საქართველოს სამხედრო ისტორია
ალექსანდრე ჯინჭარაძე

ალექსანდრე ჯინჭარაძე 1897 წლის 16 იანვარს, ოზურგეთში დაიბადა. 1917 წელს დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. 1917 წლის თებერვლიდან ჩაირიცხა რუსული არმიის 116-ე ქვეით სათადარიგო პოლკში. იმავე წლის მაისიდან, გადავიდა რუსული არმიის ქართულ დრაგუნთა პოლკში. 1918 წლის თებერვლიდან მსახურობდა ქართული საარმიო კორპუსის მე-2 საარტილერიო ბრიგადაში. მონაწილეობდა ოსმალთა წინააღმდეგ ასპინძის, ახალქალაქის და ციხის ჯვრის ბრძოლებში. ორჯერ დაიჭრა ტყვიით მარცხენა ხელში. მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს ომში, შულავერისა და სადახლოს ბრძოლებში, რისთვისაც დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ჯვრით. 1919 წლის ოქტომბერში, როგორც ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. სამხედრო სკოლაში 1920 წელს ჩაირიცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, იყო უმცროსი კურსის მე-2 განყოფილების ქვეითი იუნკერი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ალექსანდრე ჯინჭარაძე ემიგრაციაში წავიდა. დაამთავრა საფრანგეთის სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი და შემდგომ, ფონტენებლოს ცხენოსანი არტილერიის სკოლა. მსახურობდა ჩრდილოეთ აფრიკაში, საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. მეორე მსოფლიო ომის დროს, კაპიტნის წოდებით იბრძოდა ჩრდილოეთ აფრიკაში. 1940 წლის ივნისში დაიჭრა და გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ჯინჭარაძემ მაიორის წოდება მიიღო. მსახურობდა ახლო აღმოსავლეთში გაეროს სადამკვირვებლო მისიის ოფიცრად. 1952-1954 წლებში მეთაურობდა ბატალიონს. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით. 1954 წელს, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. 1955-1962 წლებში იყო ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს მდივანი. თანამშრომლობდა ქართულ, ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან.

ალექსანდრე ჯინჭარაძე, 1970 წელს, ნიუ-იორკში გარდაიცვალა.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები