საქართველოს სამხედრო ისტორია
ალექსანდრე ონიანი

ალექსანდრე ონიანი 1981 წლის 9 მარტს, ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერში, ვალოდია ონიანისა და რუსუდან გელოვანის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. საშუალო განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო, მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური და 2006 წელს, ძმის მაგალითით, საკონტრაქტო სამხედრო სამსახური დაწყო.

უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, 2006 წლის 30 აპრილიდან 18 სექტემბრამდე, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო მესანგრეთა ასეულის I საინჟინრო მესანგრეთა ოცეულის III საინჟინრო ათეულის მესანგრედ, ხოლო 2006 წლის 18 სექტემბრიდან გარდაცვალებამდე, ამავე ასეულის II საინჟინრო მესანგრეთა ოცეულის III საინჟინრო ათეულის მეთაურად მსახურობდა. 2008 წლის 7 აგვისტოდან იბრძოდა რუსეთ-საქართველოს ომში.

2008 წლის 11 აგვისტოს, უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი, მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის რაიონის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც შინდისის რკინიგზის სადგურზე, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა. ონიანი მყისიერად ჩაერთო უთანასწორო დაპირისპირებაში, რომელიც საქართველოს სამხედრო ისტორიაში „შინდისის ბრძოლის“ სახელით არის ცნობილი.

„შინდისის ბრძოლაში“, სადაც ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო რესურსი მხოლოდ საათსა და ოც წუთს ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი დანაკარგი მიაყენა.

„შინდისის ბრძოლაში“ 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საბოლოოდ, მათგან ალყაში ორნი - უფროსი სერჟანტი ალექსანდრე ონიანი და მისი ნათლული, კაპრალი რომან ზოიძე დარჩნენ. კაპრალი ზოიძე დაჭრილი იყო და სისხლისგან იცლებოდა, თუმცა ონიანმა, რომელიც ამ დროს სრულიად უვნებლად იყო, თანამებრძოლის მოთხოვნის მიუხედავად, ის არ მიატოვა. უფროსმა სერჟანტმა ალექსანდრე ონიანმა, ტყვედ აყვანის საშიშროებისთანავე, ხელყუმბარით თავი აიფეთქა, მოწინააღმდეგეს არ ჩაბარდა და მისი ცოცხალი ძალა დააზიანა.

2021 წლის 11 აგვისტოს, „შინდისის ბრძოლიდან“ მე-13 წელს, უფროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. ის ასევე დაჯილდოებულია „ვახტანგ გორგასლის“ I  ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. დაკრძალულია ლენტეხის რაიონის სოფელ ჯახუნდერის სასაფლაოზე.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები