ნიკოლოზ თოხაძე 1901 წლის 12 იანვარს, ოზურგეთში დაიბადა. 1919 წელს დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია. სკოლაში სწავლის დროს, 17 წლის ასაკიდან, მსახურობდა ქართულ ჯარში, კერძოდ მე-2 ცხენოსან რაზმში. 1918 წელს მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ აწყურის ბრძოლაში. იბრძოდა საჩხერისა და სოჭის მიმართულებით ბოლშევიკების წინააღმდეგ. ენგურთან ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ჯვრით, ხოლო სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში გამოჩენილი დამსახურებისთვის, წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ჯვრით. სამხედრო სკოლაში 1919 წელს ჩაირიცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, იყო იუნკერთა უფროსი კურსის საარტილერიო განყოფილების იუნკერი.
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზ თოხაძე ემიგრაციაში წავიდა. დაამთავრა საფრანგეთის სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი და ჩაირიცხა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პირველ პოლკში. დაამთავრა სატანკო და საავიაციო სასწავლებლები და სხვადასხვა დროს, სატანკო და საავიაციო ნაწილებში მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომამდე, თავი გამოიჩინა მაროკოსა და ალჟირში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში. მეორე მსოფლიო ომის დროს, მსახურობდა ინდოჩინეთში.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ, ნიკოლოზ თოხაძე ინდოეთში, მადაგასკარსა და ჩრდილოეთ აფრიკაში, ხოლო 1956 წელს, პარიზში, უცხოური ლეგიონის შტაბში მსახურობდა. თადარიგში, პოლკოვნიკის წოდებით, 1957 წელს გავიდა. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის საპატიო ლეგიონის სამი ორდენი. ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას. მისი თაოსნობით, 1957 წელს, პარიზში ჩამოყალიბდა ქართველ იუნკერთა კავშირი.
ნიკოლოზ თოხაძე 1975 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.