ხელმძღვანელობდა. მის მოვალეობას სამინისტროში შემოსული ფოსტის (გენერალური შტაბის სახელზე შემოსული ფოსტის გარდა) გახსნა, განხილვა, განაწილება, მინისტრის ბრძანებებისა და განკარგულებების საბოლოო რედაქტირება წარმოადგენდა.
პირადი შემადგენლობის განყოფილებას გენერლის წოდების შტაბ-ოფიცერი ხელმძღვანელობდა. განყოფილება ოფიცერთა და მოხელეთა დანიშვნა-გათავისუფლების, გადანიშვნის და დაჯილდოების საქმეს განაგებდა.
გენერალური შტაბის განყოფილებას გენერალური შტაბის უფროსი ხელმძღვანელობდა, რომელიც ომის დროს არმიის საველე შტაბის უფროსად ინიშნებოდა. გენერალურ შტაბში შედიოდა ექვსი სექცია: 1) საოპერაციო; 2) საორგანიზაციო; 3) საარტილერიო; 4) საინჟინრო-სატექნიკო; 5) სამხედრო-საზღვაო და 6) სამხედრო-საისტორიო არქივი.
საადმინისტრაციო განყოფილებას სათავეში ედგა უმაღლესი სამხედრო განათლების ან სათანადო ადმინისტრაციული გამოცდილების მქონე გენერალი. განყოფილება 5 სექციისგან შედგებოდა: 1) საბიუჯეტო - განაგებდა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვას; 2) სასურსათო - განაგებდა ჯარის კმაყოფას სურსათ-სანოვაგით; 3) საბარგო და საავეჯო - განაგებდა ჯარის შემოსვა-შეკაზმვის და საბარგო საკითხებს; 4) საბინაო/სასადგომო - განაგებდა ჯარების დაბინავების, ყაზარმების მოწყობის და გათბობა-განათების საკითხებს; 5) საპენსიო - განაგებდა სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრთათვის პენსიებისა და სხვა ტიპის დახმარებების საკითხებს.
სამხედრო-სასანიტრო განყოფილებას სამხედრო ექიმი ხელმძღვანელობდა. განყოფილება ჯარის სანიტარულ საქმეს განაგებდა.
სამხედრო-საბეითლო განყოფილებას სათავეში ედგა სამხედრო ბეითალი (ვეტერინარი). განყოფილება ჯარში არსებულ საბეითლო საქმეს განაგებდა.
სამხედრო მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე (პირველ რიგში, მერჯვნიდან მეექვსე), გენერალი - ვარდენ წულუკიძე (პირველ რიგში, მარჯვნიდან მეცხრე), გენერალი ვლადიმერ იმნაძე (პირველ რიგში, მარცხნიდან მეშვიდე) და გენერალი ი. ქავთარაძე (მეორე რიგში მარვნდიან მეოთხე) სამხედრო სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად. თბილისი, 1918-1919 წლები. ფოტო დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.
1919 წლის 29 ივლისს მიღებული შეიარაღებული ძალების მოწყობის ახალი კანონის თანახმად, სამინისტროს საადმინისტრაციო განყოფილება სამნეო განყოფილებად გარდაიქმნა, სამხედრო-სასანიტრო და სამხედრო-საბეითლო განყოფილებები სექციებად გადაკეთდა და სამხედრო სამნეო განყოფილების შემადგნლობაში შევიდა. ამავე განყოფილებაში მანამდე არსებული გენერალური შტაბის საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციებიც გადავიდა. სამინისტროს საერთო განყოფილება სამხედრო სამინიტროს კანცელარიად გადაკეთდა.
გენერალური შტაბის განყოფილებაში 4 სექცია დარჩა: 1) ოპერატიული; 2) სამხედრო საზღვაო; 3) კანცელარია; 4) სამხედრო-საისტორიო არქივის წიგნთსაცავი. საარტილერიო და საინჟინრო-სატექნიკო სექციები სამნეო განყოფილების დაქვემდებარებაში გადავიდა, ხოლო 1918 წელს არსებული საორგანიზაციო სექცია - ოპერატიულ სექციას დაექვემდებარა.
სამხედრო მინისტრს კიდევ ერთი მოადგილე დაექვემდებარა. ამავე წელს, სამხედრო საბჭო შეიქმნა, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა და შეიარაღებულ ძალებს ინსპექტირებას უწევდა. საბჭოს წევრებს, სამინისტროსა და გვარდიის შტაბისაგან წარდგენილი სამ-სამი კანდიდატისგან, მთავრობა ნიშნავდა. სამინისტროში კულტურულ-საგანმანათლებლო სექციაც შეიქმნა, რომელიც სამხედრო საბჭოს ექვემდებარებოდა.
1920 წლის 27 აპრილს, მას შემდეგ, რაც ამიერკავკასიას საბჭოთა რუსეთის ჯარები მოადგნენ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკის თავდაცვის საბჭო შეიქმნა. საბჭოს დებულების თანახმად, მისი მიზანი შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის საშუალებების გასაძლიერებლად საერთო ზომების შემუშავება, სამხედრო თავდაცვის საფუძველთა დადგენა და საომარი გეგმის დამტკიცება წარმოადგენდა. საბჭოს მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ხოლო წევრები იყვნენ სამხედრო მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯარის სარდალი, სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე და ერთი გამოცდილი სამხედრო პირი. საბჭოზე გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღებოდა, თანაბარი ხმების შემთხვევაში, გადამწყვეტი იყო თავმჯდომარის ხმა. აპრილში შექმნილი საბჭო აგვისტოს ბოლოს დაიშალა, მაგრამ იმავე წლის 11 ნოემბრიდან აღდგა და ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვამდე ფუნქციონირებდა.