საქართველოს სამხედრო ისტორია
გიორგი ოდიშელიძე

გიორგი ოდიშელიძე 1898 წლის 6 თებერვალს, თელავში დაიბადა. 1917 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. ხუთი თვე მსახურობდა ქართული კორპუსის შტაბთან არსებულ ცხენოსან ასეულში. 1918 წლის აპრილში, მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ნატანებ-ჩოლოქის ბრძოლაში. ქართული კორპუსის დაშლის შემდეგ, მსახურობდა თელავის მაზრის სამხედრო ბეგარის უფროსის სამმართველოში. სამხედრო სკოლაში 1919 წელს ჩაირიცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, იყო იუნკერთა ქვეითი ასეულის ზემდეგი და ამავდროულად, უფროსი კურსის იუნკერი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, გიორგი ოდიშელიძე ემიგრაციაში წავიდა. დაამთავრა საფრანგეთის სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი და შემდგომ, უმაღლესი სატანკო სასწავლებელი. სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში, სატანკო და საინჟინრო ნაწილებში. მიღებული ჰქონდა არაერთი ჯილდო, მათ შორის, საპატიო ლეგიონის ორდენი. მეორე მსოფლიო ომამდე მეთაურობდა ბატალიონს. გერმანელების წინააღმდეგ, იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში და საფრანგეთის განთავისუფლებისათვის. 1944 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება. 1945 წლიდან მუშაობდა საფრანგეთის სამხედრო სამინისტროში. 1947 წელს გავიდა თადარიგში და ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ საქმიანობას.

გიორგი ოდიშელიძე 1970 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია პარიზის შატუს სასაფლაოზე.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები