საქართველოს სამხედრო ისტორია
ივანე ვაჩნაძე

ივანე ვაჩნაძე 1899 წლის 10 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ კარდენახში დაიბადა. 1917 წელს დაამთავრა ვორონეჟის კადეტთა კორპუსი. სამხედრო სკოლაში შესვლამდე, მსახურობდა ქართულ ჯარში, სამთო-ცხენოსან ბატარეაში. მონაწილეობდა სომხეთ-საქართველოს 1918 წლის ომში, სადაც სადახლოს ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ჯვრით დაჯილდოვდა. სამხედრო სკოლაში 1919 წელს ჩაირიცხა. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, იყო იუნკერთა უფროსი კურსის ცხენოსანი განყოფილების უფროსი პორტუპეი-იუნკერი.

საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, ივანე ვაჩნაძე ემიგრაციაში წავიდა. დაამთავრა საფრანგეთის სენ-მექსანის ქვეითთა სამხედრო სასწავლებელი და შემდგომ, სომიურის საკავალერიო სკოლა. მსახურობდა ტუნისში, საფრანგეთის უცხოური ლეგიონის პირველი საკავალერიო პოლკში, ესკადრონის უფროსად. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1940 წელს, გერმანიის წინააღმდეგ საფრანგეთში იბრძოდა და ტყვედ ჩავარდა, თუმცა ტყვეთა ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. ის ჯერ საფრანგეთის თავისუფალ ზონაში, ხოლო შემდგომ, ჩრდილოეთ აფრიკაში გადავიდა, სადაც გერმანელებთან ბრძოლა გააგრძელა და საფრანგეთის უცხოური ლეგიონის სადაზვერვო ესკადრონს მეთაურობდა. 1944 წელს, მონაწილეობდა საფრანგეთის განთავისუფლებაში, რისთვისაც საბრძოლო ჯვრით და საპატიო ლეგიონის ორი ორდენით დაჯილდოვდა. 1946 წლიდან მეთაურობდა ალჟირში, ქალაქ სიდი ბელ აბესში განლაგებულ საფრანგეთის უცხური ლეგიონის სპეციალურ ჯგუფს. 1951 წელს თადარიგში გავიდა და მას შემდგომ, სიცოცხლის ბოლომდე, სომიურის კავალერისტთა სკოლაში ასწავლიდა.

ივანე ვაჩნაძე 1976 წელს გარდაიცვალა. გაასვენეს სომიურის კავალერისტთა სკოლის დარბაზიდან, რომელსაც მისი სახელი ეწოდა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

304
გვერდების რაოდენობა
249
ბიოგრაფია
64
სამუზეუმო ექსპონატი
7
მეფეთა თოფები